12 მაისის სავსემთვარეობა – რამაზ გიგაურის პროგნოზი

დღეს, 12 მაისს სავსემთვარეობაა. ამის შესახებ ასტროლოგიურ პროგნოზს ასტროლოგი რამაზ გიგაური აქვეყნებს:
“ემოციური ტრანსფორმაცია და ენერგიის განახლება
/© რამაზ გიგაური/
დღეს, 12 მაისს, თბილისის დროით 20:56 საათზე სავსემთვარეობა იქნება.
ასტროლოგიური თვალსაზრისით მზე-მთვარის დაპირისპირებაა, რომელიც მიანიშნებს ერთი მხრივ გრძნობებისა და ქვეცნობიერის, მეორე მხრივ კი ნებისა და ცნობიერის ძლიერ დისონანსზე. ეს არის ურთიერთშეპირისპირება იმისა: „რაც მინდა“ (მთვარე) და „რაც უნდა გავაკეთო“ (მზე).
დღევანდელი სავსემთვარეობა კურო-მორიელის ღერძზე ხდება, რომელიც მიანიშნებს მატერიალური ენერგიის და სექსუალურობის გაძლიერებაზე. თუ ამ დროს კურო ვლინდება როგორც სტაბილურობა, რეალობის განცდა, მატერიალური კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მიწაზე მყარად დგომა, მორიელი – უკვე თავს იჩენს როგორც ძლიერად გამოხატული ემოციურობა, ფლობისა და კონტროლის მძაფრი სურვილი, ეჭვი, შურისძიება, შიში და შფოთვა.
ეს ენერგიის ღერძია, ამიტომ ეს სავსემთვარეობა მოიტანს არა მხოლოდ ემოციურ ტრანსფორმაციას, არამედ ბევრი მიმართულებით ენერგიის განახლებას. ფაქტობრივად, ეს არის მთვარის თვის კულმინაცია, როდესაც ხდება ენერგიის გამოთავისუფლება, მიზნის მკაფიოდ დანახვა, წვდომა, გრძნობების „აფეთქება“, ინფორმაციის გამჟღავნება, სიბნელის გაფანტვა, სრული სინათლის გამოვლენა. ამ დროს მთვარე სრულად ირეკლავს მზის შუქს, ასე რომ, სიმბოლურად, ეს არის დღე, როდესაც მთვარის ციკლში ყველაფერი იოლად შეიძლება შევამჩნიოთ, დავინახოთ და გავიგოთ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სავსემთვარეობისას, მზე შეერთებაშია ურანთან, რაც ადამიანებში თავისუფლებისკენ გაძლიერებულ სწრაფვაზე, ასევე უცნაური, ორიგინალური, არასტანდარტული იდეების რეალიზაციაზე მიანიშნებს.
ამ დღეებში გააქტიურდება ცნებები „ჩემი“ და „შენი“ („თქვენი“), რამაც შესაძლოა გაამძაფროს მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მომენტი.
მუნდანური თვალსაზრისით ეს მიანიშნებს გარდატეხებზე ფინანსურ სისტემებში, ეკონომიკურ ცვლილებებზე, მნიშვნელოვან ძვრებზე კრიპტოვალუტასთან და საბანკო სისტემებთან დაკავშირებულით.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს შეიძლება იყოს ურთიერთობებში მანიპულაციები, ეჭვიანობა და კონტროლი. გარდა ამისა, ეს იქნება საკუთარ რესურსების, პოტენციალის შეფასება და დასკვნების გამოტანა. ეს დღეები მოიტანს „ენერგეტიკულ“ უკმარისობას, რიგ შემთხვევაში კი აფექტურ გადაწყვეტილებებს და დამანგრეველი გადაწყვეტილებების მიღებას. გარდა ამისა, ეს იქნება კოლექტიური არაცნობიერის აქტივაცია, რაც შეიძლება გამოიხატოს ბუნებრივ კატაკლიზმებში და სოციალურ პროტესტებში.
არასასიკეთო პერიოდია:
* პირადი პრობლემების გარკვევისთვის;
* ფსიქოლოგიურად რთული თემების მოგვარებისთვის;
* ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრისთვის;
* მოულოდნელი და დაუგეგმავი ცვლილებების განხორციელებისთვის;
* ფინანსურ რისკებზე წასვლისთვის;
* საიდუმლოების გამჟღავნებისთვის (მატულობს ამის გამო ცუდ სიტუაციაში აღმოჩენის ალბათობა).
სასიკეთო პერიოდია:
* საკუთარ „ჩრდილთან“ მუშაობისთვის;
* მედიტაციისთვის;
* ფსიქოლოგიური თერაპიის დაწყებისთვის („რა მტკენს?“, „რა დავამთავრო?“);
* ფსიქოლოგიური „ბლოკებისგან“ გათავისუფლებისთვის;
* ძველი „ნანგრევების“ გაწმენდისთვის და მასზე ახლის მშენებლობისთვის;
* ემოციური და ფიზიკური დეტოქსიკაციისთვის;
* ემოციური და ფიზიკური რეგენერაციისთვის;
* ბუნებაში გასეირნებისთვის;
* ფინანსური ანალიზისთვის და რევიზიისთვის.
ყველას ჰარმონიულ სავსემთვარეობას გისურვებთ!” – წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები