12 მეთოდი – როგორ გავხდეთ ცნობადები 1 კვირაში

  1. წადით მონასტერში, მონასტრიდან კი პირდაპირი რეისით ცირკისკენ გამოემართეთ, ან გზაში, რამდენიმე ტიტლიკანა ფოტო გამოდეთ. თუ მონასტრამდე გეზარებათ, სტიქაროსანი ან უბრალოდ მეტისმეტად მორწმუნის იმიჯი მოირგეთ.
  2. თუ გოგონა ხართ – გამოფინეთ საჯაროდ შიშველი მკერდი, ან კამერის წინ გაიხადეთ, თუ ბიჭი – შიშველ საჯდომს გადაუღეთ ფოტო და „დაპოსტეთ“ ფეისბუქზე. მალევე მიგიწვევთ ბატონი ჯაჯანიძე, სადაც აწ უკვე „პატივცემული“, ყოფილი მეძავები გამოგლანძღავენ, ხალხი თქვენს მხარეს დაიჭერს, თუმცა გარეთ გამოსულს, მაინც დაგილურჯებთ მარჯვენა თვალს ვინმე, უსექსო ქართველი ვაჟკაცი. ჰო და, მერე წაბრძანდებით პროფილში, სადაც მაიასთან ერთად იტირებთ და მოყვებით: გეტკინათ, თუ გეწყინათ და ეგაა.
  3. დაწერეთ ლექსი, რამე „ფიქრები – ერთად ვიქნებით“ ჟანრში, მერე ჩაწერეთ აგრესიული მანერით კამერის სელფი მოუდით, ბუჩქის, ან “სწენკის” ფონზე… აქ აუცილებელია „ლასი“ გქონდეთ რბილი, ცოტა იქინე-აქანე და რაც მთავარია – უნდა ყვიროდეთ წაკითხვისას. აი, წარმოდგინეთ, რომ ვინმეს აგინებთ, უბრალოდ სიტყვები იქნება სიყვარულზე. გახდებით ინტერნეტვარსკვლავები და ამჯერად ნანუკას შოუში მოხვდებით, მერე ტაშს დაგიკრავენ, თქვენც თანამედროვე გალაკტიონად იგრძნობთ თავს, ხოლო ნაკლებად განათლებული, მაგრამ მეტისმეტად „დანამული“ პატარა გოგო-ბიჭები სახის ხოკვა-პორჭყვნით „დაგაშეარებენ“, მეტი რა გინდათ.
  4. მამრებმა მიეცით ინტერვიუ, რომ ქალი არასდროს გაგიბედავთ მოკლე კაბის ჩაცმას, მტვერიც სულ გადაწმენდილი ექნება, თორემ სახის ძვლებს გადაუწმენდთ, საყვარელ ფრაზად „ნასკი გამხადე, ქალო“ დაასახელეთ. გოგონებმა, ბარბის გამომეტყველებით – მონური მორჩილება აღუთქვით პოტენციურ ქმრებს. მერე წავა გაზიარებები, ცოტას ან ცოტაზე მეტს გაგინებენ, მაგრამ ვარსკვლავობის „ლეველი“ ხომ იქნება მოწოდების სიმაღლეზე.
  5. დაწექით ნახევარ თბილისთან და მოულოდნელად შეიცვალეთ, ჩადრი ჩამოიფარეთ სახეზე, თავზე შარავანდედი გამოისახეთ და მორალი წაუკითხეთ სხვებს, თუ არგუმენტაცია შემოგაკლდებათ (ინტელექტიც კაი საქონელია) – ბიბლიიდან წაუკითხეთ მცნებები.
  6. „გახდით“ ტრანსგენდერი, მერე მოულოდნელად ჩაიცვით ჩოხა და დაგმეთ ლგბტ თემი, შიგადაშიგ სამებაშიც „დაჩექინდით“, ესეც რომ მობეზრდება ხალხს განსახილველად, მერე დაჰკარით ფეხი და გათხოვდით. სახელებიც რამდენიმე გქონდეთ, კარგად მუშაობს, ხან ავთანდილი იქნებით, ხან ციცო, ხან ისევ ავთანდილი და ასე.
  7. სხეულზე ჯვრები დაიხატეთ, მერე ცოტა იფართხალეთ და განაცხადეთ, რომ ეს ყველაფერი გამოგესახათ, რომ უფლის რჩეული ხართ და მოწიწება მოითხოვეთ, ერის ნაწილს ამითაც დააბოლებთ.
  8. დაიჭირეთ ბიბლია და აკრიტიკეთ მცნებები, პატრიარქსაც თუ აგინებთ – პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებთ – საავტორო უფლებების წართმევისთვის ვინმე თეა და თინა გიჩივლებენ, თუმცა რაკი არ ექნებათ დაპატენტებული, სასამართლო თქვენს სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს.
  9. გახდით სასულიერო პირი, იარეთ ფიტნესში ანაფორით, დალიეთ, გაერთეთ, საჯაროდ „აყარეთ ნაშობა“, ან პირიქით – გლამურს მიაწექით, გააკეთეთ ღრმად „თანამედროვე“ განცხადებები, დადეთ დღეში 800 სელფი, ანაფორა ექსკლუზიურად „ვერსაჩეს“ შეუკვეთეთ…
  10. მოყევით, როგორ გიზიდავთ ორალური სექსი, აღწერეთ დეტალებში თქვენი გამოცდილება, თემატურ ფოტოსაც თუ დადებთ, „თლა უკეთესი“ – ერის გამხრწნელად მოგიაზრებენ, შეგიძულებენ, მაგრამ თქვენ ამით სიამოვნებას მიიღებთ მხოლოდ.
  11. თქვით რამე სისულელე, მაგ: დაინახეთ, როგორ ჰქონდათ სექსი თვითმფრინავში, რომელმაც თბილისის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, მივარდით აეროპორტში და მოითხოვეთ, შეეწყვიტათ, პარალელურად შვილს ყურებზე ხელი ააფარეთ, თქვენი გინება რომ ვერ გაეგო. მერე „მძიმე კაცი“ მიგიწვევთ, იქაც უაღრესი გაუნათლებლობა გამოავლინეთ, განაცხადეთ, რომ როგორც კანტი და ჰეგელი იტყოდნენ, ადამიანი ჰიპოპოტამისგან წარმოიშვა. ამავე გადაცემაში შეგიძლიათ გაგვანდოთ, როგორ გიყვართ მოშარდვა სამშობლოზე მეტად და ამჯერად უკვე ერის პატრიოტი ნაწილი გათრევთ.
  12. ვინმე ცნობად ადამიანს „დაუსაყვარელდით“, ოჯახი დაუნგრიეთ, ან ნუ დაუნგრევთ, მთავარია, ბოლოს ეს მემუარებში აღწეროთ. პარალელურად, დანა-ჩანგალს თუ ვერ იშოვნით, შეგიძლიათ ვინმეს ჩამჩა ჩასცხოთ თავში და შედეგიც სახეზე იქნება.

და ბოლოს, ამ ხალხის არსებობაზე მეტად მაოცებს იმ ხალხის არსებობა, ვინც ამათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მეტისმეტად მეუხერხულება ის ფაქტი, რომ აი ასე მარტივად მანიპულირებადი ერი ვართ. თუმცა, შედეგი სახეზეა, ეს მეთოდები დღემდე ამართლებს და, შესაბამისად, მათ სულ უფრო მეტი “ცნობადობას” მოწყურებული პოტენციური “ვარსკვლავი” მიმართავს.

P.S. ყველა პუნქტში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ზოგი მათგანი მისაღებია, ზოგადი ფონია უბრალოდ შემაშფოთებელი.

რაც შეეხება რჩევებს – მშვიდობაში მოიხმარეთ…

წყარო:http://guramsherozia.com/

კომენტარები

სხვა სიახლეები