5 წლის ბიჭის ისტორია, რომელსაც სახე არ ჰქონდა

324
SHARE

 

რუსტამი ხუთი წლის არის. ის მარჯვენა ფეხის გარეშე დაიბადა. დაბადებისას, სახეზე – იქ, სადაც ცხვირი და პირი უნდა ჰქონოდა, დიდი ნაპრალი ჰქონდა. დედამ ის ბავშვთა სახლში დატოვა. იქ ცხოვრების დროს, ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს, რათა მისი სახე უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო. ის, ერთი წლის წინ, მოსკოველმა წყვილმა იშვილა და ახლა რუსტამი სოციალური ქსელების პოპულარული გმირია. ინსტაგრამში მას 97 ათასი გამომწერი ჰყავს. რუსტამის დედა, რომელმაც ის ბავშვთა სახლიდან იშვილა, მისი ახალი სიცოცხლის შესახებ, სიახლეებს და პროგრესს საზოგადოებას მუდმივად უზიარებს.
რუსტამის ისტორია ბევრი ადამიანისთვის შთაგონებად იქცა.
ბავშვთა სახლში ყვებიან, რომ რუსტამი სიცოცხლის დასაწყისში ხშირად იყო საავადმყოფოში – ექიმები მისი სახის შეცვლას ცდილობდნენ. ერთხელ მან, შუშის ნივთში თავისი სახე დაინახა და იმდენად შეეშინდა, რომ კარგა ხანს იმალებოდა საბნის ქვეშ. ორ წლამდე მას სპეციალური საწრუპავით აჭმევდნენ, რადგან სხვანაირად საკვებს ვერ მიიღებდა. 4 წლამდე ის ხოხვით გადაადგილდებოდა, რადგან მას სიარულს არავინ ასწავლიდა. იმდენად გაუგებრად ლაპარაკობდა, რომ მისი მხოლოდ აღმზრდელებს ესმოდათ.
ნიკა და იურას პირველი ქორწინებებიდან შვილები ჰყავთ. ნიკა ზლობინას თქმით, მას სწორედ ბავშვთა სახლიდან სურდა პატარის აყვანა, თანაც ისეთის, რომელსაც სპეციალური საჭიროება ექნებოდა. მას უნდოდა, რეაბილიტაციაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარებოდა ასეთ ადამიანს. ნიკამ რუსტამის ისტორია ერთ-ერთ საიტზე წაიკითხა. მაშინ ბიჭი 4 წლის იყო. ცოლ-ქმარი ჩავიდა ქალაქ ჩერეპოვეცში და რუსტამი მოძებნა. პირველი კონტაქტის დასამყარებლად, მას უამრავი რბილი სათამაშო მიუტანეს, თუმცა ბიჭი იმდენად ნერვიულობდა, რომ ტირილს არ წყვეტდა. „ მდგომარეობის განმუხტვა მხოლოდ სათამაშო კურდღელმა შეძლო. რუსტამმა ის ხელში აიღო, ღილაკს დააჭირა და როცა კურდღელმა მთელი ხმით სიცილი დაიწყო, ბავშვი იმდენად ბედნიერი აღმოჩნდა, რომ თვითონაც სიცილს ვერ წყვეტდა.“ ამის მერე მასთან კონტაქტი გაადვილდა, ბავშვი გაუგებრად, მაგრამ ალაპარაკდა. ნიკამ და იურამ კი, მის შვილად აყვანაზე თანხმობას ხელი მოაწერეს.
თავდაპირველად მას ყავარჯნებით სიარული ასწავლეს. თავიდან რამდენიმე წამის განმავლობაშიც კი ვერ იკავებდა წონასწორობას, თუმცა, დროთა განმავლობაში, ამასაც მიეჩვია. ექიმები ამბობდნენ, რომ მისი აღნაგობის თავისებურებიდან გამომდინარე, პროთეზი არ დაუმაგრდებოდა, რადგან თეძოს მოტეხვის რისკი არსებობდა, თუმცა ოჯახმა ეს პრობლემაც მოაგვარა. პროთეზი გაკეთდა და რუსტამმა არამარტო სიარული, არამედ თხილამურებზე დგომაც ისწავლა. ის მუდმივი ზრუნვის ქვეშ და ვარჯიშის რეჟიმშია. ის საცხენოსნო სპორტზე დაყვთ, დელფინებთან ერთად ცურავს, ლოგოპედთან მეცადინეობს და მისი საუბარიც უფრო გასაგები გახდა.
იანვრიდან ის საბავშვო ბაღში წავიდა. თავიდან ბავშვებთან ურთიერთობას ერიდებოდა, თუმცა ნელ-ნელა ისინი ერთმანეთს მიეჩვივნენ და ახლა მეგობრებიც ჰყავს. როგორც დედა ამბობს, ყოფილა შემთხვევები, როცა ქუჩაში მისი გარეგნობის გამო დაუცინიათ, თითით უჩვენებიათ მისი მიმართულებით. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, დედამ „ფლეშმობი“ წამოიწყო სახელწოდებით „მე სულის დანახვას ვსწავლობ“, რომელმაც უამრავი გაზიარება და გამოხმაურება გამოიწვია.
ახლა რუსტამი სოციალურ რეკლამებშიც მონაწილეობს, გადაღებები მისი თვითშეფასების უნარის ამაღლებას ეხმარება. როგორც დედა ამბობს, ადრე ძალიან დათრგუნული და ჩაკეტილი იყო, ახლა კი პირიქით, მხიარული და ურთიერთობებისთვის ღია ბავშვი გახდა.
მის მშობლებს იმედი აქვთ, რომ შეძლებენ არამარტო ბედნიერი შვილის გაზრდას, არამედ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას.

 

 

 

FB კომენტარები

კომენტარი