10 ივნისს ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა

10 ივნისს ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა. ამის შესახებ ასტროლოგი, დავით ნიბლაძე ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“ახალი მთვარის პიკი – 14:52სთ
დაბნელებას საქართველოდან ვერ დავინახავთ.

დაბნელება, არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ძირითად ცვლილებებზე მიუთითებს. მთვარის დაბნელება, რომელიც 2 კვირის წინ გამოვიარეთ, სიმწიფისა და ყველაფერი იმის დასრულებისკენ გვიბიძგებდა, რაც სასარგებლოს არაფერს გვაძლევს. მზის დაბნელება კი იმაზე გვაფიქრებს, რა სიახლეები გვჭირდება ცხოვრებაში მეტი სისავსისთვის. დაბნელება საკმაოდ ძლიერი კოსმიური ენერგიის მატარებელია, რომლის გრძელვადიანი ეფექტი 1 წლამდეც კი გრძელდება. დაბნელებების დღეებში სიმშვიდე, ფხიზელი გონება და მოქნილობა თითოეული ჩვენგანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დროა, ჩვენი ცხოვრების ახალი თავი დავიწყოთ ახალი მიზნებით, ახალი გეგმებით, მეტი გამოცდილებით და რწმენით.

ამჯერად ახალი მთვარე და დაბნელება ტყუპების მე-20 გრადუსზე გვაქვს შეერთებით რეტრო მერკურთან, კვადრატით ნეპტუნთან და ტრინით რეტრო სატურნთან. ახლოს იმყოფება ასევე ჩრდილო კვანძი.

უკუმოძრავმა მერკურმა და სატურნმა შესაძლოა, ძველი თემები ისევ წამოწიოს წინ, ოღონდ არა ისე, რომ მათ მივუბრუნდეთ, არამედ საკითხი უნდა დავსვათ ასე: რა ვისწავლეთ? ნეპტუნთან კვადრატების გამო დიდი შანსია, ქაოსში, გაურკვევლობასა და ტყუილში აღმოვჩნდეთ. ამიტომ რასაც დავინახავთ და მოვისმენთ, ბრმად თუ არ დავიჯერებთ, ნეპტუნის ხრიკებსაც უფრო მარტივად დავაღწევთ თავს. თავად ტყუპები მენტალურად საკმაოდ აქტიური ნიშანია, რომელსაც არ დაეზარება ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება, კითხვის დასმა, მოსმენა, სწავლა. გაურკვეველ სიტუაციებში უბრალოდ მოვდუნდეთ, მოვუსმინოთ შინაგან ხმას, მივიღოთ რჩევები კომპეტენტური ადამიანებისგან, შევხედოთ საკითხს გვერდიდან ისე, რომ მთლიანი სურათის დანახვა შევძლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ განვაგრძოთ წინ სვლა. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ აქტიურდება სატურნისა და ურანის ზუსტი კვადრატი, რომელიც დაახლოებით დაბნელებების მსგავსად, ისევ ძველსა და ახალს შორის მკვეთრი ხაზის გავლებას გვთხოვს.

რას ვტოვებთ წარსულში? რა გვიშლის ხელს? რა არის ის დამოკიდებულებები, რომლითაც წლების განმავლობაში ვიცხოვრეთ, მაგრამ ვატყობთ, რომ არ გვადგება? რის გარეშე უფრო საინტერესო იქნება ჩვენი ცხოვრება?

რა სიახლეებია საჭირო ჩვენს ცხოვრებაში? რა გვაკლია? რა მოგვანიჭებს ბედნიერებას? სად ვხედავთ თავს მომავალში? რა გვაშორებს დიად მიზნებამდე? რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო?

დაბნელება, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანზე თავისებურ გავლენას მოახდენს იმის გათვალისწინებით, რომელ სახლში მოხვდება ტყუპების მე-20 გრადუსი ჩვენს პირად ჰოროსკოპში და როგორი ასპექტები ექნება ჩვენს პლანეტებთან თუ სხვა მნიშვნელოვან წერტილებთან.

უშუალოდ 9, 10, 11 ივნისს ჯობია

არ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
მოვერიდოთ რისკისშემცველი საქმის შესრულებას;
სიფრთხილე გამოვიჩინოთ საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან;
არ ვიკამათოთ;
არ მივიღოთ ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლი.

კარგია

ყოველდღიური საქმეებით დაკავება;
დასვენება, ბუნებასთან კონტაქტი და განმარტოება.”- წერს დავით ნიბლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები