20 მარტს ასტროლოგიური ახალი წელია – რა უნდა გააკეთოთ დადებითი ენერგიით დასამუხტად და კეთილდღეობის მოსაზიდად?
გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ადამიანები ენერგიის მომატებას გრძნობენ და სურთ, ცხოვრების განახლებული, უფრო აქტიური ეტაპი დაიწყონ. 2025 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა. ესაა დღე, როდესაც სამყარო განახლების ფაზაში გადადის.
გაზაფხულის ბუნიობას ასტროლოგიური მნიშვნელობაც აქვს. ის ასტროლოგიურ ახალ წელს ხსნის. სწორედ ამ დღეს თევზების მეოცნებე, მგრძნობიარე ერა მთავრდება და ვერძის ცეცხლოვანი, აჩქარებული, ძლიერი ენერგია იწყებს დომინირებას. ამიტომაც, ასტროლოგიურადაც ეს თარიღი განახლებასთან, გამოცოცხლებასთან ასოცირდება.
გაზაფხულის ბუნიობა ერთდროულად სამ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენას აერთიანებს: თავად ბუნიობას, ასტროლოგიური ახალი წლის დაწყებას და ვერძის სეზონის დაწყებას.
გაზაფხულის ბუნიობა განსაკუთრებით შესამჩნევია კარდინალური ნიშნებისთვის – სასწორისთვის, კირჩხიბისთვის, ვერძისა და თხის რქისთვის.
კირჩხიბებს შესაძლოა, სამსახურში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეხვდეთ. ეს შეიძლება, ახალი პროექტის დაწყება, დაწინაურება, პასუხისმგებლობის შეცვლა ან განსხვავებულ სამსახურში გადასვლა იყოს.
თხის რქები პირად ცხოვრებაში ცვლილებებს იგრძნობენ. ამავდროულად, შესაძლოა, მათ სახლის ინტერიერის შეცვლა, გადაკეთება, საფუძვლიანად დასუფთავება მოუნდეთ. სხვათა შორის, ე.წ. წმენდას შესაძლოა, არა მხოლოდ მოძველებული ნივთები, არამედ ძველი ურთიერთობებიც გაჰყვეს.
სასწორები ურთიერთობებში მეტი ჰარმონიის შეტანაზე იქნებიან ორიენტირებულნი. ამავდროულად, გააანალიზებენ, რომ პირადი საზღვრები იმაზე უკეთ უნდა დაიცვან, ვიდრე ამას ახლა აკეთებენ.
ვერძი ენერგიისა და მოტივაციის მოზღვავებას იგრძნობს და ექნება შანსი, ყველა ის პროექტი და წამოწყება განახორციელოს, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობს.
ზოგადად, ეს პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისათვის იდეალურია იმისათვის, რომ ცვლილებები და სიახლეები დაგეგმოთ, საბოლოოდ დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც აქამდეც გინდოდათ, მაგრამ მოტივაცია არ გყოფნიდათ, შეისწავლოთ, ცოდნა გაიმრავალფეროვნოთ, ჰობი განავითაროთ…
ბალანსისა და განახლების დრო
20 მარტს დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია, რაც სიბნელესა და სინათლეს შორის სრულყოფილ ბალანსს ქმნის. ეს დღე ზამთრის მიძინებისა და გაზაფხულის გამოღვიძების სიმბოლოა.
დაისახეთ მიზნები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზაფხულის ბუნიობა ახალი მიზნების და გეგმების ჩამოსაყალიბებლად იდეალური დროა. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ახლა წამოიწყებთ, სამომავლოდ გაღვივდება, აყვავდება და დიდ წარმატებას მოგიტანთ. ამიტომ, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ჩამოწერეთ სურვილები, შეადგინეთ კონკრეტული გეგმა და გადადგით პირველი ნაბიჯები.
ეს დღე ფიზიკურ ტრანსფორმაციაშიც დაგეხმარებათ. თუ ზამთრის შემდეგ თავს დამძიმებულად გრძნობთ, შეგიძლიათ, კვებითი ჩვევები შეცვალოთ, ბევრი ბოსტნეული მიირთვათ, ივარჯიშოთ, საჭირო რაოდენობის წყალი მიიღოთ.
ასევე, აბაზანის მიღება, სხეულის გახეხვა ახალი ენერგიის მიღებასა და ძველი, ტოქსიკური ემოციებისაგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. რეკომენდებულია, რომ ამ დღეს ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ეს ძალებისა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. წყლის მიღება არ დაგავიწყდეთ.
გაზაფხულის ბუნიობის განახლების რიტუალი
გაზაფხულის ბუნიობა განახლების რიტუალის შესასრულებლად შესანიშნავია. დაგჭირდებათ ქაღალდი, ფანქარი და წყლით სავსე თასი. ასევე, ჯოხი, რომლითაც ერთგვარ ზღურბლს შექმნით. დაწერეთ ფურცელზე ის, რაც განსაკუთრებით გადარდებთ და გსურთ, რომ გათავისუფლდეთ. დაკეცეთ, ტუჩებთან მიიტანეთ და მიუხედავად უარყოფითი გამოცდილების, ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის მადლობა გადაუხადეთ. ჯოხის მეორე მხარეს წყლით სავსე თასი, ჭიქა მოათავსეთ. თავად საპირისპირო მხარეს დადექით. შემდეგ, ფურცელი ჩადეთ წყლიან ჭიქაში და წარმოიდგინეთ, რომ იმას, რაც გაწუხებთ, წარსულში ტოვებთ, იშლება და ქრება…
გამოიყენეთ საკმეველი, აანთეთ, მოუსმინეთ საკუთარ აზრებს, ფიქრებს. წარმოიდგინეთ, რა გსურთ, რომ სამომავლოდ გააკეთოთ. როგორც კი საკუთარ თავთან შეთანხმდებით, ჯოხის ხაზი გადაკვეთეთ. ითვლება, რომ ამ გზით ახალ რეალობაში გადადიხართ.
ასევე, შეგიძლიათ, თქვენი გეგმების, მიზნების შესახებ ფურცელზე დაწეროთ და გარეთ, მიწაში, როგორც მცენარის თესლი, ისე ჩადოთ. ითვლება, რომ გაზაფხულის ბუნიობის ენერგია, თქვენს სურვილებსა და მიზნებს აყვავებაში დაეხმარება. თუ მიწის ნაკვეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ, იგივე ქოთანში გააკეთოთ.