ჰარისონ ფორდის შვილი რუსთავის ციხეში – ჰოლივუდის ვარსკვლავის ვაჟი ქართველ პატიმრებს დანის სწორად გამოყენებას ასწავლის (ფოტოკოლაჟი)
რუსთავში N16 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მეტი, არც ნაკლები – ჰოლივუდის მსახიობ ჰარისონ ფორდის შვილი იმყოფება. ბენ ფორდმა, მსჯავრდებულებისთვის დღეს მასტერკლასი ჩაატარა.
ცნობილმა ამერიკელმა მზარეულმა კერძი „ჩილი“ მსჯავრდებულებთან ერთად მოამზადა, რომელიც მოგვიანებით პატიმრებმა და სტუმრებმა გასინჯეს. ბენ ფორდმა განმარტა, რომ მსჯავრდებულებს კერძების მომზადების თავისებურებები ასწავლა.
„ყოველთვის საინტერესოა იმის ნახვა, თუ ვინ ხვდება ციხეში. გავარკვიეთ, რომ ზოგიერთ პატიმარს კულინარიასთან შეხება ადრეც ჰქონია და მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო დღევანდელი დღე. სხვებმა კი, დღეს ამ კუთხით ახალი უნარები შეიძინეს. საუბარი გქვონდა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად დანა, როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე პროდუქტების საჭრელ დაფაზე, როგორ დავჭრათ კერძისთვის საჭირო პროდუქტი მარტივად. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს ახალი ძალიან გემრიელი და სურნელოვანი კერძის ჩილის მომზადება ვასწავლე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები არასწორ გზას ირჩევენ, მაგრამ კარგი პიროვნებები როგორც გარეთ , ასევე, ციხეშიც არიან. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მასტერკლასით პატიმრებს კულინარიული კუთხით განვითარების საშუალება მივეცით. ზუსტად არ ვიცოდი ვისთან მომიწევდა მუშაობა და ცოტა ვინერვიულე კიდეც, რადგან ციხეში არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ მსჯავრდებულების ენთუზიაზმითა და დამოკიდებულებით,“- განაცხადა ფორდმა.
ბენ ფორდის მასტერკლასი, მსჯავრდებულებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ერთ-ერთმა პატიმარმა აღნიშნა, საჭმელი მას აქამდე არასდროს მოუმზადებია და ცნობილ კულინართან ერთად კერძის მომზადება, მისთვის ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოც იყო.
“ბატონ ბენთან ერთად ძალიან სასიამოვნო იყო ჩილის მომზადება. ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება პატიმრისთვის ამ პროფესიის დაუფლება, რათა ამის საშუალებით გათავისუფლების შემდეგ დასაქმდეს,“-აღნიშნა მსჯავრდებულმა.
ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და მისი მიზანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.