ცხოვრებაში პირველად წიგნი დავკარგე. კითხვა დავამთავრე, თვითმფრინავის სკამზე დავდე და წამოვედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თან მქონდა. დღემდე ვერ ვხვდები, 600 გვერდიანი წიგნი როგორ დამრჩა, მაგრამ ფაქტია, წიგნი აღარ მაქვს და ეს პოსტიც ერთი კვირის წინანდელი ემოციების აღწერაა.
მთელი ნაწარმოები ერთი აბელის ამბავია. ოღონდ ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ეს ბიჭი მიდის, შენ მიყვები, მაგრამ სანამ ფინალამდე მივა, ბევრგან უხვევს, იგრძელებს, იხლართავს გზას ისტორიებით, შენც სულმოუთქმელად მიყვები, სიარულში თანდათან იცვლება, გადასხვაფერდება, იზრდება, სხვა პერსონაჟები ნელ-ნელა ჩნდებიან, მიყვებიან, ბოლოს როცა მათი რაოდენობა პიკს აღწევს, მალევე ყველა ერთად ქრება და აბელი ისევ განაგრძობს გზას. ბოლოს შენც გირთულდება მიყოლა. ისეთი ტემპით მიდის, გიჭირს ყველაფერი აღიქვა, გაიაზრო. ზოგჯერ იცი, რომ მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, გადაკვრით გეუბნება, მაგრამ კარგად ვერ ხვდები, არ გინდა ჩამორჩე და მისდევ, რომ შემდეგი ამბავი სრულად არ გამოტოვო
ჩვენ ხშირად სისულელე და ოპტიმიზმი ერთმანეთში გვერევა და ბოლო საფეხურიდან პირდაპირ კიბის თავში გვინდა მოვექცეთ. შუაში კი ათასი საფეხურია. დღეს შეიძლება რომელიმე საფეხურს გადავახტეთ კიდეც და გაგვიხარდეს, მაგრამ ხვალ უკან დაბრუნება მოგვიხდება.
ყველა ამბავი აბელისთვის თითო შტრიხია და თუ მაინცდამაინც საჭიროა ერთი წინადადებით მარტივად განსაზღვრა, მაშინ ეს წიგნი სწორედ საკუთარი თავის პოვნაზე, ინდივიდად ჩამოყალიბების ამბავია.
ფიზიკის ფაკულტეტიდან სამსახიობოზე გადადის და მერე რაიონის თეატრში იწყებს მუშაობას. მანამდე სკოლაში მირიანის ისტორიაა, ამბავი, რომელიც წიგნის ბოლომდე გახსოვს. ფიზიკასა და მსახიობობას შორის გახიდული, ცხოვრების სხვნაირად დანახვას იწყებს.
ისეთი შეგრძნება გაქვს, არც ერთი ეპიზოდური გმირიც კი არ შემოდის შემთხვევით, ყველას თავისი ფუნქცია აქვს, თითოეული მათგანი თავის ფუნჯს უსვამს აბელს, მის პიროვნებას.;
ჩემი თეორიის მიხედვით, ადამიანს არავითარი დანიშნულება არა აქვს. უბრალოდ, სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვილს ბადებს. ეს სურვილი კი სასაცილოა, რადგან ხვალ მე და თქვენ სცენაზე გავალთ და სეირის საყურებლად მოგროვილი ბრბოს წინაშე სერიოზული სახით მოვყვებით კუნტრუშს.
გედეონი და სამსონი გამოხატული გონება და სულია. მიუხედვად იმისა, რომ მუდმივად კამათობენ, ერთმანეთის გარეშე ვერ ახერხებენ არსებობას. და მერე როცა რაღაცეები ირევა, როცა ადამიანები აბელის ცხოვრებიდან გადიან, ვეღარავინ ანაცვლებს მათ. გარკვეული ასაკის მერე ერთი ადამიანის მეორეთი ჩანაცვლება ძნელდება. ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ერთგვარ წესრიგს ქმნის შენს ცხოვრებაში, ამიტომაც რომელიმეს გამოკლება, ცვლის გარემოს და გცვლის შენც.
რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გემო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა, თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსსა და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ
ნელნელა აბელი აზროვნების სხვა ეტაპზე გადადის და გარშემომყოფებთან კონტაქტი სულ უფრო უჭირს. ასეთ დროს ჰგონია, რომ სადღაც სხვაგან არის და თავს მათ ნაწილად ვერ გრძნობს, უყურებს შორიდან და საერთოს ვეღარ პოულობს, ამიტომაც აღარ აინტერესებს ეპიზოდურ როლებზე დაქვეითება, აღარც სალონიდან გამოგდებას განიცდის.
და მერე ერთ დღეს, როცა ვანო როსტიაშვილი დათვრება და ოთხზე დადგება, მასსა და გედევანს შორის, იმართება საუბარი, რომელიც ყველაზე მეტად ჩამრჩა.
ჩვენ რუსთაველი იმისთვის გვინდა, რომ ვიამაყოთ. წაკითხვით არ ვკითხულობთ. წაკითხვით პოპულარულ ლაზღანდარებს ვკითხულობთ, რომლებიც საცრემლე ჯირკვლებს გვიღიზიანებენ, რათა თავი ჰუმანიზმისათვის წამებულად მოგვაჩვენონ. ჩვენ ყაჩაღებსა და წმინდანებს საერთო კვარცხლბეკზე ვუდგამთ ძეგლს, თევდორეები და ყორღანაშვილები ერთ საძმო საფლავში გვიწევს. ამიტომ ჩვენი სახლი მყიფეა. ჩვენს ჩამსხვრეულ ფანჯრებში ქარი გადი-გამოდის.
იქნებ ჯერ ჩვენთვის გაგვერკვია. რას ვუპირებთ ამ საწყალ ვანო როსტიაშვილს, რა გვინდა? ის, რომ ვანო როსტიაშვილი ოთხზე არ დადგეს, თუ ის, რომ არავინ დაინახოს, ვანო როსტიაშვილი რომ ოთხზე დადგება? თუ ჩვენ ის ხალხი არა ვართ, ვინც თავის ნაკლს უფრო თავგამოდებით იცავს, ვიდრე თავის ღირსებას?
როცა აბელი ისევ მიდის თბილისში, ყველაფერი შეცვლილი ხვდება, ლადო მენაბდეს სხვა ფერის ფუნჯებით მოუხატავს თავისი პიროვნება და სრულიად უცხო რჩება. ყველა ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო, ალბათ, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, აღარაფერი იქნება, ისე როგორც ადრე. მერე ადგეს, უფრო თვითდაჯერებული გამობრუნდეს და ისევ წავიდეს, უფრო მიზანმიმართულად.
წყარო: https://mkitxveli.wordpress.com/