“22 მაისს ახალი მთვარეა”-რას გვირჩევს ასტროლოგი

226
SHARE

დღეს ახალი მთვარეა ამის შესახებ ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში წერს:
22 მაისს ახალი მთვარეა (პიკი – 21:39სთ)
” ახალი მთვარის დღე არის დრო, როდესაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გადავხედოთ ჩვენს გეგმებს, გავაანალიზოთ, რა უნდა მოვიშოროთ და რისკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება. ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, ისევ და ისევ, მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად. განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი. ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ. ახალი მთვარის თვისობრიობასა და გავლენას თითოეულ ჩვენგანზე მისი ნიშანი და კონკრეტული გრადუსი განსაზღვრავს.

ახალი მთვარე ამჯერად ტყუპების 2 გრადუსზეა კვადრატით მარსთან თევზებში. მნიშვნელოვანია ასევე მერკურისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება და მათი ერთობლივი ზუსტი კვადრატი ნეპტუნთან. ტყუპებშია ასევე ჩრდილოეთ კვანძი.
რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს⤵

ტყუპები მუტაბელური ჯვრის ნიშნებს განეკუთვნება. სწორედ მზის ამ ნიშნებში მოძრაობის დროს იცვლება სეზონებიც. ქალწულს მოაქვს შემოდგომა, მშვილდოსანს – ზამთარი, თევზებს – გაზაფხული, ტყუპებს კი ზაფხული, ყველაზე ლაღი, მსუბუქი და ჭრელი ფერებით სავსე სეზონი. ტყუპებს, როგორც მერკურის ნიშანს, უყვარს მოქმედება, ახალი სიტუაციები და ადამიანები. ეს არის სოციალიზაციის, ახალი და საჭირო კონტაქტების დამყარების, მეგობრებთან ერთად გართობის, აქტიურობის, ახალი შესაძლებლობების გამოყენების პერიოდი. იყავით ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური, კრეატიული, სპონტანური, მოქნილი, ხალისიანი, თავაგადასვლების მოყვარული, იგრძენით თავი სამყაროს სტუდენტად და ისწავლეთ რაღაც ახალი. თუ თვლით, რომ კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი ცოდნის მიღება ან უცხო ენის სწავლა გჭირდებათ, ეს პერიოდი იდეალურია ამ ყველაფრის დასაწყებად. თუ ყოველდღიურობა მოსაწყენი გახდა, თამამად შეგიძლიათ, მოიკითხოთ მეგობრები, მეგობრის მეგობრები, ძველი ნაცნობები და ა.შ. ტყუპები ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის ღია და უშუალოა. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ტყუპების ზონაში იხსნება ის შეზღუდვები, რომლთან ერთადაც მოგვიწია გასულ პერიოდში ცხოვრება. ამ პერიოდში გაცილებით რთული იქნება იზოლაციაში, კომუნიკაციის გარეშე ყოფნა.

სანამ ასპექტებზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნელ-ნელა შევდივართ დაბნელებების ზონაში, რომელიც ივნისსა და ივლისში გველოდება. შესაბამისად, კარგი იქნება თუ ნელ-ნელა დავიწყებთ მომზადებას დაბნელებების ტრანსფორმაციული ენერგიებისთვის, გავაანალიზებთ აქამდე გამოვლილ გზას, ჩავუღრმავდებით ამჟამინდელ პრობლემებსა თუ შანსებს, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებებს და ა.შ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყოველდღიურად არაერთი არჩევანის გაკეთება გვიწევს. ზოგიერთი მათგანი უმნიშვნელოა და მისი გავლენა მხოლოდ ყოველდღიურობაზე აისახება, ზოგიც კი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია და წლების განმავლობაში ახდენს ეფექტს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ზუსტად ჩვენ მიერ გაკეთებული სხვადასხვა არჩევანის პროდუქტს წარმოვადგენთ. სწორედ ჩვენი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს ვინაობას და გამოგვარჩევს სხვა ადამიანებისგან. მნიშვნელოვანია არა ის, რომ ვინმეს ჩვენი ზედმეტად დაკავებული და საქმიანი იმიჯი დავანახოთ, არამედ ის, რამდენად ბედნიერი ვართ საკუთარი განვლილი ცხოვრებით, იმით თუ სად ვართ ახლა, საით მივდივართ და რამდენად ამაყები ვართ საკუთარი თავით. ეს ყველაფერი კი იწყება და მთავრდება სწორედ არჩევანის გაკეთებით. როგორც ფრანგი ფილოსოფოსი ალბერ კამიუ ამბობდა, “ცხოვრება ყველა თქვენი არჩევანის ჯამია”. კარგი და სწორი არჩევანი კი ჩვენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზეა დამოკიდებული, რაზეც სხვა პლანეტებთან ერთად, ძირითადად მერკურია პასუხისმგებელი. ტყუპები, როგორც მენტალური ღერძის წარმომადგენელი შეგვახსენებს, რომ რაც უფრო მეტად ცნობიერი და გულწრფელი მიდგომა გვექნება საკუთარი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიმართ, მით უფრო საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება გვექნება.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა იმისათვის, რომ ტყუპების ენერგია სწორად და ნაყოფიერად გამოვიყენოთ⤵

მართალია, ტყუპები მულტიფუნქციური ნიშანია და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეუძლია, მაგრამ ხანდახან ჩვენ იმდენად ბევრ რამეზე ვფიქრობთ ერთბაშად, ვეღარ ვკონცენტრირდებით საკითხებზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. ამიტომ, უმჯობესია თუ ტყუპებისეულად ათას რამეზე ერთდროულად ფიქრის ნაცვლად, პრიორიტეტულად დავუთმობთ დროსა და ენერგიას ყველაზე მნიშვნელოვანს.

კომუნიკაცია და აზრების გაცვლა მეგობრებთან, კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან და ა.შ. ძალიან კარგია. მათ შესაძლოა, გვიკარნახონ კიდევაც, რა და როგორ გავაკეთოთ, მაგრამ გვახსოვდეს, გადაწყვეტილებები პირადად ჩვენი ღირებულებებისა და რწმენის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ. სხვა შემთხვევაში, გაკეთებული არჩევანი დიდი ალბათობით, სინანულის მიზეზი გახდება. ჩვენს ცხოვრებაში არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ.

ვისწავლოთ ჩვენი და სხვების გამოცდილებით. იმ შემთხვევაში თუ არჩევანის გაკეთებამდე სიტუაციას წარსულში უკვე გამოვლილს დავუკავშირებთ, გაცილებით მარტივი გახდება სწორი არჩევანის გაკეთება. რაც უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, უფრო მარტივი სამართავია. დავფიქრდეთ და გავავლოთ პარალელები.

ნუ ვეცდებით ყოველთვის და ყველაფერში ექსპერტები ვიყოთ. ვითხოვოთ დახმარება და რჩევა მაშინ თუ სწორი არჩევანის გასაკეთებლად ჩვენი კომპეტენცია არ არის საკმარისი. ვაღიაროთ, რა ვიცით და რა არა. ტყუპები გვკარნახობს, რომ სწავლა ცხოვრებისა და განვითარების თანმდევი, უწყვეტი პროცესია.

არჩევანის გაკეთებამდე შევაფასოთ საკითხი ყველა შესაძლო კუთხიდან. რას ამბობს ფაქტები, რას გვკარნახობს ინტუიცია და სინდისი, მოვუსმინოთ გულს და არ ავჩქარდეთ.

ტყუპები იდეალისტი ნიშანია, რომელიც ყველაფერში იდეალურს ეძებს (განსაკუთრებით ურთიერთობებში). ნუ გავაჭიანურებთ არჩევანის გაკეთებას. ძალიან იშვიათად გვექნება ამომწურავი ინფორმაცია იდეალური და სრულყოფილი გადაწყვეტილების მისაღებად. ამჯერად ვოლტერის სიტყვები უნდა გავიხსენოთ: “საუკეთესო კარგის მტერია”. სრულყოფილების ძიებაში ხანდახან კარგ შანსებს ვუშვებთ ხელიდან.

მას შემდეგ, რაც არჩევანს გავაკეთებთ, ნუ დავუბრუნდებით იმავე ფიქრებს ხელახლა. დროს ვეღარ დავაბრუნებთ. უმჯობესია, აღვასრულოთ არჩეული.

ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოზიტიური აზროვნება წარმატების საწინდარია. ვეცადოთ, მოვერიდოთ ნეგატიურ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ნაკლოვან მხარეებზე მიგვითითებენ, მოვიშოროთ პესიმისტური აზრები და ვიყოთ კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ. მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ფიქრებს, აზრებს, სასაუბრო თემებს და თითოეულ სიტყვასაც კი. საერთოდ ამოვიღოთ ლექსიკონიდან ეს და სხვა მსგავსი ფრაზები: „მე რომ ბედი მქონდეს“, „მე ამისი ბედი ვინ მომცა“, „ჩემი თავი ჯანდაბას“ და ა.შ.
ფიქრები და სიტყვები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგიაა, რომელსაც სამყაროში ვაგზავნით. ეს ყველაფერი კი უკან, ისევ ჩვენთან დაბრუნდება. ტყუპებია ის ნიშანი, რომელიც სიტყვის ძალასა და მის მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს.

ახლა რაც შეეხება, ასპექტებს

მერკურისა და ვენერას შეერთება ტყუპებში გაზრდის დიპლომატიური მიდგომების ალბათობას, ასევე იუმორს, სიმსუბუქეს კომუნიკაციისას და თანამშრომლობის სურვილს. გამარტივდება სხვებისთვის ჩვენი გრძნობების გაზიარება, ვაჭრობა, ურთიერთგაგება. ამ ასპექტის დროს მენტალურად ნაკლებად დისციპლინირებული ვართ და გონებას უფრო მეტად ისეთი საქმეებით ვაკავებთ, რაც უფრო მსუბუქი და სასიამოვნოა. ეს შესაძლოა, ამ შეერთების ნაკლოვან მხარედაც მოვიაზროთ – ვირიდებთ პასუხისმგებლობას სერიოზულ საქმეებზე. მეორე მხრივ, ნეპტუნთან ზუსტი კვადრატი უფრო მეტად ართულებს ფაქტების სწორად აღქმას, რთულდება რეალობის ისეთად დანახვის ალბათობა, როგორიც არის. ასეთ დროს ვხედავთ არა იმას, რაც არის, არამედ იმას, რაც გვინდა, რომ დავინახოთ. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ასევე პირად ურთიერთობებს. ასეთ დროს დაწყებული ურთიერთობები რომანტიკული მირაჟებითა და ილუზიებითაა ხოლმე გაჯერებული. ახალი ურთიერთობების დაწყება მით უფრო არ არის რეკომენდებული, რომ ვენერა უკუმოძრავია. არ ღირს ასევე ინვესტირება და ძვირადღირებული ნივთების შეძენა.

კიდევ ერთი კვადრატული ასპექტი მუტაბელურ ნიშნებში, მზისა და მთვარის კვადრატია მარსთან. რაც გაზრდის იმპულსური მოქმედებების, აგრესიისა და კონფლიქტების ალბათობას. ასეთ დროს თითოულ ჩვენგანში იღვიძებს რაღაცის კეთების, მოქმედების სურვილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი მთვარის დროს გონებაგაფანტულობის ტენდენცია მაღალია, ალბათ საუკეთესო რჩევა იქნება ის, რომ არ უნდა ავჩქარდეთ, არ მივიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, არ ჩავებათ კონფლიქტებსა და გარჩევებში. გამოვიჩინოთ მეტი სიმშვიდე, მოთმინება, დიპლომატიურობა, მეგობრული და საქმიანი ტონი (მით უფრო, რომ მზესა და მთვარეს ჰარმონიული ასპექტი აკავშირებს სატურნთან). მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან.

თუ დავაკვირდებით, ახალი მთვარის დროს კვადრატულ ასპექტებს ტყუპებსა და თევზებში მდებარე პლანეტები ქმნიან (მერკური/ვენერა ტყუპებიდან მარსთან თევზებში და მზე/მთვარე ტყუპებიდან ნეპტუნთან ასევე თევზებში). ტყუპები (მერკურის ენერგია) ჰაერის მენტალური ნიშანია, რომლისთვისაც მთავარი ლოგიკა და ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებებია. თევზებისთვის (ნეპტუნის ენერგია) კი მთავარი ემოცია, შეგრძნებები, ინტუიცია და გულიდან წამოსული სურვილებია. იდეალური გამოსავალი ასეთ დროს რა თქმა უნდა, ბალანსია, როდესაც თანაბრად შევაფასებთ ორივე მხარეს, გამოვიჩენთ მაქსიმალურ მოქნილობას და მხოლოდ გააზრებულად გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზოგადია და მეტნაკლებად თანაბრად ეხება ყველა ნიშანს. თუ გსურთ დეტალურად შევაფასოთ თქვენი პირადი რუკა, ვნახოთ კონკრეტულად სად, რა სფეროში და როგორი მიდგომებით შეძლებთ საკუთარი თავის განვითარებას, შეგიძლიათ ისარგებლოთ პერსონალური ასტროლოგიური კონსულტაცით. ამისთვის astrolabe-ს სერვისების სექციაში დაჯავშნეთ სასურველი ფორმატი და დრო ან მოგვწერეთ შეტყობინება.

ჯანმრთელობასა და ტყუპისეულ სილაღეს გისურვებთ!
მადლობა, რომ ჩემთან ხართ!

FB კომენტარები

კომენტარი