15 აპრილი სიყვარულის დღეა – როგორ აღნიშნავენ ამ დღეს საქართველოსა და ყაზახეთში

135
SHARE

აპრილი სიყვარულის თვეა. ყველაზე მეტად კი იგი სიყვარულთან მხოლოდ ერთი დღით, 15 აპრილს ასოცირდება. წლების წინ მისი აღნიშვნა რუსთაველის თეატრში გამართული კონცერტით დაიწყო და მას ტრადიციული სახე მიეცა. საზოგადოების ნაწილი სიყვარულის დღედ 15 აპრილს დღემდე აღნიშნავს, ნაწილი კი 14 აპრილს წმინდა ვალენტინობის დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს სიყვარულის ნიშნად წყვილები ერთმანეთს ყვავილებს ჩუქნიან.
საქართველოსგან განსხვავებით, ყაზახეთში 15 აპრილს სიყვარულის დღედ  დღემდე აღნიშნავენ.
ყაზახეთის მთავრობამ ოფიციალურად 2011 წელს   15 აპრილი სიყვარულის დღედ დააკანონა რამაც დასავლური ვალენტინობა ჩაანაცვლა.
ქალაქ ალმათის მერიამ არა მარტო დააკანონა ყაზახური სიყვარულის დღე, არამედ სკოლების დირექციებს წერილობით ურჩია ახალი თარიღის აღნიშვნა.
ეს დღე მასშტაბურად აღინიშნება ქვეყანაში: აპრილის დასაწყისიდან თვის ბოლომდე. ამიტომაც ყაზახურ სიყვარულის დღეს ოფიციალურად „სიყვარულის დიდ ფესტივალს“ უწოდებენ.
ყაზახური სიყვარულის დღე ეძღვნებათ XIII-XIV საუკუნეების ყაზახური ეპოსის გმირებს — კოზი კორპეშსა და ბაიან-სულუს. ეს პოემა, რომელიც პირველად 1831 წელს ჩაიწერეს, გვიამბობს ლამაზი, თუმცა ტრაგიკული სიყვარულის ამბავს.

15 აპრილს ასევე  ტარდება ახალგაზრდა წყვილების კონკურსი სასიყვარულო პოეზიის კითხვასა და ლექსის შეთხზვაში, საცეკვაო ტურნირი, ირჩევენ სიყვარულის მეფე-დედოფლად ყველაზე ლამაზ წყვილს,  სკოლებში მიმდინარეობს თემატური გაკვეთილები და გამოსცემენ კედლის გაზეთს „ყაზახეთის შეყვარებულთა დღე“.
2012 წელს ფესტივალის ეგიდით ჩატარდა „მახაბატიზაციის“ კონკურსი, რომლის მიზანიც იყო მარტოხელა სტუდენტების დაწყვილება. ამ კონკურსში 20 ათასმა ყაზახმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.  სწორედ ყაზახური სიყვარულის დღეს მოეწყო ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ფლეშ-მობი, როდესაც 3-ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა კოზი კორპეშისა და ბაიან-სულუს დღესთან დაკავშირებით და ალმათის ღამის ცაში მოციმციმე ჩინური ფარნები გაუშვა.
2015 წლის გაზაფხულზე ალმათიში, გოგოლისა და ბუზურბაევის ქუჩების გადაკვეთაზე, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, რესტორან „მარადიული ზეცის“ საზაფხულო ტერასაზე დადგეს სიყვარულის შადრევანი „სუ-პერი“  რომლის ცენტრშიც ქალთევზაა. სკულპტურა ეკუთვნის ბაურჟან ჟუასბაევს.
თურქმენული ლეგენდის მიხედვით, სუ-პერი შეყვარებულთა მფარველია. შადრევნის გახსნის ცერემონიის დამთავრების შემდეგ, იქვე ჩატარდა 5-წლიანი სტაჟის მქონე შეყვარებული წყვილის — ნურლან ოსპანისა და ნარგიზ ნარმამბეტოვას ქორწინების რიტუალი.
ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალდაქორწინებულებმა შადრევანთან იცეკვეს.
სიყვარულის შადრევნის მახლობლად, გოგოლისა და ფურმანოვის გადაკვეთაზე, ყაზახებს შეყვარებული შუქნიშანი აქვთ, რომელიც მწვანეს გულის ფორმით ანათებს.
2016 წლის 15 აპრილს ყაზახეთის რეკორდების წიგნში მოხვდა 1945 წელს დაქორწინებული წყვილი, 95 წლის სულთან ჯიენბაევი და 94 წლის ნურანია ადელშინა, როგორც მყარი ოჯახის სიმბოლო. 

Comments

comments