ჰიტლერის შვილიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს?

რუსული ტელეარხის НТВ-ის ჟურნალისტებმა მიაკვლიეს ფრანგს, რომელიც თავის თავს ადოლფ ჰიტლერის შვილიშვილს უწოდებს. ევროპული მედია გარკვეული დროის წინ იუწყებოდა, რომ მესამე რეიხის ფიურერს, შესაძლოა, ჰყოლოდა უკანონო შვილი-ჟან ლორე, რომელიც მთელი ცხოვრება იმალებოდა და საფრანგეთში 1985 წელს გარდაიცვალა, თუმცა დარჩა ერთი შვილი.
დიქტატორის სავარაუდო შვილიშვილს გადაცემა „ახალი რუსული სენსაციების“ ავტორებმა მიაკვლიეს. ამისთვის ნახევარი წელი დასჭირდათ, კიდევ რამდენიმე კვირა ინტერნეტ-მიმოწერას დასჭირდა, რამდენიმე დღე კი, რთულ სატელეფონო მოლაპარაკებას. საბოლოოდ, ჟურნალისტებმა მაყურებელს უამბეს, რომ ეს ადამიანი ფილიპ ლორეა, ცხოვრობს საფრანგეთის ქალაქ ბოენ-ან-ვერმანდუაში. ლორეს განცხადებით, მისმა ბებიამ, შარლოტა ლობჟუამ მომავალი ფიურერი გაიცნო 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ის ცხოვრობდა ლილის მახლობლად, ხოლო ჰიტლერის საბრძოლო ნაწილი იმავე ადგილას იყო გამაგრებული. ქალი ჰიტლერის საყვარელი გახდა და მისგან შვილიც გააჩინა.
სანტექნიკოსმა, ფილიპ ლორემ აღიარა, რომ გარკვეული ეჭვები აქვს იმ ისტორიასთან დაკავშირებით, რომელიც მამამ უამბო, ამიტომ სურს, მისი უტყუარობა დაადგინოს. აქედან გამომდინარე, რუსი ჟურნალისტების დახმარებით, მან ექსპერტებს დნმ ტესტის ჩატარების მიზნით მიმართა. ლორემ თავისი ბიოლოგიური მასალა (ნერწყვი) უკვე ჩააბარა მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში იმ იმედით, რომ მას ჰიტლერის დნმ-ს შეადარებენ. ფიურერის თავის ქალის და ყბის ნაწილი „ეფ-ეს-ბე“-ს მოსკოვის არქივში ინახება.

კომენტარები

სხვა სიახლეები