11 რჩევა მათ, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს და თავდაჯერება აკლია

ამერიკელი ფსიქოთერაპევტი ჯენეტ ვოიტიცი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაინტერესდა ალკოჰოლიკების შვილებისა და ნათესავების პრობლემებით. მისი მეუღლე ალკოჰოლიკი გახლდათ. აღმოაჩინე რომ ბავშვები, რომლებიც ალკოჰოლიკი, ნარკომანი, რაიმე დამოკიდებულებების ან ფობიების მქონე მშობლების ოჯახში იზრდებოდნენ, ან ბავშვები, რომელთაც ერთერთი მშობელი აკლდათძალიან დაბალი თვითშეფასებით იზრდებოდნენ და ბევრი პრობლემები ჰქონდათ სოციალიზაციის პროცესში. მისი წიგნი – ალკოჰოლიკების შვილები ბესტსელერად იქცა. ჩვენ სწორედ მის 11 რჩევას გთავაზობთ:
1.ერთადერთი საშუალება გააცნობიეროთ ვინ ხართ, არის იმის პოვნა, რაც თქვენ შეგეფერებათ.

2. ურთიერთობებში პრობლემების შესახებ საუბარი და განხილვა, ამცირებს მიტოვების შიშს.

3. ნუ ცდილობთ გაერკვეთ რა არის ნორმა. უნდა გაიაზროთ, რომ ცნება ნორმალური არ არსებობს.უმჯობესია გაერკვეთ რა არის თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის  მნიშვნელოვანი. იუნგი წერდა: ერთი ფეხსაცმელი ერთს არგია, მეორეს კი  – არა. არ არსებობს რეცეპტი, რომელიც ყველა ადამიანს მოერგება. თქვენ რა გარგიათ, თქვენთვის როგორაა უკეთესი?

4. ნებისმიერი მავნე ჩვევის დასაძლევად პირველი ნაბიჯი გაცნობიერებაა. საკუთარ თავს დააკვირდით. კრიტიკის ნაცვლად ანალიზით დაკავდით. გაეცანით საკუთარ თავს. როგორი ხართ, როგორ იქცევით ხოლმე. როცა ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას განსჯის გარეშე, როცა შეუძლია საკუთარი ქცევის საკუთარი თავისგანვე გამიჯვნა – ამ დროს იცვლება, ვითარდება და იზრდება.

5. არ არსებობს სწორი და არასწორი შეგრძნებები. არსებობს უბრალოდ შეგრძნებები. თუკი მიგვაჩნია, რომ რასაც ვგრძნობთ არასწორია, გვიჩნდება დანაშაულის შეგრძნება და მდგომარეობა უარესდება. ბრაზი, რომელსაც გრძნობთ, ან წყენა, სრულიად რეალურია და ბუნებრივი. თუკი ფიქრობთ რომ ბრაზის ან წყენის ნაცვლად თანაგრძნობას უნდა გრძნობდეთ, ეს ვერ დაგეხმარებათ, ერთი შეგრძნების მეორეთი ჩანაცვლება ვერ დაგეხმარებათ. ჩახშობილი ემოციები არ ქრებიან, სხვა ფორმით და სხვა დროს იჩენენ თავს. ამიტომ უკეთესია თავის დროზე ვიგრძნოთ და გავთავისუფლდეთ მათგან.

6. მარტოობის შეგრძნების სრულიად გაქრობა შეუძლებელია, მაგრამ მისი შემსუბუქება არ არის რთული. ამისთვის უნდა გარისკოთ, პასუხისმგებლობა აიღოთ და გარშემომყოფებს გაეხსნათ.იმისთვის რომ მიიღოთ, რაც გჭირდებათ, პირველ რიგში საჭიროა, თავად დაიწყოთ მისი გაცემა, კეთება. თუ გინდათ რომ შეგიყვარონ, თავად შეიყვარეთ ადამიანები და გამოხატეთ ეს სიყვარული. ამ დროს თქვენ რა თქმა უნდა რისკავთ – შეიძლება ვერ გაგიგონ, უარგყონ… თუკი არ გარისკავთ, მარტოობა გარანტირებული გაქვთ. ეს უნდა გაიაზროთ – არაფერს კარგავთ. რისკი ამ შემთხვევაში მხოლოდ შესაძლებლობაა. და ერთი მცდელობა არ კმარა…დაჰპირდით თქვენ თავს, რომ როგორი შედეგიც არ უნდა გქონდეთ, მცდელობას არ შეწყვეტთ… 
,,იქამდე უნდა იტეხო გული, ვიდრე ბოლომდე არ გაიხსნება”რუმი.

7. ერთი ასეთი ჯგუფური სავარჯიშო არსებობს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ თვითკრიტიკა ყოველთვის სუბიექტურია. მონაწილეები წრიულად სხედან. თითოეული მათგანი უნდა გათავისუფლდეს იმ თვისებებისგან, რომელიც საკუთარ თავში არ მოსწონთ. თუკი ეს უარყოფილი თვისება ვინმეს მოეწონება, შეუძლია მიითვისოს. მაგალითად ერთი ამბობს, რომ სურს გათავისუფლდეს ზედმეტი სიფრთხილისგან. ეს თვისება ცენტრამდეც ვერ აღწევს, ერთი უკვე ამბობს, რომ მას სურს აღება, რადგან თავად ძალიან იმპულსურია. ვიღაცას დანაშაულის შეგრძნებისგან სურს გათავისუფლება, სხვა კი ფიქრობს რომ ძალიან ეგოისტია და სიამოვნებით აიღებდა ცოტას მისგან.
ეს დემონსტრირებას უკეთებს იმას, რომ საკთარ ხასიათს, თვისებებს შესწავლა სჭირდება. რამდენად გვარგია ისინი? რაში გვიშლიან ხელს? ნებისმიერი თვისება, რომელსაც თქვენ შესაძლოა ნაკლად მიიჩნევდეთ, დადებითიც შეიძლება იყოს, თუკი მის სწორად გამოყენებას ისწავლით. როცა იღებთ გადაწყვეტილებას, იყოთ თქვენი თავი, გაცილებით მეტი შესაძლებლობა გეხსნებათ.

8. უმნიშვნელო მოვლენაზე  მძაფრი რეაქცია ყოველთვის წარსულთან არის კავშირში. მაგალითად, შეთანხმებული იყავით მეგობარებთან შეხვედრაზე და მათ ბოლო წუთს გადადეს ეს შეხვედრა. თუკი ძალიან გაბრაზდით ამაზე, ნიშნავს, რომ ეს ადრეც მომხდარა, შესაძლოა ბევრჯერ, სავარაუდოდ ბავშვობაში და მძაფრად განიცადეთ. ეს ერთი მაგალითია, შესაძლოა ბრაზობდეთ, როცა ვინმეს ტელეფონი აქვს გამორთული, როცა შეტყობინებებზე არ გპასუხობთ, როცა გეკითხებათ სად იყავით, როცა ოდნავ ხმას უწევს, როცა საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს…. ეს სულ წარსულის ტრავმებია.
პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროთ, რაზე რეაგირებთ ყველაზე მძაფრად. რამდენად ადეკვატურია თქვენი რეაქციები. ღირს კი ეს სიტუაცია ამხელა ამბად? თუკი ეს შეკითხვები თავდაცვით პოზიციაში გაგდებთ, ნიშნავს რომ თქვენი რეაქციები ზედმეტად მძაფრია. შემდეგ უნდა ეცადოთ, გამოიცნოთ რა შეიძლება იყოს თქვენი წარსულიდან ამის მიზეზი.
მეორე ხერხი – ჩვევების შეცვლაზე მუშაობაა. მაგალითად თუკი დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა, ეგებ გეგმების შეცვლაზე დაფიქრდეთ? მაგალითად, ხვალ რაც გქონდათ დაგეგმილი, დღეს გააკეთეთ, ან ამდენი ხანია რომ გინდოდათ თქვენი მეგობრის მონახულება და დრო ვერ გამონახეთ, დღეს ესტუმრეთ. საჭიროა მეტად მოქნილი გახდეთ. როდესაც მსგავს უმნიშვნელო რამეებში უფრო მსუბუქი და მოქნილი გახდებით, სხვა სფეროებიც გაცილებით გამარტივდება.

9. ეცადეთ გაანალიზოთ როგორი ადამიანები გახვევიათ ირგვლივ, რამდენად ძლიერები ან სუსტები არიან თქვენთან შედარებით, იღებთ თუ არა იმდენს, რამდენსაც გასცემთ … შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენ თავად უფრო მეტს გასცემთ, ვიდრე იღებთ. შესაძლოა ისიც აღმოაჩინოთ, რომ თქვენ თავად არ აძლევთ მათ უფლებას იმდენი გაიღონ, რამდენსაც თქვენ აძლევთ, რადგან საკუთარ თავს გინდათ დაუმტკიცოთ, რომ ძლიერი ხართ და დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ… მაგრამ ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. ურთიერთობა სიმეტრიული უნდა იყოს, უნდა იღებდეთ იმდენს, რამდენსაც გასცემთ, თორემ ერთ დღეს გაკოტრდებით. ან წრე შეიცვალეთ, ან დამოკიდებულებები! მიეცით სხვებს საშუალება, თქვენს ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ.

10. თუკი ხშირად ეკითხებით თქვენ თავს: რატომ ვარ ამ ადამიანთან? რატომ არ შემიძლია ამ ყველაფრის თავიდან მოშორება? მაშინ ურთიერთობას გადახედვა სჭირდება. ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ ჩვენს ლოიალობას, ხშირად ძალიან კრიტიკულები არიან ჩვენ მიმართ. ლაპარაკობენ იმაზე, რომ რაღაც მთლად რიგზე ვერ გვაქვს. კარგად დაუკვირდით მის ნათქვამს, ვისზე ლაპარაკობს სინამდვილეში? ნამდვილად თქვენ გეხებათ ეს ყველაფერი, თუ უბრალოდ თქვენზე ახდენს საკუთარი ნაკოლოვანებების პროექციას? ტკივილი, ბრაზი, წყენა მხოლოდ მისია, ვინც განიცდის. ამას თქვენ არ უნდა განიცდიდეთ, ერთადერთი რაც შეიძლება ამ დროს იგრძნოთ ემპათიაა. დაფიქრდით, შანტაჟს ხომ არ აქვს ადგილი, თქვენი დანაშაულის გრძნობით ხომ არ მანიპულირებენ და ისე ხომ არ შეგიტყუეს არაჯანსაღ ურთიერთობაში?
ადამიანები დაბალი თვითშეფასებით ხშირად ხდებიან მანიპულატორების მსხვერპლი. ისინი ფიქრობენ რომ ვალში არიან. ,,ის ისე ზრუნავდა ჩემზე, მას ისე ვუყვარვარ, ისე კარგად მექცევა”… ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ უნდა გიჩნდებოდეთ, არც დავალებული არ ხართ.
აუცილებლად დაიმახსოვრეთ: არ ხართ ვალდებული იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მხარში გიდგანან, რაღაცას აკეთებენ თქვენთვის. ნუ დაივიწყებთ, რომ თვითღირებულება გაქვთ! თუკი ვალში გრძნობთ თავს იმის გამო, რომ უყვარხართ, თქვენზე ზრუნავენ, ეს ნიშნავს, რომ ამბობთ: მე არაფერი ვღირვარ!

11. თვითშეფასების ამაღლება და თავდაჯერების მოპოვება თუ გვსურს მუდმივად უნდა ვეცადოთ რაღაც ამოცანების შესრულებას, რომელსაც თავადვე დავუსახავთ თავს და შემდეგ მიღწეული წარმატებისთვის საკუთარი თავი უნდა წავახალისოთ – შევაქოთ და დავაჯილდოვოთ.წარუმატებლობები ნუ შეგაშინებთ. ხანდახან ვიმარჯვებთ, ხანდახან ვსწავლობთ. ყოველთვის იფიქრეთ ისეთ რამეებზე, რის კეთებაც კარგად გამოგდით. მადლიერი იყავით თქვენი თავის იმ თვისებების, ნიჭის, უნარების გამო, რომლებიც მოგწონთ თქვენში. ნუ დააიგნორებთ. გამოიყენეთ ეს ყველაფერი თქვენი პიროვნების ბაზისად, ფუნდამენტად. თუკი რამე არ გამოგდით, სხვანაირად უნდა სცადოთ, ან სხვა რამე უნდა სცადოთ. მთავარია არ დანებდეთ და საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ.
და ბოლოს: სანამ საკუთარ თავს დეპრესიისა და დაბალი თვითშეფასების დიაგნოზს დაუსვამდეთ, დარწმუნდით, იდიოტებით ხომ არ ხართ გარშემორტყმული!

წყარო: http://mental.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები