16-წლიანი პაუზის შემდეგ მადონა ყოფილ ქმართან და შვილთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა

მსოფლიო პოპმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მადონა, ყოფილ ქმართან — რეჟისორ გაი რიჩისთან და მათ შვილთან, როკო რიჩისთან ერთად, 2008 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. ისინი ლონდონში, ვესტ-ენდის სოჰოს რაიონში მდებარე გალერეაში გამართულ სამხატვრო გამოფენას დაესწრნენ, სადაც როკოს ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენა სწორედ მის თანამედროვე მხატვრულ შემოქმედებას ეძღვნებოდა.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც ექსპრესიულ სტილსა და სოციალურ თემებზე კონცენტრირებულ გზავნილებს აერთიანებს. თავად როკოს განცხადებით, გამოფენის იდეა ეფუძნება პრინციპს, რომ ადამიანის შემოქმედებაზე თავად ნამუშევრებმა უნდა „ილაპარაკონ“  და არა ავტორმა.

მედიის ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ მადონა და გაი რიჩი, რომელთა ურთიერთობაც წლების განმავლობაში დაძაბული იყო (განსაკუთრებით შვილის მეურვეობის საკითხის გამო), გამოფენაზე მშვიდ და მეგობრულ გარემოში გამოჩნდნენ. ეს მათი პირველი ერთობლივი გამოჩენაა ბოლო 16 წლის განმავლობაში, რაც ბევრისთვის შერიგებისა და ოჯახური ურთიერთობების დალაგების ნიშნად იქცა.

როკო რიჩი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ხელოვნების სფეროში და ცდილობს საკუთარი კარიერა მშობლებისგან დამოუკიდებლად განავითაროს. ლონდონში გამართული ეს გამოფენა მის პროფესიულ გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა, ხოლო მშობლების ერთად გამოჩენა — იშვიათ და სიმბოლურ მოვლენად, რომელმაც საზოგადოების და მედიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

კომენტარები

სხვა სიახლეები