“ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის ირანელი მომღერალი დააპატიმრეს და ამ დრომდე მისი ადგილ-სამყოფელი უცნობია
ირანში მოქმედი ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ედებათ „უხამსობის ხელშეწყობაში ან გავრცელებაში, ჰიჯაბის ტარებასა და არასათანადო ქცევაში“ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და, ზოგიერთ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
ცოტა ხნის წინ ირანში პარლამენტმა მიიღო კანონი უბიწოებისა და ჰიჯაბის ტარების შესახებ – ახალი წესების მიხედვით, ქალებს, რომლებიც არღვევენ მკაცრ ჩაცმულობის კოდექსს, სერიოზული სასჯელი ემუქრებათ – სიკვდილით დასჯის ჩათვლით. ამას ეწინააღმდეგებოდა არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ თავად ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანიც, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია…
მეორე დღეა მსოფლიო პრესა ახალგაზრდა მომღერლის პარასტუ აჰმადის დაკავებაზე საუბრობს – ის კონცერტის შემდეგ დააკავეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმოდგენა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და დარბაზში მაყურებელი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, კონცერტის გადაცემა ვირუსულად გავრცელდა – მას YouTube-ზე 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. თავად პარასტუ დააკავეს. მიზეზი მოშიშვლებული მხრები და ჰიჯაბის გარეშე გამოჩენაა.
სპექტაკლის დაწყებამდე მამაცმა გოგონამ განაცხადა: „მინდა ვიმღერო იმ ადამიანებისთვის, ვინც მიყვარს. ეს არის უფლება, რომლის იგნორირება არ შემიძლია: ვიმღერო იმ მიწისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს. აქ, ჩვენი ძვირფასი ირანის კუთხეში, სადაც ისტორია და ლეგენდები ერთმანეთს ერწყმის, მოუსმინეთ ჩემს ხმას“.
მომღერლის ადვოკატის მილად პანაჰიპურის თქმით, მან არ იცის, სად იმყოფება ახლა მისი კლიენტი.
ირანი ასევე გეგმავს „საავადმყოფოს“ გახსნას ქალებისთვის, რომლებიც არ ატარებენ ჰიჯაბს. ყველა, ვინც უარს იტყვის წესების დაცვაზე, “სამკურნალოდ” გაგზავნიან.
„კლინიკების შექმნის იდეა შემაძრწუნებელია, რადგან ადამიანები იზოლირებულნი ხდებიან საზოგადოებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველ იდეოლოგიას არ მოსწონს“, – თქვა ირანელმა ჟურნალისტმა სიმა საბეტმა.
2 ნოემბერს სტუდენტი აჰუ დარიაი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავეს. პროტესტის ნიშნად მან ტანსაცმელი გაიხადა და თეირანის ქუჩებში გაიარა. ამისთვის სცემეს, ძალით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიმოათავსეს, სადაც მან სამი კვირა გაატარა. დღეს აჰუ უკვე სახლშია, მის ოჯახს კი “ფსიქიკური ჯანმრთელობის“ მონიტორინგი ურჩიეს .