13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)

1245
SHARE

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქედან ორი, ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება. ასევე, დაღუპულებს შორის იყვნენ ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიის ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, ზოოპარკის გარეთ აღმოჩნდა ბეჰემოტი ბეგიც. ცხოველების ნაწილი ლიკვიდირებული იქნა, ნაწილი ზოოპარკის თანამშრომლებმა დააბრუნეს ვოლიერებში, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით ქალაქში მტაცებელი ცხოველები აღარ იყო, 17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს.

სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა რამაც მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.

FB კომენტარები

კომენტარი