ნებისმიერ მშობელს სურს, მისი შვილი გულისხმიერი ადამიანი გახდეს და თხოვნის ესმოდეს, იაზრებდეს არსებულ სიტუაციებს და პასუხისმგებლობას იჩენდეს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს უფროსების თხოვნა ეს არ ესმის და მათ სიტყვებს არაფრად აგდებს. ფსიქოლოგი იან ლუმანლანი მსგავსი ქცევის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე საუბრობს:
ბავშვს უბრალოდ არ სურს იმას მოსწყდეს, რასაც აკეთებს
დააყენეთ საკუთარი თავი ბავშვის ადგილზე. წარმოიდგინეთ, თქვენთვის ძალიან საინტერესო წიგნს კითხულობთ, მშვიდად ზიხართ და მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ. ამ დროს კი მოულოდნელად ქმარი მოდის და გეუბნებათ, რომ სასწრაფოდ ადგეთ და სასეირნოდ წაჰყვეთ. კარგი შეგრძნება იქნება? ალბათ, არა. ამიტომაც, თუკი სადმე მიდიხართ, რაიმე გაქვთ გასაკეთებელი, ბავშვი წინასწარ შეამზადეთ და გააფრთხილეთ, რომ უნდა წახვიდეთ. როდესაც მოულოდნელად გამოუცხადებთ, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოს ის, რასაც აკეთებს და თქვენი თხოვნა გაითვალისწინოს, ხშირად ამ თხოვნას უგულებელყოფს.
შესაძლოა, ნამდვილად არ ესმოდეს
ბავშვები ზოგჯერ იმდენად გატაცებით, მთელი მონდომებითა და ყურადღებით არიან თამაშში ჩართულნი, რომ შესაძლოა, თქვენი დაძახება, რაიმეს თხოვნა, მართლა არ ესმოდეთ. მეტიც, შესაძლოა, გიყურებდეთ, მაგრამ ფიქრებით მაინც იმ თამაშისკენ იყოს გადართული.
დროს ვერ შეიგრძნობს
მცირეწლოვანი ბავშვისთვის ფრაზა: “10 წუთში უნდა წავიდეთ” შესაძლოა, სრულიად აბსტრაქტულად ჟღერდეს, რადგანაც მათ ასე დროის გაანგარიშება და საათის ცნობა არ იციან. ამიტომ, შეგიძლიათ, ვიზუალური ტაიმერი გამოიყენოთ. მაგალითად, საათზე აჩვენოთ, ისარი რომელ რიცხვამდე უნდა მივიდეს, რომ წასვლის დრო მოვიდეს. ასე ბავშვი წინასწარ შემზადებულიც იქნება და როცა წასვლის დრო მოვა, აღარ გააპროტესტებს.
არ ახსოვს, რომ რაღაც უნდა გააკეთოს
მცირეწლოვანი ბავშვები ერთდროულად მიცემულ ინსტრუქციებს იშვიათად იმახსოვრებენ. ამიტომ, რაც უთხარით, შესაძლოა გადაავიწყდეთ და ამის გამო ვერ შეასრულონ. შეეცადეთ, თქვენი დავალებები ნაბიჯ-ნაბიჯ გადაუნაწილოთ, რომ დროსა და სივრცეში ორიენტაცია შეძლონ.
ბავშვი მიჩვეულია, რომ ჯერ უნდა უყვირონ, შემდეგ კი ის გააკეთოს, რასაც უფროსები ითხოვენ
სამწუხაროდ, ზოგიერთ ოჯახში ბავშვების მიმართ ძალადობრივი აღზრდის მეთოდები კვლავ გამოიყენება და მშობლები ფიქრობენ, რომ თუ ბავშვს არ უყვირებენ, ის დაკისრებულ საქმეს არ შეასრულებს. ბავშვიც ეჩვევა მსგავს მდგომარეობას და მხოლოდ მაშინ ასრულებს მათ თხოვნას, როცა უყვირიან.
წყარო: https://mshoblebi.ge/
სხვა სიახლეები