“38 კილო ვარ… ეს ტრაგედიაა და მტერსაც არ ვუსურვებ” – 16 წლის გოგო კვებით აშლილობაზე

16 წლის ნინო ცქიტიშვილმა ჟურნალ “სარკეს” თავისი პრობლემის შესახებ წერილი გაუგზავნა, სადაც მოზარდმა მის რთულ სიტუაციაზე დეტალურად ისაუბრა:

“კვებითი აშლილობა – ეს ფსიქიკის მოშლაა, სულის განადგურებაა, საკუთარი ნებით საკუთარი სხეულის სამსხვერპლოზე მიყვანაა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რაც კი დედამიწის ზურგზე სისასტიკე არსებულა, ერთად აღებული ყველა სისასტიკე ვერ გადაწონის მის ბოროტებას. ის, რაც შენს თავს უნდა დამართო, ვერ წარმოიდგენ, რაოდენ მწარედ შესაგუებელია შენ გვერდით მყოფი ადამიანებისთვის.

ბავშვობაში ვიყავი გამხდარი, აქტიური და დაუღალავი. 11-12 წლიდან წონაში მოვიმატე. მოზარდობის პერიოდში გადატანილი სტრესი ბიძგია იმის, რომ კვებითი აშლილობა დაგემართოს. ვარჯიშობ, მიმართავ დიეტებს, იკვებები არასრულფასოვნად, იწყებ შიმშილს და იბრძვი მიზნის მისაღწევად, ოღონდ ჭარბი წონა მოიშორო.

გატაცებული ვიყავი კალორიების დათვლით, საკვების შერჩევით, ვარჯიშებით. დღემდე მაქვს ჩემი ძველი დღიური, რომელიც მთელი დღის საკვებს, წონის დაკლებასა და კალორიებს ეხებოდა. ამაზე უფრო საინტერესო ჩემთვის არაფერი არსებობდა.

ამ დროს წონას ემშვიდობები, მაგრამ ისე ნადგურდები, ამას უკვე ვეღარ ხვდები. სიგამხდრის უკიდურეს ზღვარზეც რომ იყო, შენ ამას სილამაზედ აღიქვამ. შინ ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლის მეშინოდა, არ მინდოდა, მეგობრებს შევხედროდი მარტო იმიტომ, რომ სადმე კაფეში წასვლა არ შემოეთავაზებინათ.

ჩემი წონა 38 კგ გახდა. ჩემი სხეულის მასის ინდექსი ზღვარს ჩამოსცილდა, აქეთ-იქედან წამოსული ხმები – შენ ძალიან გახდი, ჩონჩხს ხომ არ უნდა დაემსგავსო – მოსვენებას მიკარგავდა.

კვებითი აშლილობა საშინელი გამოცდილება იყო ჩემთვის. ეს ტრაგედიაა და ამას მტერსაც არასდროს ვუსურვებ.

მინდა, ხმამაღლა ვიყვირო ამ საშინელებაზე, მინდა – ხმა მივაწვდინო ყველა იმ ადამიანს, ვის სულშიც ამ სივერაგეს მოუნდომებია შეღწევა. ჩემო მეგობრებო, ნუ დაუმეგობრდებით ამ სნეულებას, ნუ გაინადგურებთ სულს და სხეულს.

ეცადეთ, ღრმად არ ჩაგითრიოთ ჭაობმა”, – წერს მოზარდი.

კომენტარები

სხვა სიახლეები