ჯონი შუბითიძე – „თითოეულ ჩვენგანს საზოგადოების წინაშე ვალდებულება გვაკისრია და პანდემიის პირობებში, ყველა ვალდებული ვართ – ავიცრათ“
„ფაქტი არის ერთადერთი – ვირუსის დასამარცხებლად, რომ აღარ იყოს ის ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი და კაცობრიობა გადარჩეს, დამზადდა ვაქცინა, რომელიც უნდა გავიკეთოთ ყველამ. როგორ შეიძლება ამას ვინმე დაუპირისპირდეს“?! – ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ჯონი შუბითიძე გვესაუბრა.
მისი თქმით, თითოეულ ჩვენგანს ვალდებულება გვაკისრია საზოგადოების წინაშე და ამ შემთხვევაში, პანდემიის პირობებში, ყველა ვალდებული ვართ – ავიცრათ.
„პროფესიიდან გამომდინარე, სპორტდარბაზებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძალიან ხშირად მიწევს ყოფნა, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში და ბევრჯერ ვყოფილვარ ინფიცირებულის კონტაქტი, თუმცა არ გადამდებია. სწორედ ვაქცინაციის მოქმედებას ვუკავშირებ ამას. ნამდვილად გვიცავს აცრა და ყველას ვურჩევ, რომ ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში. მე სპორტსმენი ვარ და ჯანსაღ ცხოვრებას ვუწევ პროპაგანდას. ამიტომ ყველას ვურჩევ, აიცრას, უნდა დავასრულოთ ეს პანდემია და კაცობრიობა უნდა გადარჩეს. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა. მე ყველას მოვალედ ვთვლი, აიცრან, რადგან თითოეულ ჩვენგანს ვალდებულება გვაკისრია საზოგადოების წინაშე და, ამ შემთხვევაში, პანდემიის პირობებში, ყველა ვალდებული ვართ, ავიცრათ.
თითქმის ყველგან „ანტივაქსერული” მოწოდებები ისმის, ზოგი ჩვენი რწმენით მანიპულირებს კიდეც. კარგია რელიგიურობა, რწმენა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა რელიგია კაცთმოყვარეობაზეა დაფუძნებული. განვითარებულ სამყაროში ვცხოვრობთ, გვყავს მეცნიერები, რომლებმაც კაცობრიობის გადასარჩენად ვაქცინა შექმნეს, უნდა ვენდოთ ამ ადამიანებს და არა იმათ – ვიღაც ტაქსიში გვეტყვის – „არ აიცრა, არ ვარგა“, ვიღაც დარბაზში შემოვა და იტყვის – „ანტივაქსერი ვარ, მე დამიჯერეთ“. ასეთი ადამიანები მეცოდებიან კიდეც. მათ საზოგადოებისგან გარიყულებად მივიჩნევ, რადგან ვერ აცნობიერებენ, რამხელა ზიანს აყენებენ ამით სრულიად კაცობრიობას. მე რომ ახლა გამოვიდე და კოსმოსზე ვისაუბრო, მეცნიერულ ფაქტებზე, ეს ხომ არ იქნება სანდო ინფორმაცია, რადგან მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხებში, ასეა ამ შემთხვევაშიც, მათ არ იციან, რას ლაპარაკობენ. ალბათ განათლების დონის ბრალიც არის ეს ყველაფერი.
კიდევ გავიმეორებ, რომ აუცილებელია, ყველა ავიცრათ. მეც, და ჩემ ირგვლივ ვინც აიცრა, არაფერი გართულება არ გვქონია და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ფაქტი არის ერთადერთი – ვირუსის დასამარცხებლად, რომ აღარ იყოს ის ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი და კაცობრიობა გადარჩეს, დამზადდა ვაქცინა, რომელიც უნდა გავიკეთოთ ყველამ. როგორ შეიძლება ამას დაუპირისპირდეს ვინმე“?! – განაცხადა ჯონი შუბითიძემ.