“ახალგაზრდა ქალი, ლია ზაალიშვილი ჩემ თვალწინ კვდება და დამხმარე არავინ ჰყავს”
“ისეთი მდგომარეობა დამხვდა, დღესაც შიშის ზარი მიპყრობს, – საჭმელის ნარჩენები და ათასი სიბინძურე ერთად ეყარა, ქალს ეძინა, ბავშვები კი უმეთვალყუროდ საცოდავად იყვნენ მიყრილები”
რედაქციაში ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალის ექიმმა ნინო კოჭლამაზაშვილმა მოგვაკითხა და უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების სულისშემძვრელი ამბავი მოგვიყვა. ეს ერთი ოჯახის ნელი სიკვდილის ისტორიაა, რომლის შესაჩერებლად სოფლის ექიმმა ყველა პირადი საზრუნავი გვერდზე გადადო და ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს მათ გადასარჩენად… ჯერჯერობით მისი მცდელობა შედეგს ვერ იღებს, თუმცა ახლა ჩვენი და ჩვენი მკითხველის დახმარების იმედზეა. დღეს ამ სოფლის მკვიდრი ორი მცირეწლოვანისა და მათი დედის ბედი, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა…
ნინო კოჭლამაზაშვილი:
– ეს ისეთი მძიმე ამბავია, ცრემლების გარეშე ლაპარაკიც არ შემიძლია, არ მინდოდა თქვენი შეწუხება, ვცდილობდი, ჩვენთან იმ ცალკეული ადამიანებისთვის მეთხოვა დახმარება, ვისაც მატერიალურად თუნდაც მცირე სახსრის გაღება შეუძლია, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, არადა, მდგომარეობა უკვე ძალიან დამძიმდა… იმ სოფელში, სადაც ვმუშაობ, ახალგაზრდა ქალი, ლია ზაალიშვილი ჩემ თვალწინ კვდება და დამხმარე არავინ ჰყავს; თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რაიმე გავაკეთო, როგორმე შევუმსუბუქო ამ ხალხს ცხოვრება. სოფელში მისული თავიდანვე გამაოგნა ამ ოჯახის გაჭირვებამ – ლია, თვეების ბავშვთან ერთად, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მალე ლიამ მეორე ბავშვიც გააჩინა და, კიდევ უფრო გართულდა მათი მდგომარეობა, მაგრამ რაც ახლა აქ ხდება, იმის აღწერაც არ შეიძლება, – მთელი ოჯახი ავად არის… ლია, ფაქტობრივად, უკანასკნელ დღეშია და ხელის შემშველებელი არავინ ჰყავს. ერთი მოხუცი დედა ჰყავს, რომელიც სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და, როგორც შეუძლია, ეხმარება შვილს.
– ბავშვებს მამა არ ჰყავთ?
– სამწუხაროდ, მამა არცერთს არ ჰყავს. სოციალური დახმარება აქვთ, რითაც ეს საბრალო ქალი, როგორც შეეძლო, შვილებს ისე უვლიდა, – მართალია თავისებური ხასიათი აქვს, ფაქტობრივად, შრომისუუნაროა, მაგრამ ბოლო დრომდე ბავშვებისთვის ლუკმის მიწოდებაც შეეძლო და წყლის მიცემაც. ახლა კი ესეც აღარ შეუძლია, 2 თვეა საწოლიდან ვეღარ დგება. თუმცა ეს ერთადერთი უბედურება როდია ამ ოჯახში. ჯერ 4 წლის მინდიას საბავშვო ბაღში ტუბერკულოზი შეეყარა, 2 წლის ნათია კი ამ ცოტა ხნის წინ შიმშილისაგან გაითიშა, რის შემდეგაც რამდენიმე კვირა აპარატზე იყო მიერთებული. ბავშვი კი გადარჩა საავადმყოფოში და კიდეც გამოკვებეს, მაგრამ აპარატურაზე ხანგრძლივად მიერთებისაგან მოძრაობის უნარი დაკარგა. სავარაუდოდ, გოგონას ამ სიმპტომებმა უნდა გაუაროს, მინდიამაც მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელება დაიწყო, მაგრამ იმ პირობებში, რა პირობებშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ, მეეჭვება, რომ მათი ჯანმრთელობა ბოლომდე აღდგეს.
– მართლაც, გაუგონარ ამბავს ჰვებით, ან საბავშვო ბაღში როგორ დაავადდა ბავშვი ტუბერკულოზით, ან გოგონა რატომ შიმშილობდა?
– რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ეს ცალკე ისტორიაა და ამ სიტუაციაში ამ თემის განვრცობა მართებულად არ მიმაჩნია; ნათიას შიმშილობა კი უამრავ უმძიმეს ფაქტორთან არის დაკავშირებული – ამჯერად ბავშვების დედაა გადასარჩენი, მას მუცელში წყალი ჩაუდგა და წონაში კატასტროფული კლება დაიწყო, ბოლო პერიოდში 30 კილოგრამი დაკარგა, რის შემდეგაც ისე დასუსტდა, რომ თურმე განუწყვეტლივ ეძინა, ბავშვები კი უპატრონოდ ჰყავდა მიშვებულები, მშივრები, მწყურვალები და მოუვლელები.
– ამ დროს ბებია სად იყო?
– ბებია ცალკე ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, იმიტომ, რომ სკოლაში სამსახური არ დაეკარგა, ავადმყოფ შვილს თავზე ვერ დაადგა; ვერც კი ხვდება, მის შვილს რამდენად მძიმე დაავადება სჭირს; მოკლედ, დილით დაუძახებდა 4 წლის მინდიას, მისცემდა რაიმე საჭმელს და ეტყოდა, – წაიღე და დედაშენსა და დას აჭამეო. ამ დროს დედას ეძინა, ხოლო ბავშვი რას უშვრებოდა ამ საჭმელს, კიდევ საკითხავია. როცა ქალის მდგომარეობა გავიგე, მივედი… ისეთი მდგომარეობა დამხვდა, დღესაც შიშის ზარი მიპყრობს, – საჭმელის ნარჩენები და ათასი სიბინძურე ერთად ეყარა, ქალს ეძინა, ბავშვები კი, უმეთვალყურეოდ, საცოდავად იყვნენ მიყრილები. ლია გავაღვიძე, ძალიან უხეშად დამიწყო ლაპარაკი, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მას ზოგადად უჭირს ადამიანებთან კონტაქტი; მაგრამ ბავშვებს ხელი მოვკიდე და ბებიას გადავუყვანე. იქ ის მოხდა, რამაც ლამის ფსიქიკა შემირყია, – 2 წლის ბავშვმა უზარმაზარ ჭიქას დაავლო ხელი და სამი ჭიქა დალია; მივხვდი, რომ დედა ბავშვებს წყალსაც არ ასმევდა. ბებიას ვუთხარი, ბავშვი შენთან დაიტოვე-მეთქი; მან კი თურმე ისევ დედასთან წაიყვანა, – ტირის და არ ჩერდებაო. სულ ორიოდე დღეში მოხდა ეს უბედურება, – მშიერ ბავშვს ტემპერატურამ აუწია და იატაკზე დაეცა; შეშინებული მისი 4 წლის ძმა ბებიასთან გაიქცა, – ნათია ცუდად არისო. ბავშვი საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც გადაარჩინეს და გამოკვებეს კიდეც.
ახლა მთავარია, ბავშვების დედა გამოვიყვანო მდგომარეობიდან. მათ არაფერი აქვთ, სოციალური დახმარებაც კი წინასწარ აქვთ აღებული… რის სახსრებიც პირადად მქონდა, იმის დახმარებით, ადგილობრივ ექიმებთან მივიყვანე და, სავარაუდოდ, საკვერცხის კიბო უნდა ჰქონდეს.
იხ. სრულად: http://www.kvirispalitra.ge