მომღერალი ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. “კვირის პალიტრა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ეთერის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. გთავაზობთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს.
“102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ…”
მხიარული, იუმორის გრძნობით სავსე, ზოგჯერ დაბნეულიც, მოუხერხებელიც, გულღია და გულალალი ადამიანია, ამ დახასიათებას იმასაც თუ მივამატებთ, რომ ის ნიჭიერი მომღერალია, არა მგონია, ვინმეს დაფიქრება დასჭირდეს და უცებ არ მოგიგოს – ეს ეთერ კაკულიაა.
უცნობები ურეკავენ და ესიყვარულებიან, ქუჩაში შემხვედრნი ღიმილსა და კეთილ სიტყვას არ აკლებენ. “არც კი მეგონა, ხალხს ასე თუ ვუყვარდი, – ამბობს ქალბატონი ეთერი, – რაც ავად გავხდი, მას მერე ხომ სულ მირეკავენ, როგორ ხართო, მკითხულობენ”.
ჩემი მხიარული და კეთილი მასპინძელი ცდილობს, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ვუთხარი, თქვენს ცხოვრებაზე უნდა ვისაუბროთ-მეთქი. აქაც ისეთივე დარჩა, როგორიც ზოგადად არის, არც ერთი საყვედური არ დასცდენია, არც ერთი გულისტკივილი. ვითომდა მთელმა ცხოვრებამ სიცილსა და ხუმრობაში გაიარა.
ჩემი დილა
ვერაზე, კალანდაძის ქუჩაზე დავიბადე. მამა პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი იყო. თავისი პროექტით ფალიაშვილზე კერძო სახლი ააშენა და შემდეგ იქ გადავედით ოჯახით. მამა სტუდენტებს ძალიან უყვარდათ. სტუდენტი თუ არ სწავლობდა, მიჰყავდა და თბილისის სკვერებში ხეებს არგვევინებდა. ახლაც ასე უნდა იყოს და გამწვანებული იქნებოდა მთელი თბილისი… მამას ჰქონდა დიდი იუმორის ნიჭი. მე და ჩემი ძმა მას ვგავართ. ჩვენს სახლზე მამას მემორიალური დაფაა გაკრული. ფოთში ქუჩას დაარქვეს მისი სახელი.
დედა ძალიან ხელმარჯვე იყო, 100-კაციან სუფრას მარტო გაშლიდა. მე ხელჩლუნგი ვარ – ეს სიტყვა ლექსიკონში მე შევიტანე!.. რა მახსოვს, იცით? ოთხი წლის ვიყავი, დედაჩემის “ჩორნაბურკას” რომ მოვიდებდი, მაშინ ფილმი “როზმარი” იყო მოდაში და იქ მოსმენილ სიმღერას ვმღეროდი. ჩემი შვილიშვილი ორი წლისაა და როგორ მღერის, იცით?
ვამბობდი, 102 წელი უნდა ვიცოცხლო-მეთქი. ფალიაშვილის 102 ნომერში იყო ჩვენი სახლი. ძალიან მიყვარს ის ადგილი.
55-ე სკოლაში ვსწავლობდი. პიონერთა სასახლეში რაც კი წრე იყო, დედა ყველგან მატარებდა. ერთხელ ცუდად გავხდი. ექიმმა უთხრა დედას, დაანებე ამ ბავშვს თავი, არც ერთ წრეში აღარ ატაროო… ასე გადავრჩი…
ზარმაცი ვარ. ამიტომაც არ ჩავაბარე კონსერვატორიაში. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გერმანულს სამი წელი ვასწავლიდი, თან იქაურ ორკესტრში ვმღეროდი. ჩემს ლექციაზე კარი არ იკეტებოდა. დეკანატში საგონებელში ჩაცვივდნენ, რა ხდება კაკულიას ლექციაზეო. გადაწყვიტეს დასწრება. რვა პროფესორი შემოვიდა. დიდი აუდიტორიაა – სამასი სტუდენტი ზის. ვწერ დაფაზე გერმანულ ფრაზებს. თან რაღაცას ვეკითხები სტუდენტებს. დუმილია. არაფერი იციან – რაც არ მისწავლებია, რა ეცოდინებათ? ჩემს კურიოზებს ვუყვებოდი ლექციებზე. ეს იყო ჩემი ბოლო ლექცია. ის დროა, როცა კონსტანტინე პევზნერმა “რეროში” მიმიწვია.
ჩემი შუადღე
32 წლამდე არ გავთხოვილვარ… სად მეცალა! სრული თავისუფლება მქონდა, მაგრამ ჩემი ძმა თუ მეტყოდა, ეს არ გააკეთოო, ვერ დავარღვევდი. ერთადერთი – რომ გავთხოვდი, არ ვკითხე, რეზო ვაჩიბერიძემ “დამაბა”… სულ თან დამყვებოდა. ცოლ-შვილი ჰყავდა. შეცდომა დავუშვი, რომ ამის გამო არ
ჩვენთან ყოველკვირა ლხინი იყო. მე როიალთან ვიჯექი. დედას თეფშების ალაგებაშიც ვერ ვეხმარებოდი, შეიძლება რამე დამემტვრია…
ერთხელ მამამ მთხოვა, ცუდი სიზმარი ვნახე, წყნეთში ამიყვანე, სახლს დავხედავო. ავიყვანე. იმ დღეს მარტო დარჩა წყნეთში. ინსულტი დაემართა… მამა 1992 წელს გარდაიცვალა. დედამ სამი წლის შემდეგ ფეხი იღრძო, ჩაწვა და აღარ ამდგარა… 1995 წელს გარდაიცვალა.
ჩემი ყველა განსაცდელი ჩემმა პროფესიამ გადამატანინა. 15 წელი რადიო-ტელევიზიის სოლისტი ვიყავი. არაერთი კურიოზი გადამხდენია. ერთხელ სიმღერა დავასრულე, მაგრამ ვერ მივდივარ სცენიდან. ფეხსაცმლის ქუსლი იატაკში ჩამეჭედა… გია ჭირაქაძე გამოქანდა და დამეხმარა…
ერთხელ კი საზღვარგარეთ დავრჩი. იუგოსლავიიდან მოვდივარ. მატარებელი ერთი საათით ბუდაპეშტში გაჩერდა. ჩავედი ბაქანზე და ნათლიაჩემს კონიაკი ვუყიდე. იქვე, ვხედავ, ჯიხურია, ყავა მომინდა. გამყიდველმა ქალმა იცოდა გერმანული. ველაპარაკები გერმანულად. რომ მოვბრუნდი, მატარებლის კუდსღა მოვკარი თვალი. გავქანდი ტაქსისტებისკენ. ველაპარაკები მძღოლებს ჟესტებით, იხოცებიან სიცილით. ლოთი ვგონივარ კონიაკის ბოთლით ხელში. ასე დავრჩი… საელჩოში კარგად მიმიღეს, სასტუმროში დამაბინავეს. ქვემოთ რესტორანია. ჩავდიოდი საღამოს, როიალზე ვუკრავდი და ვმღეროდი. ასე გავატარე ერთი კვირა – ეს დრო დასჭირდა საბუთების ჩამოსვლას საქართველოდან. ერთი კვირის თავზე მოვიდა ადმინისტრატორი, კონტრაქტი გვინდა გაგიფორმოთო. რა კონტრაქტი, როგორმე შინამდე ჩავიდე-მეთქი… თბილისში რა ამბავი იყო: ჩემს ძმას ხსნიან სამსახურიდან, დედას გული მისდის, მეზობლები ტირიან…
ჩამსვეს მატარებელში და წამოვედი. მოვედი საზღვარზე. ამოვიდა ძაღლიანი მესაზღვრე… ვეძებ პასპორტს ჩანთაში. არ მაქვს. ჩამომიყვანეს. დარეკეს იმ სასტუმროში, სადაც ვიყავი. ადმინისტრატორმა – მაგისი პასპორტი აქ არისო. პასპორტი რომ ჩამოსულიყო, 5 დღე უნდა დამეცადა. შემაგდეს ქოხში… ჩაი და შავი პური მომცეს. ჩამოვიდა, როგორც იქნა, პასპორტი და მეშველა…
საბერძნეთში უნდა ვიმღერო “სირტაკი” სტადიონზე. ორკესტრმა დაიწყო დაკვრა. არც ერთი სიტყვა არ მახსოვს… რა ვქნა? დაიწყო მეორედ… არაფერი მახსენდება. მეც ავდექი და დავიწყე სირტაკის მუსიკაზე: “ართი კოჩიქ ქომორთუ დო”… ჩავედი ბოლომდე.
კიდევ ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი: უნიჭიერესი ქართლოს კასრაძე… რომელ ქვეყანაშიც უნდა გაგვემართა კონცერტი, იმ ენაზე მიჰყავდა. ჩემი მეგობრები… კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რომელმაც 25 სიმღერა დამიწერა, პირველად “რეროში” მოვიდა და მოიტანა სიმღერა “მზე ჩემი კარგი მეგობარია”…
ერთხელ ჯემი როგორ გავაკეთე, იცი? ჩემი მეგობარი დონარა კინწურაშვილი რეკავს: ეთო, მოდი რა, გეხვეწები, ჭანჭურის ჯემი გავაკეთე, უნდა გაგასინჯოო. წავედი. კარგი სუფრით დამხვდა, ბოლოს ჭანჭურის ჯემიც გამასინჯა. ძალიან მომეწონა. კარაქიან პურს გადავუსვამ და საუზმეც მექნება, მაგრამ ცუდია, რომ ჯემს ვერ გავაკეთებ-მეთქი. როგორ ვერ გააკეთებ, ძალიან ადვილიაო. იყიდე ათი კილო ჭანჭური, დააყარე შაქარი და დადგიო. ვიყიდე 10 კილო ჭანჭური. ძლივს ამოვათრიე სახლში. დავიწყე კურკების გამოცლა. სახლში ისეთი ამბავი დავატრიალე, ვიეტნამის ომი გეგონებოდა. დაცვივდა ძირს კურკები, დავადგი ფეხი, ამისრიალდა, დავეცი… ბოლოს დავაყარე შაქარი და დავდგი. გავიდა დიდი დრო. ვიფიქრე, ახლა ჩაის ავადუღებ და ჯემიან ბუტერბროდს მივაყოლებ-მეთქი. კარაქიანი პურით მივდივარ ჯემთან. სად არის ჯემი? არ გაკეთდა. ვეცი ტელეფონს. დონარას ვურეკავ, რატომ არ გამოდის ჯემი, ისევ ისე დგას, არ გაკეთდა-მეთქი. ცეცხლზე რამდენი წუთი ადუღეო. რა ცეცხლი, შენ არ მითხარი, დააყარე შაქარი და დადგიო? მერე უმი დაშაქრული ჭანჭური ვჭამე. ისიც გემრიელი იყო.
ჩემი საღამო
ჩემმა პროფესიამ მაჩუქა დიდი ბედნიერება, რომ ხალხს ვუყვარვარ. ქუჩაში შემხვედრნი მოდიოდნენ და მკოცნიდნენ. ბავშვები დამდევდნენ, – ეთერი ჩემი მეგობარიაო.
20 სიმღერა ჩემი ძმის ლექსებზე მაქვს ნამღერი. 78 წლისაა, მე 72-ის. შინაგანად ვერ ვგრძნობ, ვერ ვიჯერებ, მგონი, სხვა ეთერზე ვლაპარაკობ…
სიცოცხლეზე უკეთესი არაფერია… 102 წელს მგონი, ვეღარ ვქაჩავ… ქიმიოთერაპიამ ძალიან მომტეხა… მაგრამ იცი, რა? კაცს ავადმყოფობა არ კლავს… ბოროტება კლავს, სიკეთე კიდევ აცოცხლებს…
მადლობელი ვარ უფლის ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მომანიჭა, იმისთვის, რომ მე, რომელსაც არ დამიმსახურებია ამხელა ბედნიერება, პატრიარქი მეწვია შინ და გამამხნევა…
წყარო: www.kvirispalitra.ge