10 კითხვა ჰარი პოტერის შესახებ, რომელსაც ჯოან როულინგი პასუხობს

მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერის უკანასკნელი ნაწილის გამოსვლიდან უკვე 8 წელი გავიდა, მის მიმართ ინტერესი მაინც არ ცხრება! პოტერჰედები დღემდე მაგიურ სამყაროში ცხოვრობენ და გამუდმებით ეძებენ სხვადასხვა საინტერესო დეტალს – ასეთი კი, ჯოან როულინგის ჯადოსნურ ნაწარმოებში მართლაც უამრავია!
საბედნიეროდ, ჯოანი სოციალურად ძალიან აქტიური ქალბატონია. ხშირად შედის ინტერაქციაში თაყვანისმცემლებთან და პასუხს სცემს ისეთ კითხვებს, რაც წიგნებისა და ფილმების შემდეგ დაგვრჩა:

1. რატომ დაარქვა ჰარიმ თავის შვილს სევერუს სნეიპის სახელი?


პოტერჰედები ხშირად ხუმრობენ, რომ ჰარის სახელებში საშინელი გემოვნება ჰქონდა. ამას რომ თავი გავანებოთ, გვესმის, რომ სნეიპი საბოლოოდ ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში ის ბიჭუნას ცხოვრებას უმწარებდა… თანაც, ყველაზე მამაცი ადამიანი, ვისაც კი იცნობდა ცოტათი გადაჭარბებული ხომ არ არის? რატომ არ გაახსენდა ჰაგრიდი ან რემუსი?
ჯოან როულინგის განმარტებით ამ კითხვაზე პასუხი უფრო სიღრმეებში უნდა ვეძებოთ – სნეიპმა სიცოცხლე ჰარისთვის ლილის სიყვარულის გამო გაწირა, ბიჭმა კი მისი სახელის შვილისთვის დარქმევით მას პატივი მიაგო… ასე რომ, თუ ჰარიმ მოახერხა სნეიპის პატიება, ვფიქრობთ, დანარჩენებმაც უნდა შევძლოთ!

2. ხედავდა თუ არა დამბლდორი უჩინმაჩინის მოსასხამში გახვეულ ჰარის, რონსა და ჰერმიონს?


ალბუს დამბლდორი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯადოქარი იყო და მისი, თვით ვოლდემორსაც კი ეშინოდა. ის გამოირჩეოდა სიმამაცით, გამჭრიახობით, სიბრძნითა და არაჩვეულებრივი მაგიური უნარებით, რაც შესაძლოა, უჩინმაჩინის მოსასხამის მიღმა დანახვის შესაძლებლობასაც კი აძლევდა.
ჯოან როულინგის განმარტებით დამბლდორმა შესანიშნავად იცოდა შელოცვა “ჰომენუმ რევილიო”, რომლითაც მოსასხამის ეფექტის გაქრობა შეეძლო და როდესაც საკუთარი ინტუიციით ჰარის ან მეგობრების ახლოს ყოფნას გრძნობდა, ჩუმად წარმოთქვამდა ამ სიტყვებს…. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან თითქმის ყოველთვის იცოდა, თუ ვინ უსმენდა მის საიდუმლო საუბრებს.

3. როგორ განვითარდა ნევილის ცხოვრება “სიკვდილის საჩუქრების” შემდეგ?


ნევილ ლონგბოტომი ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც პატარა, დაბნეული ბიჭიდან მართლაც ძალიან მამაც ადამიანად იქცა! სიკვდილის საჩუქრების ეპილოგში ჰარი მას მხოლოდ გაკვრით ახსენებს, თაყვანისმცემლებს კი, რა თქმა უნდა, ძალიან აინტერესებთ მისი ბედი – ბოლოს და ბოლოს, ნევილმა ხომ ნაგინი მოკლა!
ჯოან როულინგის განმარტებით მისი ცხოვრება მართლაც საინტერესოდ განვითარდა. ჰოგვორტსის ბრძოლის შემდეგ ის აურორი გახდა, მოგვიანებით კი სკოლაში თავისი საყვარელი საგნის, ჰერბოლოგიის პროფესორად მოგვევლინა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას – ალბათ, ბევრი ფიქრობდა, რომ ცოლად ლუნა ლავგუდს მოიყვანდა, თუმცა საბოლოოდ ჰანა ებოტზე იქორწინა. ჰარისთან მეგობრობა კი შეინარჩუნა და მისი შვილის, ალბუს სევერუსის ნათლიაც გახდა.

4. რა სიმბოლური მიზეზი იდგა სნეიპის სიკვდილის მიღმა?


ყველანი ვთანხმდებით, რომ ჯოან როულინგის წიგნები სიმბოლიზმითაა სავსე. ხანდახან, შეიძლება, გვეგონოს, რომ ის საყვარელ პერსონაჟებს მხოლოდ გასართობად კლავს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის…
მისი განმარტებით სნეიპის სიკვდილს მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა – ამ გზით მან საკუთარი თავი დანაშაულის გრძნობისგან გაათავისუფლა. მას შეეძლო გადარჩენილიყო, თუმცა ლილის სიყვარულის გამო ძალიან ინანა, რომ მის ვაჟს ამდენი ტკივილი მიაყენა და ჩათვალა, რომ ჰარის გამო თავგანწირვა ცოდვების გამოსასყიდად სწორი იქნებოდა.
მოგეხსენებათ, სიყვარულს ჰარი პოტერის სამყაროში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება – იქნება ეს დედა-შვილური, მეგობრული თუ სხვა სახის გრძნობა, სწორედ მისი საშუალებით, სიკეთე ბოროტებას ყოველთვის ამარცხებდა. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სნეიპის სიკვდილი არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ გარკვეულწილად ლამაზიც კი იყო…

5. რა არის ჰაგრიდის პატრონუსი?


ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც მაგიის გამოყენება აუკრძალეს, თუმცა ამ წესს ყოველთვის ნამდვილად არ იცავდა. ჰაგრიდი პოტერჰედების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია – კეთილი გოლიათი, რომელიც ჰარის ერთგული მეგობარი და ცხოველების ნამდვილი დამცველია. სწორედ ამიტომ, ბევრი დაინტერესდა შეეძლო თუ არა მას პატრონუსის შელოცვის გამოყენება და რა იყო მისი პატრონუსი.
ჯოან როულინგის განმარტებით პატრონუსი საკმაოდ რთული შელოცვაა და ჰაგრიდს მისი წარმოთქმა არ შეეძლო. ის ხომ ჰოგვორტსიდან მესამე კურსზე გამორიცხეს, ხოლო ისტორიას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ისეთმა ჯადოქარმაც კი, როგორიც ჰერმიონია პატრონუსის გამოშვება მხოლოდ მეხუთე კურსიდან შეძლო!

6. გამოჯანმრთელდნენ თუ არა ნევილის მშობლები?


ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ნევილის მშობლები, რომელთა გამოსახულებაც მხოლოდ ფოტოზე ვიხილეთ, თუმცა მათი ღირსეული საქმეების შესახებ ბევრი გვსმენია. ისინი ბელატრისა ლესტრეინჯმა კრუციატუსის წყევლით აწამა, რის შედეგადაც ჭკუიდან შეიშალნენ და წმინდა მუნგოს საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.
სამწუხაროდ, ჯოან როულინგის განმარტებით, ისინი არასოდეს გამოჯანმრთელებულან. დიახ, ავტორის პასუხები ყოველთვის პოზიტიური სულაც არ არის, თუმცა მთავარი ისაა, რომ ნევილმა მათი დაწყებული საქმის გმირულად გაგრძელება შეძლო, ე.ი. მათ მსხვერპლს ტყუილად არ ჩაუვლია…

7. როგორ ექცეოდნენ LGBTQ თემის წარმომადგენლებს ჰოგვორტსში?


საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს თავად ალბუს დამბლდორის ორიენტაცია… მიუხედავად იმისა, რომ წიგნებსა თუ ფილმში ამაზე პირდაპირი მინიშნება არ არსებობს, ეს ფაქტი თავად ჯოან როულინგმა დაადასტურა. თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, იმედოვნებენ, რომ ჰოგვორტსი LGBTQ თემის წევრი სტუდენტებისთვის კომფორტული ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო.
ჯოან როულინგის განმარტებით, ეს მართლაც ასეა… მით უმეტეს, რომ ჯადოქართა სამყაროში ორიენტაციას დიდ მნიშვნელობას არავინ ანიჭებს და ამის გამო დისკრიმინაციასაც არავინ ეწევა. ბოლოს და ბოლოს, თუ მათ ვინმეს დაჩაგვრა სურდათ, მიზეზად სისხლის სიწმინდე ან ჯადოქრული შესაძლებლობების სიმწირეც ყოფნიდათ.

8. მოინანია თუ არა დადლიმ ჰარის წინაშე ჩადენილი საშინელი საქციელები?


სიკვდილის საჩუქრებში ჩვენ ვნახეთ, რომ ჰარი და დადლი ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობნენ. მართალია, მათ შორის დაძაბულობა მაინც შეიმჩნეოდა, თუმცა დადლიმ დეიდაშვილს უთხრა, რომ “მას ცარიელ ადგილად სულაც არ მიიჩნევდა”…
ჯოან როულინგის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დედის მხრიდან დადლის ჯადოქრული გენი ჰქონდა, ბიძია ვერნონის ძლიერ მაგლურ დეენემს ის ნამდვილად ვერ გადაურჩა და დადლის შთამომავლობაში ჯადოქარი არ დაბადებულა… რაც შეეხება მისი და ჰარის ურთიერთობას, ისინი ერთმანეთთან საშობაო მისალოცების გაგზავნით შემოიფარგლებოდნენ.

9. რეალურად რა დაინახა დამბლდორმა სილივრუს სარკეში?


მართალია ის ჰარის ეუბნება, რომ საკუთარ თავს თბილი წინდებით ხელში ხედავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის არავის გვჯერა! ეს სარკე ხომ ადამიანის ყველაზე ძლიერ და, ამავდროულად, ფარულ სურვილებს ირეკლავს?
ჯოან როულინგის განმარტებით, დამბლდორმა სილივრუს სარკეში თავისი გამთლიანებული ოჯახი დაინახა – არიანა, პერსივალი და კენდრა მას დაუბრუნდნენ, იქ იყო აბერფორტიც და თავს ყველანი ბედნიერად გრძნობდნენ! იქნებ სწორედ ამიტომაც ესმოდა დამბლდორს ჰარისი ასე კარგად?
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯადოსნური ცხოველების თანახმად ახალგაზრდა დამბლდორმა სარკეში გრინდევალდის ანარეკლი დაინახა!

10. დაამთავრეს თუ არა ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა ჰოგვორტსი?


როგორც გახსოვთ, სწორედ მათი სწავლის ბოლო წელს ჰოგვორტსში გადამწყვეტი ბრძოლა გაჩაღდა და სიკვდილის საჩუქრების ეპილოგში ჩვენ არაფერი გაგვიგია იმის შესახებ, დაამთავრეს თუ არა მათ საბოლოოდ სკოლა.
ჯოან როულინგის განმარტებით, სასწავლო პროცესს მხოლოდ ჰერმიონი დაუბრუნდა. ეს გასაკვირი, რა თქმა უნდა, არ არის. ის ხომ ყოველთვის სიბეჯითით გამოირჩეოდა. რაც შეეხება, ჰარისა და რონს – ისინი ახალგაზრდა აურორები გახდნენ და მომავალში უკვე მაგიის მინისტრ ჰერმიონთან ერთად ებრძოდნენ კორუფციას და ქმნიდნენ ახალ სტანდარტებს ჯადოქრულ სამყაროში!

კომენტარები

სხვა სიახლეები