ანომალიები არსებობს ბუნებაში და ყველა ადამიანი სხვადასხვა ახსნას უძებნის ამას. დღესაც ბევრს სჯერა, რომ არსებობენ სულები, რომლებიც სახლში უცნაურ ხმებს გამოსცემენ ან ნივთებს ადგილებს უცვლიან. ამ ყველაფერს ყველა სხვადასხვა ახსნას უძებნის.
მაგალითისთვის გავიხსენოთ ბოლო დროს გახმაურებული ამბავი, ჯავის ქუჩაზე მდებარე სახლში ხალხის თქმით, მოჩვენება ცხოვრობს, უცნაურ ხმებს გამოსცემს და ხალხს აშინებს. ამბობდნენ, თითქოს იქ სომეხ “მილიონერ” თათოზას ცოლი მოუკლავს და ამის შემდეგ დაწყებულა ეს ამბები. რეალურად კი ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა, ეს ხალხის მიერ აგორებული ჭორები ყოფილა, რომელიც ზღაპარს უფრო მოგაგონებდა. ზოგიერთი კი მართლაც რეალურის მსგავსია. ჩემთვისაც მოუყოლიათ ისეთი ამბები, რომლებსაც ახსნას ვერანაირად ვერ ვუძებნი, ალბათ ასე ხართ თქვენც, ამიტომ გადავწყვიტე გავსაუბრებოდი სასულიერო პირებს, მკურნალებს რომლებიც ზებუნებრივი ძალით მკურნალობენ ხალხს და ფსიქოლოგს.
პირველად გავემართე მკურნალთან, ქალბატონ გიული მუკნიაშვილთან, ის საქართველოში სახელგანთქმული ქალბატონია და ბევრი მიდის მასთან სამკურნალოდ. მისი თქმით, მას ღვთიური ძალა აქვს და ასე კურნავს ხალხს.
– როგორ და როდის აღმოაჩინეთ თქვენში ეს ძალა და როგორ მკურნალობთ ხალხს?
– მედიცინა ხანდახან უძლურია და ზოგიერთი დაავადების განკურნება არ შეუძლია, სწორედ ამიტომ ვარსებობთ პარაფსიქოლოგები. ეს ისეთი მეცნიერებაა, რომელიც ჯერ კიდევ ამოუცნობ ფენომენად ითვლება. მე ბავშვობიდან აღმოვაჩინე ჩემში ეს ძალა, პატარაობიდანვე დავდიოდი ეკლესიაში. ვიღაც ავად რომ გახდებოდა და ექიმები ვერაფერს შველოდნენ, სწორედ მაშინ მეძახდნენ მე. რაც უნდა საოცრად მოგეჩვენოთ, ხელის ერთი გადასმითაც შემეძლო ადამიანის განკურნება. სამკურნალო წამლებსაც ვამზადები. ბიოსამკურნალო ენერგიის ქონა ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
– ალბათ თქვენთანაც მოდიან ადამიანები, რომლებიც გიყვებიან, რომ ღამით ხმები ჩაესმით ან მათ სახლში ნივთები თავისით მოძრაობენ…
– ეს ყველაფერი ეშმაკისგან მოდის, ხალხს შიში რომ ჩაუნერგოს, თუ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ასეთი რამ არ დაემართება. სწორედ ამისთვის ვარ მე, რომ ასეთ ადამიანებს დავეხმარო. ბავშვობაში მეც მქონდა ხილვები. ხშირად გამომცხადებიან ანგელოზები, ოღონდ ამას მაშინ არავის ვეუბნებოდი, დავდიოდი ტაძარში და იქიდან გამოსვლის შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დავფრინავდი. ასეთი რამ ბევრს არ ემართება, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხისთვის მემკურნალა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეკლესიის წარმომადგენლებიც ასე ფიქრობენ, რომ სახლში უცნაურ ხმებს ეშმაკები გამოსცემენ, სწორედ ისინი აადგილებენ ნივთებს ხალხის შესაშინებლად და არანაირი სულები არ არსებობენ დედამიწაზე. სამკურნალო ბიოენერგიას კი ხალხს ძირითად შემთხვევაში ეშმაკი ანიჭებს. მათივე თქმით, არ შეიძლება სულების გამოძახება, რადგან სულების მაგივრად ეშმაკი მოდის და თქვენს შეშინებას ცდილობს.
ამ ორი მოსაზრების გაგების შემდეგ გავემართეEბატონ რეზო ჯორბენაძესთან, რათა ფსიქოლოგების აზრი გამეგო ამ თემაზე. მასთან მისვლამდე გადავწყვიტე, რამდენიმე პარანორმალურ ისტორიას გავცნობოდი. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამბავს თქვენც მოგიყვებით:
1930 წელს ინდოეთის დედაქალაქ დელიში მცხოვრებმა 4 წლის გოგონამ, სახელად შანტი დევა, თავის მშობლებს გამოუცხადა, რომ ერთ დროს იგი ცხოვრობდა სოფელ მუტრაში, იყო სამი შვილის დედა, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა და რომ მისი წინა სახელი იყო ლუდჯი. გამომდინარე იქიდან, რომ გოგონა უწყვეტად იმეორებდა ამ ისტორიას, მისმა მშობლებმა გამოძიება დაიწყეს. მათ აღმოაჩინეს, რომ მართლაც არსებობდა სოფელი სახელად მუტრა და ამ სოფელში მართლაც ცხოვრობდა ქალი სახელად ლუდჯი, რომელიც ახალი გარდაცვლილი იყო. მათ შანტი ამ სოფელში მიიყვანეს. 4 წლის ბავშვმა მოულოდნელად ადგილობრივ დიალექტზე დაიწყო საუბარი და ამოიცნო მისი ქმარი და ბავშვები წინა ცხოვრებიდან. მან ასევე გაიხსენა ფაქტები გარდაცვლილი ქალის ცხოვრებიდან, რომელთაგან ყველა სიმართლეს შეესაბამებოდა.B
ბატონმა რეზომ სიამოვნებით გამცა კითხვებზე ამომწურავი პასუხები…
– არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ უცნაური და პარანორმალური ამბები გადახდენიათ თავს…
– ბევრი ჰყვება იმის შესახებ, რომ მათ სახლში პოლტერგეისტები არსებობენ და ნივთები სახლში თავისით გადაადგილდება. ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი უკავშირდება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ცნობიერებას. ის რაც გარემოში ხდება, ადამიანში აისახება. ბოლო ხანებში ბევრი წერს დიდ ადამიანებზე ან მფრინავ თეფშებზე, ამ ყველაფერსაც პარანორმალურ მოვლენად აღიქვამენ. საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, რომელსაც მისტიკურ იარლიყს აკერებენ, რადგან იქ მომხდარი მოვლენების ახსნა შეუძლებელია. ფსიქოლოგმა იუნგმა ამ ყველაფერზე საკმაოდ კარგი ნაშრომი შექმნა. ის თვლის, რომ ადამიანი ელის გადამრჩენს და ამიტომ ქმიან არარსებულ მითებს დიდ ადამიანებზე ან უცხოპლანეტელებზე. მსგავს მოსაზრებებს ფესვების გადგმაში ხელი შეუწყო ფილმებმა და საიდუმლო მასალების გამოქვეყნებამ ინტერნეტში. თუ ამ დინამიკას დავაკვირდებით უცხოპლანეტელები ჩვენს დასახმარებლად მოდიან, შემდეგ შეიცვალნენ და დედამიწის გასანადგურებლად მოდიან, ახლანდელ ფილმებს თუ დავუკვირდებით უკვე არსებობენ კეთილი და ბოროტი უცხოპლანეტელები, ეს ყველაფერი კი ადამიანებზე მოქმედებს. მე ვთვლი, რომ კრიზისულ მდგომარეობაში უფრო ვაკვირდებით უცნაურ მოვლენებს, რომლებზე დაკვირვებაზეც ადრე თავს არ შევიწუხებდით. ოთხი წლის წინ მახსოვს ამბობდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში სული დადიოდა, ადამიანების გარკვეულ ნაწილს ეს სჯეროდა. ბევრი დადის ჯადოს მოსახსნელადაც. ასეთ ადამიანზე ზემოქმედება იოლია და ბევრი შარლატანი ამ ფაქტს იყენებს.
– არსებობს ფოტო და ვიდეომასალები, რომლებზეც უცნაური არსებები არიან დაფიქსირებულები…
– არის ბევრი ფალსიფიცირებული მასალა. ბუნებრივია ანომალიები არსებობს ბუნებაში და ყველა სხვადასხვა ახსნას უძებნის, ეს ადამიანის აზროვნებაშია ჩამჯდარი, რომ ასეთი რამ ირწმუნოს. ერთ-ერთ ოჯახში “დამავოის” ნამცხვრებს უდებდნენ, რომელიც დილით აღარ ხვდებოდათ, მსგავს ფაქტს მე ახსნას ვერ ვუძებნი. მთავარია, ჩვენში აღმოვაჩინოთ ის ძალა, რომ ამას მითოლოგიური აზროვნების კუთხით არ შევხედოთ. ზოგი ასეთ ფაქტს იგონებს, ზოგი არა, ეს შესასწავლია.
– რასთან გვაქვს საქმე, როდესაც მასობრივად ამტკიცებენ, რომ რაღაც უცნაური მოვლენა ნახეს?
– ესაა კოლექტიური არაცნობიერი, ერთმა თქვა და გავრცელდა. შესაძლოა, ერთი სოფელი ხედავს ციურ სხეულს, თითქოს ტრანსში არიან, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტი არავის აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ ფუნიკულორის გზაზე ერთ მონაკვეთში მანქანები თავისით დადიან აღმართზე, ეს აღქმის ილუზიაა ლანდშაფტზე და სინამდვილეში იქ დაღმართია.
– რას გვეტყვით მკითხავებზე?
– შარლატანები ძველ დროშიც არსებობდნენ და ახლაც არიან.Aადრე არსებობდა მკითხავი ბარნუბი. ის ხალხს ტანსაცმლის მიხედვით მკითხაობდა, მათ ჩაცმულობაზე ეტყობოდათ რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ, ქალბატონები გათხოვილები იყვნენ თუ არა და ასე შემდეგ. ბარნუბი მათ მომავალზე ესაუბრებოდა. ამ ფაქტით ფსიქოლოგები დაინტერესდნენ და დაადგინეს, რომ ის ზოგადი ტერმინებით საუბრობდა და ასე არწმუებდა ადამიანს ყველაფერს. ისინიც სამომავლოდ ისე იქცეოდნენ, როგორც ბარნუბი ეუბნებოდა.Eესეც თავდაჯერებაა. ერთ-ერთი კვლევის დროს შეკრიბეს ხალხი, დაუსვეს კითხვები და გამოიკვლიეს მათი პიროვნება, ტესტის პასუხები შეინახეს და შეცდომით დაწერილი პასუხები კვლევის მონაწილეებს შეუტანეს, ისინი ამ პასუხებს დაეთანხმნენ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთები არ იყვნენ. ბარნუბს ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: “გულუბრყვილო ადამიანები ყოველ წამს იბადებიან დედამიწაზე”, მათ ის სწამთ, რასაც საკუთარ თავზე ეუბნებიან. ზეგავლენას ახდენს ადამიანზე ჰოროსკოპებიც, ადამიანი ისე იქცევა, როგორც იქ წერია.
ბატონ რეზოსთან საუბრის შემდეგ ცოტა დავმშვიდდი, ახლა ვიცი, რომ არავის ლაპარაკს არ უნდა დავუგდო ყური და არაფერი მომელანდება.
წყარო: http://www.gzapress.ge