აღზრდის მნიშვნელობა საყოველთაოდაა აღიარებული და ითვლება, რომ ადამიანში თითქმის ყველა თვისებას ის განსაზღვრავს. მშობლები, როგორ წესი, შვილებს მორალურ პრინციპებს უნერგავენ, რაც საბოლოო ჯამში მათ ხასიათს აყალიბებს. ასევე, ცდილობენ, შვილების გონებრივი შესაძლებლობები განავითარონ. გარდა ამისა, ვიცით, რომ ოჯახში კვებითი ქცევები ბავშვის ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება. თუ ძალიან ბევრ გემრიელობას ჭამთ, გიყვართ სწრაფი კვების პროდუქტები, მაშინ არის რისკი, რომ მომავალში თქვენს შვილს ჭარბი წონის პრობლემა შეექმნას.
აღზრდის შესახებ არაერთი წიგნი დაიწერა. ახალგაზრდა დედებიც ხშირად ეძებენ აქტუალურ შეკითხვებზე პასუხს. ინტერესდებიან, როგორ შეუძლიათ ბავშვს მათემატიკისა
თუ შემოქმედებითობის უნარი განუვითარონ. შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და სწავლისადმი სიყვარული მშობლებმა შესაძლოა შვილებს ადრეული ასაკიდანვე ჩაუნერგონ და ამით უზარმაზარი გავლენა მოახდინონ მათ მომავალ წარმატებაზე, მაგრამ, ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ადამიანის ზოგიერთ თვისებაზე სწორედ გენებია “დამნაშავე”. ნუთუ აღზრდის სტილი ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის და მშობლები ვერაფრის შეცვლას შეძლებენ? რა თქმა უნდა, არა, ასე არ არის და ადამიანურ ძალისხმევაზე ძალიან ბერი რამაა დამოკიდებული, მაგრამ ჩამოთვლილ 5 საკითხზე გენები თავის წილ, საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას იღებენ.
წონა
დიახ, სიგამხდრე და სიმსუქნე მემკვიდრეობითია და მოგვწონს ეს თუ არა, ოჯახში კვებითი ჩვევები ბავშვის წონაზე გავლენას ვერ მოახდენს, როცა ის დამოუკიდებლად დაიწყებს ცხოვრებას.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა კონკრეტული გენი, რომელიც წონის მატებაზეა პასუხისმგებელი. ისინი ერთსა და იმავე რაოდენობის საჭმელს ჭამდნენ, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული გენის მატარებელი თაგვები იმატებდნენ წონაში.
გარდა ამისა, ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ბავშვს ზედმეტი წონა ბავშვობაში ექნება თუ ზრდასრულ ასაკში, გენეტიკურად ესეც წინასწარაა განსაზღვრული. ეს ინფორმაცია შესაძლოა გამოგადგეთ იმ შემთხვევაში, როცა გაგიკვირდებათ, ადამიანი ძალიან ბევრს რომ ჭამს და წონაში არ იმატებს. მათ კი, ვისაც გენეტიკურად აქვს სიმსუქნისკენ მიდრეკილება დიეტა და სპორტი გამოადგებათ, მაგრამ მთელი ცხოვრება მოგიწევთ, ზედმეტ კილოგრამებს ებრძოლოთ.
ცხოვრებით ტკბობის უნარი
ამერიკელმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება 50%-ში მემკვიდრეობითია. ასევე, ამერიკელი მეცნიერი, სოციოლოგი არტურ ბრუკსი ამტკიცებს, რომ იმით ტკბობის უნარი, რაც გვაქვს, 50%-ში მემკვიდრეობითია. მიმდინარე მოვლენებზე 40%-შია დამოკიდებული ცხოვრების ხალისი და დარჩენილ 10%-ში კი ადამიანის ინდივიდუალურ განწყობაზეა დამოკიდებული, ანუ ვინ როგორ უყურებს პრობლემას.
მაგრამ, იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილებიც ყველაფრით უკმაყოფილოები არიან, კარგი ამბავი გვაქვს. კვლევები ამტკიცებს, რომ წუწუნი გენეტიკურად თანდაყოლილი თვისებაა და ის არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვს მშობლებისგან სიყვარული აკლია ან რაიმე სახის წყენა აქვს.
ასე, რომ თუ თავს უბედურად გრძნობთ, მაინცდამაინც მშობლებს ნუ დაადანაშაულებთ.
ბედნიერება – მემკვიდრეობითი გრძნობაა
ბედნიერი მშობლები თავის შვილს ბედნიერების განცდის უნარს გენეტიკურ დონეზე გადასცემენ. ამას დოქტორი ალბერტო ბუკეის კვლევაც მოწმობს. მკვლევრის აზრით, ბედნიერების განცდის უნარი გენეტიკურადაა დაპროგრამებული და დაბადების შემდეგ, აღზრდის პროცესში არ ვითარდება. ცნობილია, რომ მშობლების ქცევა ბავშვის ხასიათსა და აღქმაზე მოქმედებს.
ხასიათი
რა თქმა უნდა, არავის ცდილობს, რომ ცუდი შვილი, ცუდი ადამიანი გაზარდოს, მაგრამ ჩვენ ირგვლივ მაინც უამრავი ბოროტმოქმედია. მაშ, რისი ბრალია ეს, მხოლოდ ცუდი აღზრდაა დამნაშავე?
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გენები ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს, თუმცა როგორ, ეს ჯერ უცნობია. უამრავი შემთხვევაა, როცა ნაშვილები ბავშვი სულ სხვანაირი იზრდება, ვიდრე მიმღები ოჯახია. აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი და ქცევა აქვს, ვიდრე მშვილებელ დედას ან მამას. თუმცა, ჯერჯერობით ვერც ერთი გენეტიკური ტესტი ვერ დაგვეხმარა გაგვეგო, რომელი გენია პასუხისმგებელი წესრიგისა და სისუფთავისადმი სიყვარულზე.
ბიოლოგიას კრიმინალური ქცევის ახსნა შეუძლია? ამ თემაზე 100-ზე მეტი კვლევაა ჩატარებული, რომლის მიხედვითაც გენეტიკური მიდრეკილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს მემკვიდრეობით მიღებული ასეთი თვისებები, არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გახდება მკვლელი ან ქურდი. სწორედ აქაა აღზრდა მნიშვნელოვანი. თუ მშობლები დროულად შენიშნავენ შვილის ცუდი საქციელისკენ მიდრეკილებას, შეუძლიათ სრულად შეცვალონ მისი ქცევა. თუ ძალადობისკენაა მიდრეკილი, შეიყვანონ კრივზე ან კარატეზე.
განათლება
გენები, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის დასწავლის უნარსა და ინტელექტზე მოქმედებს. 2013 წელს ბრიტანელმა მკვლევარებმა 11 ათასზე მეტი იდენტური და არაიდენტური ტყუპი გამოიკვლიეს, რომელთა ასაკიც 16 წელი იყო. აღმოჩნდა, რომ სწავლის ხარისხზე გენები უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე კვალიფიციური მასწავლებლები, ძლიერი სკოლა თუ მკაცრი მშობლები.
ერთ-ერთი ამერიკული შვილად აყვანის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ის ბავშვები, რომელთა მშვილებელ დედას უმაღლესი განათლება აქვს, 7%-ით მეტი ალბათობით უფრო ამთავრებენ უნივერსიტეტს, ვიდრე ის ბავშვები, რომელთა მშვილებელ დედას საშუალო განათლება აქვს. ეს მონაცემი ბიოლოგიური მშობლების მონაცემს შეადარეს, სადაც აღმოჩნდა, რომ 7%-იანი სხვაობა 26%-მდე იზრდება.
აღზრდა
დიახ, ბავშვებში არსებულ გენებს, რაც არ უნდა უცნაური იყოს, აღზრდაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. რაც იმას ნიაშნავს, რომ დედისა და მამისაგან გადაცემული გენები განაპირობებს იმას, თავად როგორი მშობლები იქნებიან და როგორ მოექცევიან შვილებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებიც გასათვალისწინებელია.
რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს გენები, საკუთრივ აღზრდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მეთოდები ძირითადად დამოკიდებულია არა მშობლების ხასიათზე, არამედ ბავშვის ხასიათზე, რადგანაც არ არსებობს აღზრდის უნივერსალური მეთოდი, რომელიც ყველას მოერგება. ამიტომ, მშობლები უნდა ცდილობდნენ ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინონ და რაც გამოსასწორებელია, აღზრდით გამოასწორონ.
წყარო: https://www.mshoblebi.ge