20-26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 20-26 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“მზე-მარსის შეერთებას (რომლის კულმინაცია 18 ნოემბერს იყო) შემდეგ კვირაშიც ექნება ძლიერი ასტროლოგიურ გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეერთება სეპარაციული (განყრადი) იქნება, ის მაინც მიანიშნებს აქტიურობაზე, ენერგიულ გამოვლენაზე და აგრესიულობაზე. ხიფათის ალბათობა ისევ შენარჩუნებული იქნება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ შედარებით ნაკლები ინტენსივობით.
მიუხედავად იმისა, რომ მთვარე 20 ნოემბერს სატურნს შეუერთდება და 21-ში თევზების ნიშანში გადავა, ეს დღეები კვირის ყველაზე საინტერესო, შემოქმედებით დღეებად შეიძლება მოვიაზროთ. მითუმეტეს, რომ ზემოთ ხსენებულ მზე-მარსს სექსტილური ასპექტი ექნება პლუტონთან, რაც მიანიშნებს, რომ ბევრ ადამიანში მოიმატებს ენერგია, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალა. ამასთანავე, გაბედულების, კონცენტრაციის უნარისა და მიზანსწრაფვის ხარჯზე გადალახავენ შექმნილ წინაღობებს და მიაღწევენ დასახულ მიზნებს (ეს განსაკუთრებით სამსახურებრივ და ფინანსურ საკითხებს ეხება).
22 ნოემბერს (თბილისის დროით, 18:03 საათზე) მზე მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა. შესუსტდება მისი სატურნთან კვადრატული ასპექტი. ეს კი უფრო გააიოლებს წინაღობების გადალახვას. ადამიანები საკუთარ თავში იპოვიან ძალას და იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებას სულ რაღაც 1-2 კვირის წინ ვერ ახერხებდნენ, ეტაპობრივად გადაწყვეტენ და პერსპექტივებს თავისდა სასიკეთოდ განავითარებენ.
24 ნოემბრიდან გაძლიერდება მარსი-სატურნის კვადრატი (საკმაოდ რთული ასპექტი) და მისი კულმინაცია 25 ნოემბერს დადგება. ეს მიანიშნებს კონფლიქტური სიტუაციების შექმნაზე. ადამიანებში ისევ მოიმატებს აგრესიული ფონი და შეუბრალებლობა. ასე რომ, კვირის ბოლოს მოიმატებს ავტოკატასტროფების და ტექნიკური ავარიების ალბათობაც. ამ დღეებში ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი ძვალსახსროვანი სისტემა.
24-26 ნოემბერი შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთული ფორმით გამოვლინდება რუსეთ-უკრაინის ომში და ისრაელ-ჰამასის შეიარაღებულ დაპირისპირებაში მოსალოდნელია ვიხილოთ საკმაოდ სასტიკი ბრძოლები.
ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!” – წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები