11 ივლისის სავსემთვარეობა: კარიერა თუ ოჯახი?! – რამაზ გიგაურის პროგნოზი

ზეგ, 11 ივლისს, თბილისის დროით 0:37 საათზე სავსემთვარეობა იქნება. ამის შესახებ, ასტროლოგი რამაზ გიგაური ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“ზეგ, 11 ივლისს, თბილისის დროით 0:37 საათზე სავსემთვარეობა იქნება.
ეს სავსემთვარეობა თხის რქა-კირჩხიბის ღერძზე ხდება, რომელიც მიანიშნებს ბალანსის ძიებასა „შინ“-სა (ოჯახური ურთიერთობები) და „გარეთ“-ს (საქმიანი ურთიერთობები) შორის.
მთვარე თხის რქის ნიშანში „გამოძევებულ“, ანუ სუსტ პოზიციაშია, სადაც ის ემოციურ დისტანცირებას ახდენს და „ყინავს“ ემოციას. ამ დროს მთვარის სიგნიფიკატორი (მმართველი) სატურნია. კლასიკურ ასტროლოგიაში მათი კავშირი ასე ვთქვათ, მტრულია, ამიტომ ეს სავსემთვარეობა საერთო გართულ ემოციურ მდგომარეობაზე მიანიშნებს.
ამ დღეს ემოცია ასე ვთქვათ, „იბლოკება“, რაც არაადეკვატურ შეფასებას იწვევს წარსულთან და ყველა ემოციურ საკითხთან მიმართებაში.
ეს არც თუ კარგი დროა წარსულის გახსენებისთვის და ანალიზისთვის, რადგან ამ დროს ბევრი ადამიანი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების შეფასებისას სასტიკი და შეუბრალებელია. ხშირია პრეტენზიები და იზრდება კინკლაობის ალბათობა. ძლიერდება მელანქოლიური ფონი, რაც ასუსტებს ოპტიმიზმსა და მომავლის რწმენას (რაც შეიძლება 12 ივლისიდანვე შეიცვალოს).
ბუნებრივია, ადამიანებმა ამის საწინააღმდეგოდ უნდა იმოქმედონ, ანუ უნდა გაძლიერდეს მომავლის რწმენა, საკუთარი თავის სიყვარული და სხვების პატივისცემა. გარშემო მყოფების მიმართ სასურველია მოთმინებისა და მეტი პატივისცემის გამოვლენა, ეს განსაკუთრებით ოჯახის წევრებს, კოლეგებს, თანამშრომლებს და ხელმძღვანელობას ეხება.
არასასიკეთო პერიოდია:
* ემოციური „გახსნისთვის“, საკუთარი ემოციის გამომჟღავნებისთვის (შეიძლება ვერ მიიღოთ შესაბამისი/ადეკვატური უკურეაქცია);
* ემოციური გადაწყვეტილების მიღებისთვის;
* ოჯახური ურთიერთობების გარკვევისთვის (პრეტენზიების წამოყენებისთვის);
* წარსულის ანალიზისთვის.
სასიკეთო პერიოდია:
* პროფესიულ საქმიანობაში ცვლილებებისთვის;
* პრაქტიკული და პრაგმატული გადაწყვეტილებებისთვის;
* ემოციური სისტემის გამყარებისთვის;
* მშობლებთან ან ასაკოვან ადამიანებთან დაკავშირებული ურთიერთობების ჰარმონიაში მოყვანისთვის;
* ფინანსური გეგმის შედგენისთვის (ხარჯებისა და დანაზოგების გადახედვისთვის).
სავსემთვარეობის „რიტუალი“ (მთვარე თხის რქაში)
1. აიღეთ სამი ფურცელი (რაც შეიძლება უბრალო და სადა);
2. თითოეულ მათგანზე დაწერეთ მხოლოდ ერთი თემა-მიზანი (კარიერა, ფიზიკური ჯანმრთელობა, ემოციის დასტაბილურება, ფინანსური შემოსავალი ან რაც გნებავთ);
3. შემდეგ ამ თითოეული თემის ქვემოთ ჩამოწერეთ:
ა. რა მინდა შევინარჩუნო?
ბ. რა აღარ მსურს გავაგრძელო?
გ. კონკრეტულად რას მინდა მივაღწიო მომდევნო სამი თვეში?
დ. კონკრეტულად რას მივიღებ, როდესაც ამ მიზანს მივაღწევ?
P. S. გახსოვდეთ, რომ თხის რქის მთვარე „მუშაობს“ პრაქტიკულ ჭრილში და არა ვიზუალიზაციით, ამიტომ თქვენი მიზნების რეალიზაციას ყოველდღიური მოქმედებებით შეეცადეთ, თუნდაც ძალიან მცირე ნაბიჯების გადადგმით.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები