ჰოლივუდში მოღვაწე 5 ქართველი მსახიობი – ნიკოლ კიდმანის, ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის პარტნიორები

საქართველოში ბევრი ნიჭიერი მსახიობია. ისინი საინტერესო კინოროლებით ხშირად გვანებივრებენ. ამჯერად ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავების შესახებ მოგითხრობთ.

ისინი ჰოლივუდში ცნობილ მსახიობებთან და რეჟისორებთან თანამშრომლობენ. 5 ქართველი მსახიობი, რომელთაც პარტნიორობა ანჯელინა ჯოლის, ჯენიფერ ენისტონს, ნიკოლ კიდმანს, ადამ სენდლერს, ჯასტინ ტიმბერლეიკს, მორგან ფრიმენსა და სხვა ვარსკვლავებს გაუწიეს.

დათო ბახტაძე: 
მისი სამსახიობო მონაცემებით აღტაცებული რეჟისორები ქართველ მსახიობს არაერთ საინტერესო სცენარს სთავაზობენ. დათომ ჰოლივუდში პოპულარობა 2004 წელს რეჟისორ პოლ ჰაგისის გადაღებული კრიმინალური დრამით “შეჯახება” (Crash) მოიპოვა. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი სანდრა ბალოკი თამაშობს. ფილმში დათო ლუსიენის როლს განასახიერებს; ფილმს დიდი პოპულარობა ხვდა წილად – ნამუშევარმა 6 “ოსკარი” მიიღო. ასევე ძალიან პოპულარულია 2011 წელს რეჟისორ კის გორაკის გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკა/თრილერი “ყველაზე ბნელი საათი” (The Darknest Hour) – ფილმში დათოს პარტნიორობას ემილი ჰირში და რეიჩელ ტეილორი უწევენ. ქართველი მსახიობი სერგეის როლს თამაშობს. დათოსთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა 2010 წელიც, როდესაც რეჟისორმა ამერიკულ დრამაში “დაკარგული ორქიდეა” მიიწვია.
მის სამსახიობო კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კრიმინალური ტრილერი “განსაკუთრებით საშიში” (Wanted), სადაც პარტნიორობას ჰოლივუდის მსახიობს,  ანჯელინა ჯოლის უწევს. ამასთან, ფილმში მონაწილეობს ვეტერანი ვარსკვლავი მორგან ფრიმენი, მთავარ როლშია ახალგაზრდა მსახიობი ჯეიმს მაკ-ევოი. ფილმში დათო ყასაბის როლს თამაშობს, რომელიც დანების ექსპერტია და ფილმის მთავარი გმირის, უესლი გიბსონის (ჯეიმს მაკ-ევოის გმირი) მწვრთვნელია – დანით ბრძოლაში ავარჯიშებს.
ნუცა კუხიანიძე:
ახალგაზრდა ქართველმა ვარსკვლავმა ნუცა კუხიანიძემ ჰოლივუდში წარმატებას 19 წლის ასაკში მიაღწია.
ნიჭიერი ქართველი გოგონა ამერიკაში მას შემდეგ გაიცნეს, რაც 2002 წელს რეჟისორმა ნილ ჯორდანმა ფილმში “ნიჭიერი ქურდი” გადაიღო. ფილმში ნუცას პარტნიორობას ნიკ ნოლტი და ემირ კუსტურიცა უწევენ.
ქართველი მსახიობისთვის წარმატებული აღმოჩნდა 2004 წელიც; ფილმში “მატილდა” ნუცას პარტნიორობას ცნობილი ინგლისელი მსახიობი ჯერემი აირონსი უწევს.
ელენე სატინი-სხირტლაძე:

ელენე 1987 წელს თბილისში დაიბადა. მან პროფესიონალური კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო. 9 წლის ასაკში უამრავი, მათ შორის საერთაშორისო ჯილდოთი ამაყობდა. მოგვიანებით დედასთან, მწერალ მარინა სილაგაძესთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. დაამთავრა სამსახიობო სკოლა და კურსის გავლის შემდეგ ლოს-ანჯელესში მოხვდა, სადაც 2003 წელს ითამაშა სერიალში “დეტექტივი რაში”. დღემდე შვიდ კინოფილმში, ასევე რამდენიმე სერიალსა და თეატრალურ დადგმაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის მიუზიკლი “ჩიკაგო”. რაც შეეხება პოპულარულ, ცნობილ ფილმებს, რომელშიც ელენე გადაიღეს, ეს არის Ripple Effect (სოფიას როლი). “დროში” პარტნიორობას უწევს ისეთ ვარსკვლავებს როგორიცაა: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანდა სეიფრინდი, კილიან მერფი და ოლივია უაილდი.
ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია დენის დუგანის 2011 წელს გადაღებული რომანტიული კომედია “თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ”. გადასაღებ მოედანზე ქართველი ვარსკვლავი ჰოლივუდის მეგა-მსახიობებთან: ჯენიფერ ენისტონთან, ადამ სენდლერთან, ბრუკლინ დეკერთან და ნიკოლ კიდმანთან ერთად თამაშობს. სატინი გადაიღეს ტელესერიალებშიც, სადაც ეპიზოდურ როლებს თამაშობს. მან ითამაშა სერიალში “ჯადოსნური ქალაქი”. ელენესთან ერთად სერიალში უკრაინელიოლგა კურილენკოც მონაწილეობს. ქართველ მსახიობს სერიალში სექსუალური გოგონას როლი აქვს და ინტიმურ სცენაშიც მონაწილეობს. ამასთან, რეჟისორი ჟონ ფავრო ფილმში “რკინის კაცი 2” ელენეს კანდიდატურას “შავი ქვრივის” როლზე განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ, ამ როლზე სკარლეტ იოჰანსონი დაამტკიცეს.
გიორგი აგიაშვილი:

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ ჰოლივუდში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მსახიობი გიორგი აგიაშვილი მოღვაწეობს, რომელიც ჯორჯ ფინის ფსევდონიმითაა ცნობილი. ის რეჟისორ დავით აგიაშვილის ვაჟია. პოპულარობა 2012 წელს გადაღებულ ფილმში “ლოლა” ჩადის როლის განსახიერებით მოიპოვა. ფილმში მთავარ როლებს დემი მური და თინეიჯერების კერპი მაილი საირუსი თამაშობენ. გიორგის ფილმში მაილი საირუსის შეყვარებულის როლი აქვს. გიორგი რამდენიმე სერიალშიც გადაიღეს.

ლევან უჩანეიშვილი: გადასაღებ მოედანზე ცნობილი მსახიობების გვერდით ხშირად თამაშობს ლევან უჩანეიშვილი.
მსახიობი 2006 წელს თრილერში “წარსულის აჩრდილები” (Shadow Man) გადაიღეს. ლევანი ფილმში ჯენსენის როლს ირგებს. ლევანი პარტნიორობას სტივენ სიგალს უწევს. ქართველი ვარსკვლავი 2002 წელსაც ცნობილ მსახიობს უწევდა პარტნიორობას, როდესაც ამერიკულ დრამაში “25-ე საათი” (25th Hour) გადაიღეს. “25-ე საათში” მთავარ როლს ედვარდ ნორტონი თამაშობს – ლევანი ბიძია ნიკოლაის ასახიერებს. ლევანი 1997 წელს ამერიკულ თრილერში “პრეზიდენტის თვითმფრინავი” (Air Force One) მონაწილეობს. უჩანეიშვილი პარტნიორობას ამერიკელ მსახიობს ჰარისონ ფორდს უწევს. “პრეზიდენტის თვითმფრინავში” ლევანი სერგეი ლენსკის როლს ასრულებს.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები