“33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია და არც – შვილი” – ვინ არის “გლოვოს” კურიერი, რომელიც გუშინ ავარიას ემსხვეპლა
გუშინ, 29 აპრილს, ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე თბილისში “გლოვოს” კურიერს ავტომობილი დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ჟურნალისტი, ელა ლიონიძე აქვეყნებს:
“გუშინ, ეწ. კომენდანტის საათის ამოწურვას 15 წუთი რომ აკლდა, “გლოვოს” კურიერს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ხოდა, ეგ კურიერი, მე რომ სამსახურში ყოველ დღეს ვუყურებდი, ის მოღიმარე ბიჭი აღმოჩნდა… დიტო, ჩვენ წინ ფეხსაცმელებს კერავდა. რა უნდა გეთხოვა, რომ არ დაგხმარებოდა… სულ მოღიმარე იყო და მის მოყოლილ სასაცილო ისტორებზე გადაბჟირებები გვჭირდა ხოლმე… 33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია და არც – შვილი… ბოლოს სკუტერი იყიდა. ამ კორონას გამო მსოფლიო რომ გაჩერდა, ფეხსაცმელებიც გაჩერდა და “გლოვოში” დაიწყო მუშაობა… ხოდა, იმიტომ, რომ ვიღაცას სახლში მიესწრო, იმიტომ, რომ ის ვიღაც ჯარიმას გადარჩენოდა და კიდევ ბევრი საჯანდაბე იმიტომ ჰქონდა ეტყობა იმ ვიღაცას, გზაზე ასე რომ მიატოვა და გაიქცა. სამსახურში როცა დავბრუნდები, ეს ბევრ “იმიტომს” შეწირული ბიჭი იქ ვეღარ დამხვდება და ვეღარ გამიღიმებს… გამკაცრებული წესები, ალბათ, საჭიროა, მაგრამ ის ხანდახან უფრო მეტ სიცოცხლეს იწირავს… თუ ერთი გადაარჩინე, მაგრამ ამით ბევრს ავნე, მაშინ, რა აზრი აქვს ასეთ წესს?”, – წერს ჟურნალისტი.