12 წლის გოგონას მამა იძულებით ათხოვებს

როდესაც ჰალიმას მამამ უთხრა, რომ მის გათხოვებას გეგმავდა, 12 წლის გოგომ სასტიკი უარი განუცხადა.

“მამაჩემმა ჩემი დები გაათხოვა და ახლა უნდა, მეც გამათხოვოს. მე არ მინდა,” – ამბობს ჰალიმა.

იემენში ბავშვების დაქორწინება საკმაოდ ხშირია, რაც სიღარიბით და უკიდურესად კონსერვატიული კულტურით არის განპირობებული. იემენელი გოგონების ორი მესამედი 18 წლამდე ასაკში თხოვდება.

თუმცა ჰალიმას არ სურს, ამ საზარელი სტატისტიკის ნაწილი იყოს.

“მეხუთე კლასში ვარ, მინდა, სკოლა დავამთავრო, გავხდე ექიმი, ღმერთის ნებით. ჩემი ბევრი კლასელი გათხოვდა სკოლიდან,” – ამბობს ჰალიმა, რომელსაც სკოლის უნიფორმა – მწვანე აბაია აცვია.

ასეთი აღმოჩნდა ჰალიმას დის, კაფას ბედიც – 13 წლის იყო, როდესაც 15 წლით უფროს მამაკაცს გაჰყვა.

“მე რომ არჩევანი მქონოდა, სკოლაში ვივლიდი, განათლებას მივიღებდი. არ მინდოდა გათხოვება, მაიძულეს. ჩემთვის არაფერს ნიშნავდა გათხოვება, ბავშვი ვიყავი,” – ჰყვება კაფა.

ქორწინებიდან 4 წელი გავიდა, გოგონას 4 შვილი შეეძინა, თავად 17 წლის არის.

“მშობიარობა ძალიან გამიჭირდა, ოთხივეჯერ ოპერაცია დამჭირდა. 7-დან 10 დღემდე საავადმყოფოში ვრჩებოდი, ყველა მშობიარობის შემდეგ,” – ამბობს კაფა.

გოგონების მამა, აბდულა, ფიზიკურად მუშაობს და როგორც თავად ამბობს – შვილები, შვილიშვილები, ნათესავები, 17 ადამიანი უნდა გამოკვებოს.

სწორედ ამ მიზეზით, აბდულას მსგავსად მამები ცდილობენ, გოგონები მალე გაათხოვონ და სიძისგან მზითვად თანხა მიიღონ. კაფასთვის ბიჭის ოჯახმა აბდულას 2 ათასი დოლარი გადაუხადა.

“მინდა მაპატიო, ასეთი პატარა რომ გაგათხოვე. ფული მჭირდებოდა, ოჯახი რომ შემენახა. გაგათხოვე იმიტომ, რომ შენს დებს და დედას საჭმელი ჰქონოდათ, იძულებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი და ბოდიშს გიხდი,” – ეუბნება აბდულა კაფას.

იემენში, დაახლოებით, 2 მლნ ბავშვი შიმშილის ზღვარზეა, 1 მლნ კი ქოლერით არის დაავადებული.

ყველა პრობლემა ომით არის გამოწეული. გაერო-ს ინფორმაციით, 5 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა იემენში 2015 წლის მარტის შემდეგ.

კაფას საკუთარი შვილებისთვის სხვანაირი მომავალი სურს და იმედი აქვს, მათ განათლებას, უკეთესი მომავლის შანსს მისცემს.

“ისინი მაშინ გათხოვდებიან, როცა ენდომებათ და არა მაშინ, როცა მე მენდომება,” – ამბობს კაფა.

წყარო:http://www.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები