დღეს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. 12:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე კულტურული ღონისძიებები დაიწყება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ფასადი გაფორმდა ბანერებით, რომელზეც წარმოდგენილია პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების ფოტოები; სასტუმრო „მარიოტიდან“ ოპერისა და ბალეტის თეატრამდე ტროტუარი მოიხატა საზოგადო მოღვაწეთა ცნობილი გამონათქვამებით, ამონარიდებით კონსტიტუციიდან და ჰიმნიდან;
განთავსდა ინფორმაციული კონსტრუქციები, ე.წ. პილონები, ქართველ ხელოვანთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა გამოსახულებებით.
დღეს რუსთაველის გამზირზე მოეწყო 3 არტ-კაფე, რომლებშიც განთავსებულია ხელით მოხატული ავეჯი: ფორტეპიანო, მაგიდა, სკამები და სხვა.
არტ-კაფეებს მთელი დღის განმავლობაში ქართველი ხელოვანები ესტუმრებიან. კერძოდ, კი სასტუმრო „მარიოტის“ წინ მოწყობილია „კაფე-მხატვრობა“, სადაც მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ კონსერვატორიის სტუდენტები და ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები.
კაფეს გარშემო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მოლბერტებზე დახატავენ. რუსთაველის თეატრის მიმდებარედ მოწყობილ „კაფე-თეატრში“ მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენენ ასევე კონსერვატორიის სტუდენტები და ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები.
თეატრისა და კინოს მსახიობები წაიკითხავენ ლექსებს, შეასრულებენ სიმღერების პოპურის ქართული ფილმებიდან და სპექტაკლებიდან. რაც შეეხება ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ მოწყობილ „კაფე-ოპერას“ აქ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ კონსერვატორიის სტუდენტები, სოლისტები (ფორტეპიანო და სიმებიანი საკრავები), ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები.
გავრცელებული ინფორმაციითღ, თეატრალური უნივერსიტეტის წინ მოწყობილ სცენაზე სტუმრებისთვის კონცერტს გამართავს დავით ევგენიძის ბენდი და ქართული ხმების კვარტეტი; არტ-სცენაზე (თბილისი მარიოტსა და რუსთაველის თეატრს შორის) წარმოდგენილი იქნება მოხატული ფორტეპიანო, მოეწყობა იმიტირებული „ფოტო-ატელიე“, განთავსებული იქნება პანო, ძველებური ფოტოაპარატი, კოსტიუმები (შლაპები, შარფები, ქოლგები, სცენის მიმდებარედ ძველებური მანქანები). შესაძლებელი იქნება რეკვიზიტების მორგება და სამახსოვრო ფოტოს გადაღება, რომელიც ადგილზევე დაიბეჭდება.
ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ, გაიმართება მეჯლისი, ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეების მონაწილეობით. ოპერის აივნიდან უძველესი საოპერო აუდიო ჩანაწერები გაჟღერდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, საზეიმო ღონისძიებები, თბილისთან ერთად, გაიმართება 9 თვითმმართველ ქალაქში – ამბროლაური, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი და ქუთაისი.
კონცერტებში მონაწილეობას ანსამბლები, ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ. „ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ქ. ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
სხვა სიახლეები