15 წლის ბელგიელმა თინეიჯერმა კვანტური ფიზიკის დოქტორის ხარისხი მიიღო

მისი სახელია ლორან სიმონსი, ვუნდერკინდი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი განათლებაში ისეთი ტემპით გაიარა, როგორც დედამიწაზე აქამდე თითქმის არავის გაუკეთებია.
დაწყებითი სკოლა მან ოთხი წლის ასაკში დაიწყო და… ექვსი წლის ასაკში დაასრულა.
თორმეტი წლის ასაკში კვანტური ფიზიკის მაგისტრის ხარისხი ჰქონდა, სადაც ბოზონებს, შავ ხვრელებს და მათემატიკას სწავლობდა, რომელიც სამყაროს ყველაზე იდუმალ ნაწილებს აღწერს.
ამ კვირაში ბელგიელმა „პატარა აინშტაინმა“ ანტვერპენის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაიცვა, რაც მას ფიზიკის დოქტორის ხარისხის მქონე ყველაზე ახალგაზრდა ადამიანად აქცევს მსოფლიოში.
მისი ნაშრომი იმ იდეებს ეფუძნება, რომლებსაც მკვლევარების უმეტესობა ოცდაათი ან ორმოცი წლის ასაკამდე არც ეხება.
ლორანისთვის ეს ფენომენალური ინტელექტუალური ზრდა ყოველთვის ღრმად პირადული იყო.
საქმე იმაშია, რომ როდესაც ის თერთმეტი წლის იყო, ბებია-ბაბუა დაკარგა, რამაც მას უდიდესი დარტყმა მიაყენა.
მისი თქმით, ამ ფაქტის გამო მისი მიზანი გახდა იმის გაგება, თუ როგორ გავზარდოთ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა — არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ სხვებმა უფრო დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრონ.
მკვლევარები მის განსაკუთრებულ მეხსიერებას ფენომენალურად მიიჩნევენ. ლორანს IQ-ც ძალიან მაღალი აქვს, 145, რაც მხოლოდ ადამიანების 0.1 პროცენტს აღენიშნება პლანეტაზე.
აშშ-სა და ჩინეთის ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უკვე მიმართეს მის ოჯახს სარფიანი შეთავაზებებით, მაგრამ გენიოსი თინეიჯერის მშობლებმა უარი თქვეს შეთავაზებებზე და მოითხოვეს, რომ მათი შვილი საკუთარი ტემპებით განვითარდეს.
ლორანი არ არის ყველაზე ახალგაზრდა დოქტორანტი. ეს რეკორდი კარლ ვიტეს ეკუთვნის, რომელმაც დოქტორის ხარისხი 1814 წელს, ცამეტი წლის ასაკში მოიპოვა, მაგრამ თანამედროვე ფიზიკაში მისი მიღწევები თითქმის შეუდარებელია.
ახლა, თხუთმეტი წლის ასაკში, მას სურს მთლიანად შეიცვალოს მოღვაწეობის სფერო და გადავიდეს მედიცინის შესწავლაზე.
ლორანის გრძელვადიანი ამბიციაა, ხელი შეუწყოს დაბერების კვლევის საზღვრების გაფართოებას. ესაა სფერო, რომელიც სწრაფად ვითარდება, მაგრამ მაინც სავსეა პასუხგაუცემელი კითხვებით.
ლორან სიმონსი სიკვდილის დამარცხებას ცდილობს.
წყარო; დავით ჩუთლაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები