24 ივნისს, საქართველოს დროით 22:39 საათზე სავსე მთვარეა. ამის შესახებ ასტროლოგი, დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“24 ივნისს სავსე მთვარეა.
პიკი – 22:39სთ (საქართველოს დროით).
სავსე მთვარე მზისა და მთვარის ოპოზიციას გულისხმობს, როდესაც ორივე ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებში იმყოფება. სავსე მთვარის მესიჯი ბალანსია, სადაც თანაბრად გვიწევს გავაცნობიეროთ როგორც მზის, ისე მთვარის, ერთმანეთისგან განსხვავებული ენერგიების საჭიროება ჩვენს ცხოვრებაში.
მზე ამჯერად კირჩხიბშია, მთვარე კი თხის რქაში (3’28 გრადუსი). კირჩხიბი წყლის პირველი, კარდინალური ნიშანია. ამ ნიშანს თავად მთვარე მართავს და ჰოროსკოპის მე-4 სახლს უკავშირდება. მე-4 სახლი შეგვახსენებს, რომ ჩვენ რაღაცის ნაწილი ვართ, საიდანღაც მოვდივართ, გვყავს ოჯახი, მშობლები (ან სხვა მზრუნველი ადამიანები), გვაქვს გარკვეული გამოცდილება და ადგილი, სადაც თავს ყოველთვის დაცულად და მშვიდად ვიგრძნობთ. მე-4 სახლიც და მთვარეც ჩვენს ემოციებს, შინაგან ემოციურ სამყაროსა და საჭიროებებს უკავშირდება. ეს ის სამყაროა, რომელსაც ხშირად მხოლოდ ჩვენთვის ვიტოვებთ, მას მხოლოდ ჩვენ ვიცნობთ და იშვიათად ვუზიარებთ ახლობელ ადამიანებსაც კი. უფრო მეტიც, ხანდახან საკუთარ თავთანაც კი არ გვსურს აღიარება და ეს ინფორმაცია შიგნით, ძალიან ღრმად ინახება ჩვენში. კირჩხიბისა და მე-4 სახლის ზუსტ ოპოზიციას წარმოადგენს თხის რქა და მე-10 სახლი, რომელიც ჩვენს სოციალურ სტატუსსა და წარმატებას უკავშირდება. თუ მე-4 სახლის თემები ჩვენში შიგნით, ღრმად ჩამალული ნაწილია, მე-10 სახლი პირიქით, ჩვენი ჰოროსკოპის ყველაზე მაღალ წერტილს წარმოადგენს და სწორედ იმ ენერგიით წარვდგებით კიდევაც სამყაროს წინაშე. მოკლედ რომ შევაფასოთ, კირჩხიბი და მე-4 სახლი ჩვენი შინაგანი სამყარო და ემოციური საჭიროებებია, თხის რქა და მე-10 სახლი კი სოციალური სტატუსი, მიზნები და ამბიციებია, რომელსაც ლოგიკურად მოჰყვება ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.
ვინაიდან თხის რქას სატურნი მართავს, ამ სავსე მთვარის დროს მის პრინციპებსა და ამჟამინდელ მდგომარეობას კიდევ ერთხელ თუ გადავავლებთ თვალს, არ იქნება ურიგო.
სატურნი ერთ-ერთი ყველაზე “მძიმეწონიანი” პლანეტაა ასტროლოგიაში, რომელიც სერიოზულობასა და ზრდასრულობასთან ასოცირდება. როდესაც სატურნი ჩვენს პირად პლანეტას ეხება (ნათალში, ტრანზიტში, პროგრესიაში…), ხშირად შესაბამის სფეროში შენელებას, იმედგაცრუებასა და გარკვეულ წნეხს იწვევს, თუმცა უმიზნოდ ნამდვილად არა. სინამდვილეში, ეს პლანეტა ჩვენგან სიბრძნესა და შინაგან თავისუფლებას მოითხოვს, რომელიც სწორედ რეალობისთვის თვალის გასწორების შემთხვევაში გვეძლევა. სატურნი გვაიძულებს, ვიცხოვროთ დღევანდელი რეალობით, ვიგრძნოთ მეტი პასუხსმგებლობა იმაზე თუ რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ და დრო მხოლოდ ისეთ რამეში ვხარჯოთ, რაც სასარგებლო შედეგების მომტანი იქნება. არ იფიქროთ, რომ სატურნს ჩვენი მიწასთან გასწორება “სურს”. ის უბრალოდ გაუაზრებელი გადაწყვეტილებების, დროის ფუჭად ხარჯვისა და ილუზიებისგან თავის არიდებას ითხოვს.
✨სატურნისთვისაც და თხის რქისთვისაც აუცილებელი საჭიროებაა დაფასება და აღიარება (როგორც მე-10 სახლის მმართველისთვის), თუმცა არა მარტივი გზების, არამედ მძიმე შრომის ხარჯზე. ეს არის დრო, როდესაც უნდა შევქმნათ ან აღვადგინოთ წესრიგი და გავაკეთოთ მხოლოდ ის, რაც გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე და სამომავლო შედეგებზე გათვლილი იქნება, თუნდაც ეს ყველაფერი დღევანდელი სიამოვნებისა და კომფორტის დათმობის ხარჯზე მოგვიწიოს. სატურნისთვის მიუღებელია დაუფიქრებლად და ნაჩქარევად გადაწყვეტილებების მიღება. მისთვის მთავარი არის შედეგი. არ აქვს მნიშვნელობა, ამ შედეგის მისაღწევად რა დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო. ყველაფერი, რაც მყარად იქმნება, დიდ დროს საჭიროებს.
სავსე მთვარის დროს სატურნი მარსთან და ურანთან ტაუ-კვადრატის ფერხულშია ჩართული. მარსი ლომშია სატურნთან ოპოზიციით მერწყულში, ორივე კი ურანთან ქმნის კვადრატს კუროში. მარსი მოქმედების სურვილი და დრაივია, სატურნი სერიოზულობა და თავშეკავებულობა, ურანი კი თავისუფლების წყურვილი და ჩარჩოების ნგრევაა. ძველსა და ახალს შორის მკვეთრი ხაზის გალვება დიდი ხანია აქტუალურია სატურნისა და ურანის კვადრატის გამო, მაგრამ როდესაც ამ ასპექტს მარსიც ემატება, ფონად არსებული ენერგია უკვე ფაქტებითა და მოვლენებით გამოიხატება. შესაბამისად, თავისუფლად მოქმედების სურვილი და ამავე დროს შეზღუდვებისა და რუტინის მიმართ აგრესია ახლა ყველაზე მძაფრად შეიძლება ვიგრძნოთ, როგორც ფართო მასებში, ისე პირად ურთიერთობებში.
თხის რქაში სავსე მთვარის დროს ალბათ ისევ სატურნის პრინციპებს უნდა დავეყრდნოთ, რომელიც გვასწავლის, რომ თავისუფლება არ ნიშნავს წესების დარღვევასა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. პირიქით, მისთვის სწორედ ჩვენი შესაძლებლობების გაცნობიერებაა თავისუფლება და გვაჩვენებს, რომ ჩვენზე გამოცდილი ადამიანებისგან მიღებულ რჩევებთან ერთად განვითარების გზა საკუთარი წარსული შეცდომებისა და წარმატებების გათვალისწინებაა. ეს არის დრო, როდესაც უნდა მოვიშოროთ თვითგამანადგურებელი დამოკიდებულებები, მათ შორის მავნე ჩვევები, გავაცნობიეროთ სად ვაჭარბებთ მოლოდინებით და აღმოვაჩინოთ უფრო მეტად “ჩვენი”, რეალისტური მიზნები და ამოცანები. ამის შემდეგ კი მშვიდად დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო ნაბიჯები და მშვიდადვე ვიმოქმედოთ არააგრესიული და არადესტრუქციული მეთოდებით.
სავსე მთვარეს (მზესაც და მთვარესაც) ჰარმონიული ასპექტები აქვს რეტროგრადულ იუპიტერთან თევზებში, რაც საგრძნობლად გაზრდის პოზიტიურ განწყობას, მოიმატებს საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმი, უფრო მასშტაბურად აზროვნების უნარი, ამიტომ მომდევნო 2 კვირა მშვენიერი დროა გეგმების შესადგენად, შეჩერებული პროექტების გასაგრძელებლად, საჭირო კონტაქტებისა და საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად. ამას ხელს ისიც შეუწყობს, რომ მერკური სავსე მთვარის დროს უკვე სწორადმოძავი იქნება მშვენიერი ასპექტით სატურნთან. ვიმოქმედოთ, ვიაროთ წინ, ოღონდ მშვიდად და ჭკვიანურად.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზოგადი ინფორმაციაა და ყველას გვეხება. „მე როგორი პერიოდი მაქვს?“ – კითხვაზე პასუხისთვის პირადი ჰოროსკოპის ანალიზი დამჭირდება, რისთვისაც შეგიძლიათ, პირად შეტყობინებებში მომწეროთ.
ისიც არ დავგვავიწყდეს, რომ სავსე მთვარის მოჭარბებული ენერგია უკონტროლობის შემთხვევაში, აგრესიასა და კონფლიქტებს იწვევს. ამიტომ ვეცადოთ, 24-25 ივნისი მშვიდად გავატაროთ.
შინაგან ჰარმონიასა და წარმატებას გისურვებთ!
——-
ასტროლოგი დავით ნიბლაძე”.