ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ოთარ კობერიძე დაიბადა თბილისში, 1924 წლის 17 დეკემბერს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე და 1943 – 1945 წლებში მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ოთარ კობერიძის ბავშვობა ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან პატარა იყო, როცა ჯერ მამა გარდაეცვალა, ცოტა ხანში – დედაც და ოთარი მოხუცების ამარა დარჩა. მას და მის უმცროს დას – ლეილას დედის მშობლები ზრდიდნენ.
ბებია ბაგრატიონ-მუხრანელის ქალი გახლდათ და თავადური თვისებები შვილიშვილს “გადაულოცა”. ომი რომ დაიწყო, 14-ის იყო. ვერ ისვენებდა, მასაც უნდოდა ფრონტზე წასვლა, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს ვინ გაუშვებდა?! ორი წელი როგორღაც გაძლო, მერე დაბადების მოწმობაში ერთი წელი მიიმატა და ვითომ 17 წლისა, ომში წავიდა.
იბრძოდა ჩეხოსლოვაკიაში, სწორედ იქ, სადაც მოგვიანებით ფილმი “შეწყვეტილი სიმღერა” გადაიღეს. ომიდან დაბრუნებულმა მსახიობობა გადაწყვიტა… 1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1950–1956 წლებში სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო 1959–1964 წლებში მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში” მსახიობად და რეჟისორად. 1954 წელს მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, 1958 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1967 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1981 წელს აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდებები.
2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
როცა “ბაში-აჩუკის” იღებდნენ, კობერიძემ იცოდა, რომ ახალგაზრდა, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მსახიობი ქალი ერთ-ერთ მთავარ როლზე იყო დამტკიცებული, თუმცა იგი ჯერ ნანახი არ ჰყავდა. ბუნებრივია, აინტერესებდა, ვისთან ერთად მოუხდებოდა გადასაღებ მოედანზე ყოფნა…
და აი, ის დღეც დადგა, რომელსაც ოთარ კობერიძე ასე იხსენებს:
“მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და ველოდებოდი სხვა მსახიობების გამოჩენას. ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი, თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა. იგი ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, მზესავით ანათებდა.”
ოთარ კობერიძემ შეასრულა 50-ზე მეტი როლი. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევდა მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ლია ელიავა. ბატონ ოთარს სათამაშოდ უცხოურ ფილმებშიც იწვევდნენ. ძალიან საინტერესოდ ყვებოდა კლაუდია კარდინალესთან, შონ კონერისთან, მარიო ადორფისთან და სხვებთან ურთიერთობაზე.
იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი ერთ იტალიურ ფილმში (“ცხოვრება მშვენიერია”, 1981) ოთარ კობერიძის პარტნიორია.
ოთარ კობერიძე იგონებს: “ორნელა მუტის, რუსულ-იტალიურ ფილმ “სიცოცხლე მშვენიერიას” გადაღებისას შევხვდი. იმ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე, ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო, როგორ აწამებდა ქმარი. არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხას ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფული შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. თანავუგრძნე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე… მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა. “ოთარ, ნახე, რა გამოაქვეყნეს “ჭორიკანებმა”? და ჟურნალი მაგიდაზე გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი, მე კი ვკოცნიდი… იქვე დაემონტაჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა: “ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით”…
2015 წლის 9 მარტს, 90 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა.
სხვა სიახლეები