10 ხიფათი და სირთულე, რასაც ჩვენი შვილები გარდატეხის ასაკში ვერ ასცდებიან – რაში სჭირდება მოზარდს მშობლის დახმარება ყველაზე მეტად

ჩვენი შვილები იმაზე უფრო დაუცველები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია.დღევანდელი მოზარდები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან და იმის გამო, რომ მათი ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან სტრესის მიმართ. სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და დღევანდელი თინეიჯერები პირისპირ ხვდებიან პრობლემებს, რომლებიც მათ მშობლებს არც კი შეხებია.
მაგალითად, მათ უმეტესობას სოციალური ურთიერთობებში დადგენილ წესებში გარკვევა უჭირს. ეს იმიტომ ხდება, რომ ახალგაზრდების კომუნიკაცია დიდი ხანია ონლაინსივრცეში გადავიდა და მათთვის რთულია სოციალური უხერხულობის დაძლევა. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, რასაც თანამედროვე თინეიჯერები აწყდებიან.
სოციალური ქსელები
ერთი მხრივ, სოციალური ქსელები შესანიშნავი სივრცეა კომუნიკაციისთვის, მეორე მხრივ კიბერბულინგის, შევიწროების და მრავალი უსიამოვნების ადგილია. რა სიფრთხილის ზომებიც არ უნდა მიიღონ მშობლებმა, კვლევის თანახმად, მოზარდები შესაძლოა მაინც აღმოჩნდნენ სხეულის არაჯანსაღი იმიჯის, შეუსაბამო ადამიანებისა და სექსუალური შინაარსის მქონე კონტენტის პირისპირ.
თანატოლების ზეწოლა
სოციალურმა მედიამ მეგობრებისა და თანაკლასელების ზეწოლა ახალ დონეზე აიყვანა. ინტერნეტში მოზარდი შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს და ადვილად აიძულოს ან შეცდომაში შეიყვანოს ვინმემ და რაიმე თავისი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთებინოს. მაგალითად, მოზარდს ბოლომდე არ ესმის, რა შედეგები მოჰყვება მის ცხოვრებას ინტერნეტით გაგზავნილ შიშველ ფოტოებს და ვერ წარმოუდგენია, რომ მისი ნდობით ბოროტად ისარგებლებენ.
ბავშვები ასევე შეიძლება აიძულონ ან დაარწმუნონ, რომ დაკავდნენ სექსით, მიიღონ ნარკოტიკები, დალიონ ან შეურაცხყოფა მიაყენონ სხვა ადამიანებს. იმისათვის, რომ თქვენი შვილი ზეწოლის მსხვერპლი არ გახდეს, გააგებინეთ, რომ შეუძლია თქვენთან მოსვლა მაშინაც კი, თუ შეცდომა დაუშვა: თქვენ გაუგებთ და მიიღებთ მას. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ მოუსმინოთ განსჯის ან ზედმეტი ისტერიკების გარეშე. რაც არ უნდა მოხდეს, დაეხმარეთ მას სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში.
ძალადობა ეკრანზე
ეკრანზე ძალადობისგან დამალვა საკმაოდ ძნელია. ნებისმიერს შეუძლია ინტერნეტში ყველაზე საშინელი და სისხლიანი ამბები გამოაქვეყნოს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ეკრანზე ნანახი ძალადობრივი კადრები და ბავშვებში თანაგრძნობის ნაკლებობა და აგრესიული ქცევა ერთმანეთს დაუკავშირა. მშობლების გავლენაც დიდია – რაც უფრო მეტს უყურებს მშობელი ძალადობასთან დაკავშირებულ კონტენტს, მით უფრო მისაღები ხდება ძალადობა ბავშვისთვის.
დეპრესია
მოზარდები, ისევე როგორც მოზრდილები, დეპრესიას განიცდიან. მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაახლოებით ხუთი მილიონი სკოლის მოსწავლე განიცდიდა დეპრესიის მინიმუმ ერთი ეპიზოდს. დეპრესიის განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ძილის პრობლემები, სწავლის სირთულეები, თანატოლებთან პრობლემები და მრავალი სხვა.
თანამედროვე ბავშვები განიცდიან მდგომარეობას, სახელწოდებით FOMO, ეს ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ რაიმე სიახლის გამოტოვების. ეს აიძულებთ, მეტი დრო გაატარონ ინტერნეტში, რაც კიდევ უფრო აღრმავებს მარტოობას და იზოლაციას.
ჰკითხეთ თქვენს შვილს, როგორ გრძნობს თავს და ნუ შეგეშინდებათ პროფესიონალური დახმარების თხოვნა. დეპრესია განკურნებადია.
ბულინგი
სოციალურმა მედიამ ბულინგი უფრო საჯარო და მრავალმხრივი გახადა. იმისათვის, რომ თქვენი შვილი ბულინგისგან დაიცვათ, რეგულარულად ესაუბრეთ მას ამის შესახებ, რათა დროულად ამოიცნოს საშიშროება და იცოდეს, როდის ითხოვოს დახმარება. განიხილეთ მასთან, თუ როგორ უნდა მოიქცეს, თუ ის ბულინგის შემსწრე ან სამიზნე გახდა. და რაც მთავარია, შეახსენეთ მას, რომ დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანი კი არა, გამბედაობის დემონსტრირებაა.
კონტრაცეფციის ნაკლებობა
მოზარდებს მცდარი ან ნულოვანი ინფორმაცია აქვთ სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე და სექსუალური ქცევის შედეგებზე. მოზარდობის ასაკში დაწყებული სქესობრივი ცხოვრება ყველაზე მეტ რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როგორც მშობელმა, ყოველთვის დაუჭირეთ მხარი სქესობრივ განათლებას სკოლებში, რადგან ეს ცოდნა ყველაზე საშიში შეცდომებისგან დაიცავს მას.
ნარკოტიკები
ჩვენს ქვეყანაში მოზარდები საკმაოდ დაუცველები არიან ამ საშიშროებისგან.
მნიშვნელოვანია, რეგულარულად ესაუბროთ თქვენს მოზარდს ნარკოტიკებისგან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. ასაკიდან გამომდინარე, ბავშვებს არ ესმით ყველა რისკი. ხშირად მოუყევით ნარკომანიის შედეგებზე. სწორი და დროულად მიწოდებული ინფორმაცია ერთგვარი ფარია ცუდ წრეში მოხვედრილი მოზარდისთვის.
ალკოჰოლი
იგივე ითქმის ალკოჰოლზე. მით უმეტეს, რომ ბევრ ოჯახში წახალისებულია ალკოჰოლის მიღება ადრეული ასაკიდანვე. რაც მთავარია – ბავშვები უფროსების ყურებით სწავლობენ – საკმაოდ რთული იქნება ალკოჰოლის საშიშროებაზე საუბარი, თუ მშობელი რეგულარულად სვამს.
სიმსუქნე
სიმსუქნე მოზარდებში მზარდი პრობლემა ხდება. ჭარბი წონის მქონე ბავშვები და მოზარდები უფრო ხშირად ხდებიან დაცინვისა და ბულინგის სამიზნე. სიმსუქნე ასევე გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში და შეიძლება სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს.
თუმცა, ბევრი მშობელი წონაში მატებას სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევს. ამიტომ, ჯობს სპეციალისტმა შეაფასოს ხოლმე ბავშვის სიმაღლისა და წონის თანაფარდობა. მთავარია, ბავშვი არ შეარცხვინოთ. „პოზიტიურმა“ დისკრიმინაციამაც კი, მაგალითად „საყვარელი ბუთხუზა“, შეიძლება ავნოს ბავშვს.
აკადემიური სირთულეები
სწავლის პრობლემები სერიოზულ ზეწოლას ახდენს ბავშვებსა და მოზარდებზე. ზოგიერთი მოსწავლე სკოლის დასრულებისას იმდენად „გადამწვარია“, რომ ამას დეპრესიამდე მიჰყავს. ეროვნულებისთვის მზადება, გამოცდები თუ უნივერსიტეტში მუშაობისა და სწავლის ერთობლიობა სერიოზული გადაღლილობით მთავრდება.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები