ჟურნალ „სარკეს“ ერთგული მკითხველები წერილებს უგზავნიან და საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბრობენ. გთავაზობთ ერთ-ერთი მკითხველის წერილს:
„გამარჯობა, 16 წლის გოგო გწერთ. არ მინდა, ვინმემ თავის ქებაში ჩამომართვას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გარეგნულადაც ლამაზი ვარ, აღნაგობაც მშვენიერი მაქვს და, ამასთან ერთად, ძალიან წინდახედული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ. წერილი ისე დავიწყე, თითქოს სამსახურის თაობაზე მოვედი გასაუბრებაზე, მაგრამ სწორედ ასე დაწყება იყო საჭირო, რადგან მინდა, ჩემს ყველანაირ თვისებაზე გავამახვილო ყურადღება.
სკოლაში ერთ გოგოს არ მოვწონვარ, ამბობს, ეგოისტი და მატყუარააო. ცოტა ეგოისტი მართლა ვარ, მაგრამ მატყუარა – არა! იმ გოგომ მეშვიდე კლასიდან ამითვალწუნა, რადგან კლასის თვითმმართველობის არჩევნებზე ბავშვებმა მე მომცეს ხმა. მერე ერთმა ჩემმა კლასელმა, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, მითხრა, რომ ვიდრე მათ კლასში გადავიდოდი, ყოველთვის იმ გოგონას ირჩევდნენ. ამიტომ შეშურდა, რომ ბავშვებს, როგორც კლასის ხელმძღვანელი, მე უფრო მოვწონვარ.
კიდევ ერთ უხერხულ რაღაცაზე მინდა დავწერო. შეყვარებული თავს უფლებას აძლევს, რომ მკერდზე შემეხოს. მეგობრები მეჩხუბებიან, ამის უფლებას როგორ აძლევ, ცოტაც და, თავის ძმაკაცებსაც მოგასევს და ისინიც ფათურს დაგიწყებენო… მისი დაკარგვა არ მინდა. მასთან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ჩემ გვერდით საუკეთესო ბიჭი დგას“, – წერს 16 წლის გოგონა.