ყველაზე პოპულარული მითები გაციების მიზეზების შესახებ ასე ჟღერს: კონდიციონერი, ორპირი, დაბალი ტემპერატურა ფანჯრის მიღმა. ამასთან, უმრავლესობა თვლის, რომ ვირუსის ინფექცია ადამიანს სეზონზე მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეეყაროს, ხოლო იმისთვის, რომ გაციება გრიპში არ გადაიზარდოს ანტიბიოტიკები უნდა მიიღონ. ახლა კი თქვენ გაციების შესახებ ყველაფერს გაიგებთ.
მითი1. გაციება ხანდახან გრიპში გადადის
ვირუსულ ინფექციას და გრიპს სხვადასხვა ვირუსი იწვევს, ამიტომ ერთი დაავადება მეორეში შეიძლება ვერ გადაიზარდოს. მაგრამ სხვადასხვა ეტაპებზე ადამიანები ვერ ხედავენ განსხვავებას ამ ორი დაავადების სიმპტომებში. აი, როგორ უნდა გაიგოთ, რომ თქვენ უბრალოდ გაცივდით და გრიპი არ გაქვთ:
გაციება იწყება ეტაპობრივად და მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ყელის ტკივილი, სურდო, შემცივნება. ადამიანი დაახლოებით, 5 დღის განმავლობაში გრძნობს რომ ავადდება. ხოლო გრიპი მოულოდნელად ატყდება ადამიანს თავს და თან ახლავს თავის ტკივილი, შემცივნება და ძლიერი სისუსტე.
გაციების დროს ტემპერატურა ან სულ არ არის ან 38 გრადუსს არ ცდება, ხოლო გრიპის დროს ტემპერატურა 39-ს აჭარბებს.
ცემინება – გაციების ნიშანია, გრიპის დროს ასეთი სიმპტომი არ არის.
მითი 2. გაციების მკურნალობა ანტიბიოტიკითაც შეიძლება
ანტიბიოტიკს არ შეუძლია გაანადგუროს ვირუსი, ვინაიდან ის საკუთარი სტრუქტურით განსხვავდება ბაქტერიისგან. გარდა იმისა, რომ პრეპარატი არ იმოქმედებს გაციების დროს, ის ავნებს კიდევაც ორგანიზმს: გაციების სიმპტომები არ გაქრება, ხოლო ვირუსი თქვენს ორგანიზმში გამრავლებას განაგრძობს.
ანტიბიოტიკების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით არ შეიძლება. შედეგი საწინააღმდეგო იქნება: თქვენ დაასუსტებთ თქვენს იმუნიტეტს.
მითი 3. გაციებას შეიძლება არც უმკურნალო
ძირითადად, გაციება გრძელდება 3 დღეს, მაგრამ თუ უბრალოდ დაელოდებით თავისით როდის გაივლის, მაშინ შესაძლოა, ეს ვადა ერთ თვემდე გაიზარდოს და გართულებაც გამოიწვიოს.
მითი 4. გაციება არ არის მიზეზი, რომ სამსახურიდან დაეთხოვოთ
ბევრი მიჩვეულია გმირულად გაუმკლავდეს გაციების ყველაზე საშინელ დღეებს სამუშაო ადგილას. არსებობს მოსაზრება, თუკი თავს არ მოადუნებ, გაციებაც მალე გაივლისო. სინამდვილეში კი განკურნების პროცესი იწელება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია 1-2 დღე სახლში დარჩეთ, შემდეგ კი სამუშაოს დაუბრუნდეთ. ხოლო თუ თქვენ გაციება და გრიპი ერთმანეთში აგერიათ, თქვენ მდგომარეობის გართულებას თავს აარიდებთ.
მითი 5. გაციების დროს მხოლოდ უნდა იწვეთ
ეს მითი პირდაპირ ეწინააღმდეგება ზემოთ ნახსენებ მითს: ლოგინში დიდხანს ყოფნამ, შესაძლოა, ბრონქიტი და პნევმონია გამოიწვიოს, ასევე ქვედა კიდურებში თრომბსაც იწვევს. რა თქმა უნდა, სპორტდარბაზში არ უნდა წახვიდეთ, მაგრამ ზომიერი დატვირთვა ორგანიზმისთვის სასარგებლო იქნება.
მითი 6. ცივი ჰაერი შესაძლოა გაციების მიზეზი გახდეს
ერთადერთი ალბათობა რომ გაცივდეთ არის ის რომ ვირუსი “დაიჭიროთ” და მისთვის სულ ერთია ქუდით იქნებით თუ მის გარეშე, ასევე საერთოდ ტყუილად აბრალებს ხალხი ქარს, ორპირს და კონდიციონერს გაციებას.
მითი 7. თუ კი გარეთ სველი თმით გახვალთ აუცილებლად გაცივდებით
ისევე როგორც ორპირი, თქვენი სველი თმები, რომლის გაშრობაც ვერ მოასწარით, გაციების მიზეზი ვერ იქნება. არსებობს ვირუსის “დაჭერის” სამი საშუალება: აირწვეთოვანი, მტვრით და საყოფაცხოვრებო ნივთებიდან. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ვირუსები ძალიან სიცოცხლისუნარიანები არიან:
შენობაში ისინი ნესტიან ადგილებში დაახლოებით, 7დღის განმავლობაში ცოცხლობენ.
ტანსაცმელზე, ავეჯზე და ქაღალდზე, დაახლოებით, 12 საათს.
ხელებზე – რადენიმე წუთიდან ერთ საათამდე.
კარის სახელურებზე, დაახლოებით, 6 საათს.
მაგრამ ტანის შეციებამ შესაძლოა თქვენი იმუნიტეტი დააქვეითოს და ვირუსებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ამიტომ სველი თმით სიარული რეკომენდირებული არ არის.
მითი 8. ადამიანი სეზონზე მხოლოდ ერთხელ ცივდება
ორ სიახლეს გაგაცნობთ, ცუდს და კარგს. კარგი მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზმი იმ ტიპის ვირუსისთვის იმუნიტეტს გამოიმუშავებს, რომელიც კონკრეტულმა ადამიანმა უკვე გადაიტანა, ე.ი. მეორედ დაავადების საშიშროება არ არსებობს. ხოლო ცუდი სიახლეა ის, რომ მსოფლიოში არსებობს 200-ზე მეტი ტიპის ვირუსი, რომელსაც შეუძლია გაციება გამოიწვიოს, ამიტომ ერთ სეზონზე, შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ არ იყოთ ავად.
მითი 9. გაციების მორჩენა ერთ დღეში შეიძლება
არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ თუკი წამლებს დიდი რაოდენობით მიიღებენ, ერთ დღეში ფეხზე დადგებიან. ეს ძალიან საშიში მითია. ნებისმიერ ორგანიზმს, რომელშიც გაციების ვირუსი ჩასახლდა, აღდგენისთვის დრო სჭირდება და თუკი წამლებს დიდი რაოდენობით მიიღებთ და სიმპტომებს დამალავთ, მაშინ გულს დიდ დატვირთვას მიაყენებთ.
მითი 10. საჭიროა, ბოლომდე იმკურნალოთ
ხველება და სურდო, შესაძლოა, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს, ამიტომ ლოდინი არ ღირს. თუკი თქვენ თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდეთ.
თარგმნა ანა პაპიძემ