13 სექტემბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება მოხდება – რას გვირჩევენ ასტროლოგები

181
SHARE

ასტროლოგები 13 სექტემბერს მზის ნაწილობრივ დაბნელებას პროგნოზირებენ. აღსანიშნავია, რომ მოვლენა 2015 წელს უკვე მეორედ მოხდება.
როგორც „კვირას“ ასტროლოგმა თორნიკე ბიძინაშვილმა განუცხადა, პირველისგან განსხვავებით, რომელიც 20 მარტს მოხდა, ეს იქნება მზის ნაწილობრივი დაბნელება.
მისივე თქმით, ეს პერიოდი ყველაზე მეტად ქალწულის, თევზების, ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნებზე იმოქმედებს. ამ ნიშნებისთვის აუცილებელია დაბნელებამდე 3 დღე და დაბნელების შემდგომი სამი დღე სრულ სიმშვიდეში გაატარონ და არავითარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღონ და არც რაიმე მოიმოქმედონ.
„ნებისმიერი დაბნელება თავის თავში ატარებს კოსმოსის მესიჯს, მინიშნებას, გაკვეთილს. ამ დაბნელების მთავარი თემა კი ვალდებულებაა – შევძლოთ გარკვეული პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე . განსაკუთრებით ეს ოჯახურ სიტუაციებს ეხება.
იუპიტერი-ნეპტუნის ოპოზიცია მიგვანიშნებს, რომ ილუზიებისგან გათავისუფლებისა და იმ პრობლემების მოგვარების დრო დადგა, რომელიც უკვე წლებია მოუგვარებელია.
ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა წყლის ნიშნებს დასჭირდებათ, რადგან შეიძლება დაიბნენ და აირიონ საკუთარ ცხოვრებისეულ მოვლენებში.
ამ დაბნელებას არ ექნება მკვეთრად გამოხატული გარეგანი ზეგავლენა, ისევე როგორც მის მომდევნო მთვარის დაბნელებას. ისინი უფრო ჩვენს შინაგან და ქვეცნობიერ თემებზე იმოქმედებენ. ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ და ნუ მიიღებთ ამ დღეებში ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე, მით უფრო, რომ დაბნელების დღეს სავსე მთვარე იქნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რაც პირდაპირ ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობებს ეხება“, – ამბობს თორნიკე ბიძინაშვილი.
როგორც ასტროლოგები გვაფრთხილებენ, მზის დაბნელებას მშვიდად უნდა შევხვდეთ. არ უნდა აყვეთ მოჭარბებულ ემოციებს და ეჭვების მოსალოდნელ გამძაფრებას.
„შეეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სექტემბრის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რათა 13-ის შემდეგ დააგდოთ სოციალური აქტივობის ტემპი და უფრო მეტი ყურადღება საკუთარ შინაგან სამყაროს დაუთმოთ.
სექტემბრის მეორე ნახევარი კარგი იქნება საკუთარი ცხოვრების გააზრებისა და გადახედვისთვის, განსაკუთრებით კი, იმ მოვლენებისა, რომელიც წლის პირველ ნახევარში მოხდა. ნუ შეეცდებით აქტიურად ცხოვრებას და მოქმედებას, რათა თქვენს ცხოვრებაში არ მოხდეს „ზაზუნას დღე“ – ანუ სიტუაცია, როცა პრობლემები მეორდება და მათი გადაწყვეტის არანაირი შანსი არ არსებობს. განსაკუთრებით, ილუზიური ქმედებებისა და ფიქრებისკენ გვიბიძგებს 13-21 სექტემბრის პერიოდი, ძალიან დიდი იქნება შეცდომების ალბათობა, გაურკვევლობები წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. ადამიანებს გაუჭირდებათ აღიქვან სხვა ადამიანების დამოკიდებულება მათდამი, იმატებს ეჭვიანობა და უნდობლობა, საბოლოოდ, რაც მიგვიყვანს ნებისმიერი პარტნიორული (ოჯახი, სამსახური და ა.შ.) ურთიერთობის გაწყვეტამდე, ამიტომ შეეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დიპლომატიურები და ფრთხილად გადალახოთ ეს პერიოდი“, – ამბობს თორნიკე ბიძინაშვილი.

Comments

comments