25 ნოემბერი ტერენტი გრანელის დაბადების დღეა

123
SHARE

1897 წლის 25 ნოემბერს, ქალაქ წალენჯიხაში ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში პოეტი ტერენტი სამსონის ძე კვირკველია დაიბადა, თუმცა მოგვიანებით მან საკუთარ ფსევდონიმად გრანელი შეარჩია.
პოეტს დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. მამამ კი ცოლად დარია მებონიას ქალი შეირთო. დედინაცვალი მეტად სათნო გამოდგა. ტერენტის ორი და მაშო და ზოზია ჰყავდა. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა დედინაცვალს სონეტიც მიუძღვნა.
მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი, მატერიალური ხელმოკლეობის მიუხედავად, წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს” ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ გაუღვივა. ტერენტი პირველად სწორედ მის ბიბლიოთეკაში ეზიარა კლასიკური ლიტერატურის შედევრებს.
ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც ხელმარჯვეობით გამოირჩეოდა. სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე მამის სახელოსნოში წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ, რომლის დროსაც მის ოჯახს სახლი დაეწვა, ტერენტი მე-6 კლასიდან მოწყვიტა სწავლას.
სწავლა შეწყვიტა, თუმცა დიდი მონდომებით ეცნობოდა შანავას ბიბლიოთეკას. ცხოვრების სიმკაცრის გამო ის გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სწორედ ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.
1918 წლიდან თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების” სახელით.
სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა 1920 წელს დაამთავრა. ტერენტი კვირკველიამ ლიტერატურული მოღვაწეობა 1917-1918 წლებში თბილისში დაიწყო. ფსევდონიმი „გრანელი” მან 1919 წელს დაირქვა.
ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია” და ჟურნალი „კრონოსის სარკე”.
გრანელის ლექსები სევდით და მისტიციზმით ხასიათდება, რის გამოც მისი კრებულები („სამგლოვიარო ხაზები”, 1921 წ; „სულიდან საფლავები”, 1922წ; „Memento mori”, 1924წ; „ტერენტი გრანელი”, 1926წ), მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღებას ვერ იქცევდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 80-იანი წლებიდან ამ ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი”.
1928 წლიდან პოეტს მკვეთრი სულიერი დეპრესია ეწყება. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა, მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გრანელი 1930 წელს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც იგი გამოიქცა.
ტერენტი გრანელი 1934 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში „არამიანცის” საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმეკაციანმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მიაბარა მიწას, ხოლო 1987 წელს კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

FB კომენტარები

კომენტარი