ყველა მშობელი ნერვიულობს, როცა ბავშვი ცუდად ჭამს. უმადო და უჭმელი ბავშვების მშობლები გამუდმებით ახალ გზებს ეძებენ, როგორ გაუღვიძონ პატარას მადა. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ წესს, რომელიც მადის მომატებას ხელს უწყობს.
თუ ახალ საჭმელს სთავაზობთ და თქვენი შვილი მასზე უარს ამბობს, ნუ აიძულებთ. რამდენიმე დღეში ხელახლა შესთავაზეთ. როგორც წესი, საშუალოდ 5 მცდელობა სჭირდება, სანამ ბავშვი ახალ საკვებს მიიღებს.
აჭამეთ ბავშვს მხოლოდ პატარა ლუკმებით, რომლებიც ადვილად იღეჭება. ეს წესი განსაკუთრებით ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან გამოიყენეთ.
არასოდეს დააძალოთ ბავშვებს ჭამა: კვება უნდა იყოს მშვიდი პროცესი და არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვიოს სტრესი.
ნუ აიძულებთ ბავშვებს ადრეულ ასაკში დაიწყონ დანა-ჩანგლის მოხმარება. აუხსენით როგორ გამოიყენოს და ნება მიეცით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. როდესაც შესაბამისი უნარები მომწიფდება, დანა-ჩანგლის გამოყენებასაც თავად დაიწყებს.
კარგად მოქმედებს ლამაზად გაფორმებული კერძები, განსაკუთრებით თუ მათ ცხოველების, მანქანების და სხვადასხვა ფიგურის ფორმა აქვთ. ასევე გარკვეული ეფექტი აქვს ლამაზ, ფერად ჭურჭელსაც.
თუ ბავშვს არ სურს ბოსტნეულის ჭამა, შეაპარეთ ის მისთვის საყვარელ პროდუქტთან ერთად. მაგალითად, თუ უყვარს კარტოფილის პიურე, მაგრამ არ ჭამს ბროკოლს, შეგიძლიათ პიურეს დაბლენდერებული ბროკოლის პიურე შეურიოთ.
წაიყვანეთ თქვენი ბავშვები საყიდლებზე. აუხსენით, რა სახის პროდუქტს ყიდულობთ, როგორი საკვების მომზადებას აპირებთ. სახლში ნება მიეცით თქვენს შვილს, თქვენთან ერთად გახსნას და შეინახოს შინ მოტანილი პროდუქტი. მიეცით საშუალება შეეხოს და სურნელი იგრძნოს ხილისა და ბოსტნეულის.
ჩართეთ თქვენი ბავშვი სამზარეულოში. სცადეთ საკვების მომზადება ერთად. მიეცით ბავშვს უფლება, მოზილოს ცომი, გატეხოს კვერცხები. მას შეუძლია მარტივი რაღაცების კეთება, ისწავლის პროდუქტების მოხმარებას, გაერკვევა მომზადების პროცესებში.
თუ, ჰგონიათ, თქვენი შვილები ძალიან ბევრს ან ცოტას ჭამენ, მაგრამ ამავდროულად ნორმალური ზრდა აქვთ და წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნებათ, მაშინ არ გაქვთ წუხილის მიზეზი. ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში და მეტაბოლიზმი გავლენას ახდენს ყოველდღიური კალორიების მოთხოვნილებაზე.
თუ თქვენი ბავშვები ამბობენ, რომ საკვები ცუდია, ჰკითხეთ, რატომ. სთხოვეთ ბავშვს, უფრო დეტალურად ახსნას, რა არის მიზეზი, რაც შეიძლება მეტი შეკითხვა დაუსვით. ძალიან ტკბილია? ძალიან მწარეა? ძალიან მშრალია?… არ აქვს მნიშვნელობა, პასუხი ობიქტურია თუ არა. კარგია, რომ ბავშვები ისწავლიან გემოთი მიღებული შთაბეჭდილებების გამოხატვას. მაგრამ მაშინაც კი, თუ საუბრის დროს ვერ ამბობენ მიზეზს, რატომ არ მოსწონთ საკვები, ნუ დააძალებთ და ნურც გაღიზიანებას შეიმჩნევთ.
დაიმახსოვრეთ წესი: კვების პროცესი ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს სასადილო მაგიდასთან, ტელეფონებისა და თამაშების გარეშე. არც ტელევიზორის წინ, არც დივანზე, არც სირბილსა და დევნაში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ორიენტირებულნი იყვნენ კვებაზე და სხვა რამე გონება არ გაუფანტოს.
კარგია, თუ მთელი ოჯახი საჭმელად სუფრასთან ერთად შეიკრიბებით. მნიშვნელოვანია, რომ კვებისას ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეს მხიარული და პოზიტიური კომუნიკაცია.
წყარო: https://www.mshoblebi.ge