23 წლის მარტოხელა დედა, რომელიც ლაგოდეხში გადასახლდა – ისტორია ახალგაზრდა ფერმერზე

ნებისმიერ საქმეს, რომელსაც იწყებ, სჭირდება სწორად დაგეგმარება და დიდი შრომა. როცა პირველი მოსავლის შედეგს ხედავ, მოტივაცია გიმაღლდება. ასე მოხდა რებეკა ხუგაევის ცხოვრებაშიც. რებეკა 23 წლის ფერმერია. ლაგოდეხის რაიონში, სოფელ აფენში საკმაოდ დიდ და მრავალფეროვან მეურნეობას უძღვება. აქვს სხვადასხვა ჯიშის ხეხილი, ჯუჯა ხილი, დეკორატიული ხეები, მოჰყავს ბოსტნეული, ახარებს ეზოს მრავალწლიან და ერთწლიან ყვავილებს. ამავე დროს ჰყავს ორი წლის შვილი, რომელსაც სრულიად მარტო ზრდის.
– დავიბადე და გავიზარდე ლაგოდეხის რაიონში, იქ სადაც დღესდღეობით ვსაქმიანობ. სტუდენტი ვარ, თუმცა ჩემი კარიერა სხვა კუთხით განვითარდა და სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდა მებაღედ მიცნობენ.
ჩემი საქმიანობა ძირითადად ორ სფეროს მოიცავს: ფოტოგრაფიას და მებაღეობას. ორივეზე იმდენად ვარ შეყვარებული, არც ერთის დათმობას არ ვაპირებ.

– მიწის და მცენარეების სიყვარული ბავშვობიდან მოდის?
– ბავშობიდან მცენარეებთან ერთად ვიზრდები, რადგან ჩემი მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სოფლის მეურნეობაში. მეც ამ სფეროს სიყვარული ჩემდა უნებურად გამომყვა და ადრე თუ გვიან მაინც იჩინა თავი, ამას თქვენც ხედავთ.

– წლების განმავლობაში ქალაქში ცხოვრობდით. სოფელში დაბრუნება როდის და რატომ გადაწყვიტეთ?
– ქალაქში მას შემდეგ გადავედი, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე. სიმართლე გითხრათ, დედას ჩემზე მეტად სურდა მესწავლა, რადგან თავის დროზე მას ამის საშუალება არ მიეცა. ასევე იცოდა, რა ძნელი იყო მიწაზე მუშაობა მით უმეტეს ქალისთვის და არ სურდა მისი შვილი, თან გოგო ამ გზას გაყოლოდა. სწავლის პერიოდში სოფელში ხშირად ვერ ვახერხებდი ჩასვლას. ბავშვობის სახლში მაშინ დავბრუნდი, როცა იქ დედა აღარ დამხვდა… სამწუხაროდ, ის უეცრად გარდაიცვალა. მამა იმდენად იყო განადგურებული დედას უეცარი წასვლით, მას აუცილებლად სჭირდებოდა ჩემი თანადგომა, ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია, მივატოვე ქალაქური ცხოვრება და სოფელში გადავედი.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება დედის გარდაცვალების შემდეგ?
– ჩემი ცხოვრება ერთ წამში რადიკალურად შეიცვალა. დედას ვეძებდი ყველგან და ყველაფერში. მარტო დედა არა, მე ჩემი საუკეთესო მეგობარიც დავკარგე. ძალიან ძნელი იყო იმ აზრთან შეგუება, რომ დილა მისი ხმის გაგონების გარეშე უნდა დამეწყო… როგორც გითხარით ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც სოფელში გადავედი და მამასთან ერთად ამ საქმიანობაში ჩავები.

– როგორც ვიცი, დედას უყვარდა ყვავილები. თქვენც მისგან გერგოთ ეს სიყვარული?
– კი, დედას ძალიან უყვარდა ყვავილები, მთელი ეზო ყვავილებით ჰქონდა გადავსებული. მცენარეებთან ურთიერთობით მე ხელახალი ურთიერთობა დავამყარე მასთან. ცხოვრებას იფერადებდა ხოლმე ნაირნაირი მცენარეებით. მეც თავისდაუნებურად მათი სიყვარული შეიძლება ითქვას მემკვიდრეობით დედისგან მერგო.

– ახლა როგორ გამოიყურება თქვენი ეზო?
– იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი მეურნეობა მხოლოდ 2500 მ2-ს მოიცავს, ეზოს წინა ნაწილის ყველა კუთხე-კუნჭულს ვიყენებ, შესაბამისად ჩემი ეზო ხშირად იცვლის ფორმას, ხან ივსება ყვავილებით ხან ცარიელდება. ერთი სიტყვით მრავალფეროვანი ეზო-ყურე მაქვს. მეურნეობაში ძალიან ბევრი სახეობის ყვავილი დამიგროვდა, მათი უმრავლესობა გამრავლების პროცესშია.

– მხლოდ თქვენ და მამა უძღვებით მეურნეობას?
– დიახ, მეურნეობას მე და მამა ვუძღვებით, თუმცა მართვის სადავეები მთლიანად ჩემს თავზე მაქვს აღებული. მამაჩემი მხოლოდ ბაღში მუშაობს და პრაქტიკულ ცოდნას მიღრმავებს თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე. ბაღშიც შესაბამისად მხოლოდ ორნი ვმუშაობთ. წლების წინ ვერც წარმოვიდგენდი, ამ საქმეში ასეთ წარმატებას თუ მივაღწევდი.

– ჩვენი მეურნეობა მოიცავს სხვადასხვა ჯიშის ხეხილს, ჯუჯა ხილს, დეკორატიულ ხეებს, ეზოს მრავალწლიან და ერთწლიან ყვავილებს, ბოსტნეულს და ა.შ მოკლედ, რომ ვთქვათ მრავალფეროვანია ჩვენი ბაღი.

– ამ ყველაფრის დამუშავება, მოყვანა მარტივი არ არის, როგორც ქალს არ გიჭირთ?
– მართალია, ძნელია მიწასთან მუშაობა თუმცა ჩემთვის იმდენად სასიამოვნო გახდა ეს საქმე, მის სიძნელეზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. საერთოდ არ მიჭირს მიწაზე მუშაობა, პირიქით ძალიან მომწონს და მიადვილდება ბევრი მამაკაცისგან განსხვავებით, რომლებიც გაურბიან მიწაზე მუშაობას. მიწაზე ყოველდღიურად ვმუშაობ, ყოფილა ისეთი დღეები, როდესაც დილიდან საღამომდე მიმუშავია. ახლა რადგან ზაფხულია და ძალიან ცხელა ფიზიკურად შეუძლებელია შუადღეს მუშაობა, ადრეულ დილას და საღამოობით ვმუშაობ ხოლმე.
ვაკეთებ ყველაფერს რასაც ბაღი საჭიროებს, მაგალითად: ჩითილების გამოყვანა, გამრავლება, მორწყვა, გადარგვა, გამარგვლა, თოხნა, გასუფთავება და ა.შ.

– ამ ეტაპზე რა სამუშაოებია შესასრულებელი ბაღში?
– ზაფხულის პერიოდში ჩვენი მთავარი საქმე ყვავილების ხშირი მორწყვა, სარეველებისგან გასუფთავება, ასევეა ხეხილის ნარგავების ფურჩქვნა და მათი საშემოდგომოდ მომზადებაა. ასევე გამომყავს შემოდგომა-ზამთრის ყინვაგამძლე მცენარეები.

– საკუთარი თავისთვის რამდენად გრჩებათ დრო?
– საკუთარი თავისთვის ხშირად არ მრჩება დრო, თუ მაინც გამოვნახე თავისუფალი დრო, ჩემს ახალ გეგმაზე ვმუშაობ, ტანისამოსის დიზაინს ვქმნი. საკუთარი თავისთვის დროის ნაკლებობა არც მაწუხებს და არც დიდ პრობლემას მიქმნის, რადგან ბედნიერი ვარ იმ საქმით, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ.

– ამავე დროს გყავთ ორი წლის შვილი. როგორ ზრდით, როგორ უთავსებთ მის აღზრდას საქმეს?
– დიახ, ორი წლის შვილი მყავს. ოთხი თვისაც არ იყო ანდრია, როდესაც პირველად გავიყვანე ბაღში ,,დასახმარებლად”. მას შემდეგ მე და ჩემი პატარა ანგელოზი ყველგან ერთად დავდივართ, მათ შორის სამუშაოდაც. რაც პატარა შემეძინა, უხილავი თვალი და ათასი ახალი გრძნობა გამიჩნდა. მან მე ისე გამაძლიერა, “მთაც კი შემიძლია გადავდგა”. პატარას მარტო ვზრდი და მასზე 24 საათის განმავლობაში ვზრუნავ. სამუშაოს და მასთან თამაშს ისე ვუთავსებ ერთმანეთს, რომ ყველაფერს ვასწრებ და ჩემი პატარაც კმაყოფილია.

განაგრძეთ კითხვა: https://www.shin.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები