10 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში

505
SHARE

საქართველოში არსებული ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ანუ სამუშაო ძალა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მათგან 12% უმუშევარია. საქართველოში არსებულ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიებს დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

”ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ კომპანიების ათეულს, რომლებსაც 2016 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

სამედიცინო კორპორაცია ”ევექსი”
ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას სამედიცინო კორპორაცია ”ევექსი” იკავებს. კომპანია ფართო პროფილისა და სპეციალიზებული საავადმყოფოების საქმიანობას ეწევა და მასში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 10 700-ია.
”კომპანია თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ამაღლება ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ლიკა ბასლანაძე.
”ენერგო-პრო ჯორჯია”
კიდევ ერთი მსხვილი დამსაქმებელია ”ენერგო-პრო ჯორჯია”, რომელიც 5 582 ადამიანს ასაქმებს.
”მაქსიმალურად ვცდილობთ თანამშრომლებს კომფორტული სამუშაო გარემო და პირობები შევუქმნათ“, – ამბობს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენელი თამარ დოგრაშვილი.
”ენერგო-პრო ჯორჯია” ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად კომპანიაში მოქმედ „დასაქმებისა და კარიერული განვითარების წესს“ მიიჩნევს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ვაკანტური პოზიციის შევსება ხდება უფრო დაბალ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების რეზერვიდან.
”თბილსერვის  ჯგუფი”

”თბილსერვის ჯგუფი” 4 800 ადამიანს ასაქმებს. ჯგუფი უზრუნველყოფს დაგვა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, პარკების მოვლა-დასუფთავებას, გარე განათების ქსელების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და შადრევნების გამართულ მუშაობას და სხვა ტექნიკურ მომსახურებას.
”ჩვენი თანამშრომლების მცირე ნაწილი, დაახლოებით 200 ადამიანი ეწევა საოფისე საქმიანობას. დანარჩენები სხვადასხვა სახის ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებენ. შესაბამისად, ჩვენთვის თანამშრომლების კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა ცოტა რთული და არასტანდარტული პროცესია. თუმცა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ვეხმარებით მათ. თანამშრომლების შრომის უსაფრთხოება კი მაქსიმალურად დაცულია”, – განმარტავს ”თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე.
კომპანია “ნიკორა”
ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია “ნიკორაში” ამ ეტაპზე 3 734 ადამიანია დასაქმებული.
”საქართველოს ფოსტა”
ქვეყნის კიდევ ერთი მსხვილი დამსაქმებელია ”საქართველოს ფოსტა”, რომელიც 2 857 ადამიანს ასაქმებს.
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”
2 665 ადამიანია დასაქმებული “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში”. კომპანიის დირექტორის ზაზა სიხარულიძის თქმით, დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება პერიოდულად ხორციელდება როგორც კომპანიის რესურსებით, ისე საერთაშორისო დონორების დაფინანსებით.
”ჯეო ჰოსპიტალსი”
მსხვილ დამსაქმებლებს შორისაა ”ჯეო ჰოსპიტალსი”, რომელიც 2 500 თანამშრომელს ასაქმებს. კლინიკების ქსელი 2011 წელს დაარსდა და მისი სამედიცინო ცენტრები წარმოდგენილია საქართველოს 5 რეგიონში: ქვემო ქართლში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში.

ყველაზე მსხვილ დამსაქმებელთა ათეულში შემავალი სხვა კომპანიების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: ”ავერსი-ფარმა”, ”თბილისის სატრანსპორტო კომპანია”, ”საქართველოს რკინიგზა” და ”ჯორჯიან მანგანეზი”.

წყარო:https://bpn.ge

FB კომენტარები

კომენტარი