41 ლარი „რუსთავი2“-ის დასახმარებლად – ტელეკომპანიას „სამარის ქვაზე ოქროს ასოებით წარწერისთვის შესაწირი“ თანხა გადაურიცხეს
სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც ასახულია „რუსთავი 2“-ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი. უცნობმა პირმა ტელეკომპანიას სიმბოლურად 41 ლარი გადაურიცხა და დანიშნელებაში მიუთითა: „სამარის ქვაზე ოქროს ასოებით წარწერისთვის შესაწირი“.
ტელეკომპანიამ საზოგადოების მხრიდან დახმარება გუშინ ითხოვა. სპეციალური განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
“ძალიან მერიდება ამას რომ ვაკეთებ, მაგრამ პირველად მინდა გთხოვოთ დაეხმარეთ „რუსთავი 2-ს“, ჩვენთვის 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დაეხმარეთ „რუსთავი 2“-ს და მისი სახით ამ ქვეყანაში პლურალისტური მედიის და თავისუფალი აზრის შენარჩუნებას. ერთი ლარიც კი, ჩარიცხული ამ ანგარიშზე არის სერიოზული ინვესტიცია თქვენი შვილების მომავალში. ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ ყოველთვის და ყველგან დავიცავთ თქვენს ინტერსებს, პირველ რიგში ხელისუფლებასთან და არასდროს დაგტოვებთ მარტო პირისპირ მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელსაც დღეს ქართული დემოკრატიისთვის განაჩენი გამოაქვს“, – ამ სიტყვებით მიმართა არხის გენერალურმა დირექტორმა მოსახლეობას.