ჯორჯა მელონის ძვირფასი საჩუქრების აუქციონი სკანდალის გამო ჩაიშალა
მაჰათმა განდის ბიუსტი, თავსაბურავი ინდიელთა ბელადისგან, ფაიფური ორბანისგან - რას და რატომ ყიდის იტალიის პრემიერ-მინისტრი
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი მსოფლიოს ლიდერებისგან მიღებული ძვირფასი საჩუქრების საქველმოქმედო აუქციონზე გატანას გეგმავდა, თუმცა პროცესი დროებით შეჩერდა.
იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის მეთაურს არ აქვს უფლება გამოიყენოს 300 ევროზე ძვირად ღირებული საჩუქრები. მსგავსი ნივთები სპეციალურ საცავში, რომის მთავრობის სასახლეში — პალაცო კიჯიში ინახება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ მათი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას მოხმარდეს.
აუქციონის სიაში 270 სხვადასხვა ნივთი იყო შესული. მათ შორის — უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი ბრილიანტებით, სლოვაკეთის ლიდერისგან მიღებული სამკაულების ნაკრები, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მიერ ნაჩუქარი ვერცხლის ბიუსტი მაჰათმა განდის გამოსახულებით, ვიქტორ ორბანისგან მიღებული ფაიფურის ნაწარმი, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის ნაჩუქარი სიმბოლური სამახსოვრო დაფა. სიაში ასევე შედიოდა ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი ძვირფასი ავეჯი, ბრენდული აქსესუარები, ტანსაცმელი და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული სამოსი, მათ შორის — ინდიელთა ბელადისგან მიღებული თავსაბურავი.
საჩუქრების საწყისი ღირებულება 800 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდა, თუმცა ექსპერტების შეფასებით, საბოლოო თანხა შესაძლოა გაცილებით მაღალი ყოფილიყო, რადგან ბევრი ნივთი ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას ატარებს.
თუმცა აუქციონი, შესაძლოა, საერთოდ არ გაიმართოს. მის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი კომპანიის – Bertolami Fine Art წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იტალიური მედიის ინფორმაციით, კომპანია, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს არქეოლოგიური ნივთებით უკანონო ვაჭრობასა და ფულის გათეთრებასთან.
შედეგად, პრემიერ-მინისტრის კანცელარიამ პროექტის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე გამოძიება დასრულდება.
სიტუაციას დამატებით სიმძაფრეს ის ფაქტიც სძენს, რომ Bertolami Fine Art 2022 წელს უკვე ფიგურირებდა სკანდალში, როდესაც აუქციონზე ტერორისტული ჯგუფის – „წითელი ბრიგადების“ მიერ 1978 წელს იტალიის პრემიერ-მინისტრ ალდო მოროს გატაცებასთან დაკავშირებული ბეჭდური მასალა გაიყიდა. მაშინ ჯორჯა მელონიმ მკაცრად გააკრიტიკა ფაქტი და აღნიშნა, რომ “იტალიის ტრაგიკული ისტორიის კომერციალიზაცია” დაუშვებელია.