ჯერარდ ბატლერის სახლი ხანძარმა მთლიანად დაანგრია

კალიფორნიაში, ტყის ხანძარმა მსახიობ ჯერარდ ბატლერის სახლი გაანადგურა. თავის მამულში დაბრუნების შემდეგ, მან აღმოაჩინა, რომ იქ, სადაც მანამდე მისი მშვენიერი სახლი იყო, მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. დაიწვა მისი მანქანაც. ამის შესახებ, მსახიობამ თავის „ტვიტერში“ დაწერა და ვიდეოც გადაიღო.
„ევაკუაციის შემდეგ მალიბუში დავბრუნდი. სულის შემძვრელი ვითარებაა კალიფორნიაში. როგორც ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ მეხანძრეების ვაჟკაცობით, სიმამაცით და თავდადებით. მადლობა ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტს“, – წერს ბატლერი.
კალიფორნიის დასახლებული პუნქტები ათიათასობით ადამიანმა დატოვა. მათ შორის იყვნენ მსახიობი უილ სმითი, მომღერლები შერი, ლედი გაგა, ასევე კარდაშიანების ოჯახი. მსახიობმა ჩარლი შინმა განაცხადა, რომ მისი მშობლები მეხანძრეებმა გაიყვანეს ხანძრის ზონიდან.
სასტიკი და მასშტაბური ხანძრის გამო, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები