ოპერატორმა 11 წლის გოგონას, რომელმაც 112-ში დარეკა და შველას ითხოვდა, ბავშვს ტელეფონით რჩევები მისცა, პარალელურად შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები გაუგზავნა.
შემთხვევა, რომელიც თბილისში მოხდა შს სამინისტროს პრესსამსახურმა გაასაჯაროა.
„112-ში 11 წლის გოგონა რეკავს..
ოპერატორი 1-1-2 გისმენთ, 1-1-2 გისმენთ
მოქალაქე სასწრაფოს გამოძახება მინდა (10-12 წლის გოგონამ აღელვებული ხმით
უპასუხა ოპერატორს )
ოპერატორი რომელი ქალაქიდან გვიკავშირდებით?
მოქალაქე ….. (ხმა აღარ ისმის)
ოპერატორი მისამართი მითხარით, რომელი ქალაქიდან რეკავთ?
მოქალაქე თბილისიდან (კონტაქტზე ისევ გამოვიდა გოგონა)
ოპერატორი რა გქვია?
მოქალაქე ნინო
ოპერატორი ნინო, ზუსტი მისამართი უნდა მითხრა დროულად რომ აღმოგიჩინოთ
დახმარება
მოქალაქე დედა შემომხედე! (გოგონა ტიროდა. პერიოდულად აღარ უსმენდა
ოპერატორს)
112-ის ოპერატორისათვის შემთხვევის ზუსტი ადგილმდებარეობის (მისამართის) დადგენა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა ზარი შუა საუბრისას გაითიშოს, ვეღარ მოხდეს მოქალაქესთან თავიდან დაკავშირება და შესაბამისად 112 მისამართზე ვეღარ გაგზავნის გადაუდებელი დახმარების საჭირო ბრიგადებს/ეკიპაჟს.
ინიციატორის დაბნეულობას ემატებოდა ცუდი სმენადობა. მიუხედავად ყველაფრისა ოპერატორმა შეძლო მისამართის ყველა დეტალის გაგება, თუმცა ნინო იმდენად ნერვიულობდა, რომ შესაძლოა მისამართი არასწორი ყოფილიყო. მისამართი უნდა დაზუსტებულიყო.
ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგი ეტაპი შემთხვევის ტიპის განსაზღვრაა, რათა საჭირო გადაუდებელი დახმარების ბრიგადების/ეკიპაჟის გაგზავნა მოხდეს მისამართზე.
ოპერატორი ნინო, დამეხმარე, რომ დაგეხმარო… გთხოვ დამშვიდდი და მითხარი რა
ხდება? სასწრაფო გამოსულია და მალე მოვა. დედა ცუდადაა?
მოქალაქე დედიკო, ბებო და ბიძაშვილი. ვეღარ ლაპარაკობენ, არ ვიცი რა ჭირთ
(პარალელურად ისმის პატარა ბავშვის ტირილიც)
ოპერატორი უგონოდ არიან?
მოქალაქე არა, გონზე არიან მაგრამ ვეღარ ლაპარაკობენ… არ ვიცი რა დაემართათ
ოპერატორი მაშინვე მიხვდა, რომ ადგილი შესაძლოა ჰქონოდა აირის გაჟონვას და აღელვებულ მოზარდს პირველადი რეკომენდაციები გაუწია.
ოპერატორი ნინო, ხომ არ იცი გაზის მილს სად აქვს ჩამკეტი?
მოქალაქე კი, ვიცი
ოპერატორი გადაკეტე სასწრაფოდ და ყველა ფანჯარა გამოაღე
მოქალაქე ეხლავე (ნინო ტიროდა, თუმცა ძალიან კარგად ასრულებდა
ოპერატორის მითითებებს)
ოპერატორი შენც როგორ გრძნობ თავს?
მოქალაქე მეც ცუდად ვარ, ფეხები მეკეცება
ოპერატორი ტელეფონი არ გამითიშო, სადარბაზოში გადი და შეეცადე მეზობელი
დამალაპარაკო… შემოსასვლელი კარი ღია დატოვე და მერე ფანჯარასთან
დადექი და ღრმად ისუნთქე სუფთა ჰაერი
როდესაც თითოეული წამი გადამწყვეტი იყო ოპერატორს მისამართის დასაზუსტებლად უფრო სანდო წყარო ესაჭიროებოდა, ამიტომაც სთხოვა ნინოს მეზობლისთვის დაეძახა. საბედნიეროდ მეზობელი სახლში აღმოჩნდა და ოპერატორმა შესძლო მისამართის დაზუსტება.
ოპერატორი გთხოვთ ყურადღებით იყოთ ტელეფონთან, სასწრაფოს ბრიგადა
დაგიკავშირდებათ, გზაშია, 5-7 წუთში ადგილზე იქნება.
მოქალაქე აუცილებლად (უპასუხა მეზობელმა)
რამდენიმე წუთში სასწრაფოსთან ერთად ადგილზე მივიდა ყველა საჭირო გადაუდებელი დახმარების ბრიგადები/ეკიპაჟი. ოთხივე მოქალაქეს ადგილზე გაეწია შესაბამისი დახმარება და დღეს ნინო ძალიან კარგად გრძნობს თავს – დედიკოსთან, ბებიასთან და 7 წლის ბიძაშვილთან ერთად.
რომ არა ოპერატორის მიხვედრილობა, ოპერატიულობა და პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები……
რამდენიმე წამის შემდეგ ოპერატორმა ახალი ზარი მიიღო…
ოპერატორი 1-1-2 გისმენთ
მოქალაქე სტამბოლის მიმართულებით ფრენების განრიგი მითხარით რა
ოპერატორი ბატონო, თქვენ 112-ზე მხოლოდ მაშინ უნდა დარეკოთ, როდესაც
გესაჭიროებათ პოლიციის, სახანძრო-სამაშველოს და სასწრაფო
სამედიცინო ბრიგადის გამოძახება
მოქალაქე ვიცი, მაგრამ ფრენების განრიგი არ იცით??
112-ის ქოლ-ცენტრში ყოველ 4 წამში ერთხელ ახალი ზარი შედის საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან.
მნიშვნელოვანია ყველა, ვინც რეკავს 112-ზე და ვისაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება, სწორად მიაწოდოს ოპერატორს ინფორმაცია შემთხვევის ადგილმდებარეობის შესახებ. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ! „ – წერს შსს -ს პრესსამსამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი სოციალურ ქსელში.