“43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანმდევი დაავადებაო, აუჩემებიათ” – ნათია ფანჯიკიძე
კორონავირუსით 43 წლის ადამიანი გარდაიცვალა – აღნიშნულს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება:
“43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანმდევი დაავადებაო, აუჩემებიათ. ჯერ ერთი, რომ თითო რაიმე დაავადება ადამიანების თითქმის 99% -ს აქვს. რა სულელური ფორმულირებაა ეს, ან თავის დასამშვიდებლად რანაირად გამოდგება, ვერ გავიგე ვერაფრით.
კარგი, შენ არ გაქვს თანმდევი დაავადება და გადარჩი, მაგრამ მარტო ხომ არ ხარ ამ ქვეყანაზე?!
ჩემ სიკვდილს სულ არ აღვიქვამ ტრაგედიად, ეგ იმან იდარდოს, ვისაც დავაკლდები. ჩემი ტრაგედია ყველა სხვა ადამიანის გარეშე ყოფნით მწვავდება, ვინც მიყვარს და როდესმე მყვარებია.
ისიც გასაგებია, რომ საფრთხის არდაჯერება ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმია და კი ბატონო, ვისარგებლოთ ამ მექანიზმითაც, მაგრამ, მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა საფრთხის რეალურობის, არანაირი განსაკუთრებული სირთულე არ არსებობს არც ხელების დაბანაში და არც – ხალხმრავალ ადგილებში თვით ამ აუტანელი პირბადის ტარებაში”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.