3 რᲩევა ტიტულოვანი სპორტსმენისგან – პანდემია პანაცეა არ არის!

ქართველი მოკრივე მძიმეწონით კატეგორიაში, საქართველოს სამგზის ჩემპიონი
ახალგაზრდებში, მსოფლიოსა და ევროპის ფინალისტი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გიორგი ჭიღლაძე, პანდემიის პირობებში, მოსახლეობას სამ რჩევას აძლევს.

როგორც “სპორტის სახლის” გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათვამი, ჭიღლაძეს აზრით პანდემია პანაცეა არ არის!

“როგორც ყველა სპორტსმენისთვის, 2020 ფსიქოლოგიურად ჩემთვისაც რთული იყო. ნამდვილად არ არის მარტივი, უარი თქვა ცხოვრების ჩვეულ რიტმზე, შეეგუო ახალ გამოწვევებს, შეზღუდვებს, გაიაზრო რომ ტურნირები, შეჯიბრებები, ჩემპიონატები გაუქმებულია… თუმცა, მჯერა, რომ 2021-ში პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს დავძლევთ და ცხოვრების ნორმალურ რიტმს მალე დავუბრუნდებით.

“მანამდე კი, ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს, რამდენიმე მოკრძალებულ რჩევას მივცემ:
პანდემია პანაცეა არ არის! გამოსავალი ყოველთვის შეიძლება მოვძებნოთ. პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდეთ პანიკაში, სტრესით აუცილებლად მოიზიდავთ ნეგატივს, მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება!

ნუ იქნებით უმოქმედოდ! დასახეთ დროში გაწერილი გეგმა, ნებისმიერი საქმე, რომელსაც ექნება მიზანი და ორიენტირებული იქნება შედეგზე. ყოველდღიურად შეასრულეთ ის დავალებები, რომლებიც საბოლოო შედეგამდე მიგიყვანთ. წარმოიდგინეთ პაზლი, რომელიც რაღაც დროის მონაკვეთში უნდა ააწყოთ, რათა საბოლოო სურათი მიიღოთ. იხელმძღვანელეთ ამ პრინციპით. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ რთული პერიოდის გადალახვაში, გამოგიმუშავდებათ ნებისყოფა და რეალურადაც, თქვენი ყოველდღიურობა სასურველ შედეგზე იქნება ორიენტირებული.

დაკავდით ჯანსაღი ცხოვრების წესით, აუცილებელია სპორტული აქტივობა! მერე რა, რომ დღეს ფიტნეს კლუბები, დარბაზები დახურულია. თქვენ, ამ სიტუაციაშიც კი უამრავი შესაძლებლობა გაქვთ – ივარჯიშეთ სახლის პირობებში, ღია ცის ქვეშ, გაიჯანსაღეთ ორგანიზმი….ასეთ დროს თქვენი ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს, ის რაც დღეს თქვენ და თქვენს გარშემომყოფებს აუცილებლად გჭირდებათ! ჩვენ ერთად აუცილებლად გადავლახავთ ყველა სირთულეს! წარმატებებს გისურვებთ, – აცხადებს გიორგი ჭიღლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები