-მსახიობობა ძალიან საინტერესო, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ვხუმრობ ხოლმე, -უკვე ვიმღერე, ვიცეკვე, მოდელიც ვიყავი, საერთაშორისო კონკურსებზეც გავედი, კიდევ რა დამრჩა? -მსახიობობა; ახლა ამ ამპლუაშიც გამოვცადე თავი. პაროდიების გაკეთება, იმიტაცია ბავშვობიდანვე მეხერხება. ვფიქრობდი, სამსახიობო ფაკულტეტზე რატომ არ ჩავაბარე? ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიაა. შეგიძლია, იყო სხვადასხვა სოციალური ფენის, ხასიათის, პროფესიის ადამიანი. არ არის გამორიცხული, მომავალში ამ მიმართულებით განვითარებაზე ვიფიქრო, რამდენიმეთვიანი კურსები მაინც გავიარო.
-გადასაღებ მოედანზე თავს როგორ გრძნობდი?
-ძალიან კომფორტულად. მივხვდი, რამდენად რთული იქნება მსახიობისთვის თეატრში თამაში: იქ მაყურებელი ზის და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, ფილმის გადაღებისას კი შეგიძლია, რამდენჯერმე სცადო, შეცდომა მომდევნო დუბლში გამოასწორო. რეჟისორისგან შემოთავაზება როგორც კი მივიღე, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. სცენარიდან მხოლოდ ჩემი ეპიზოდები როდი წავიკითხე -მთელ ტექსტს გავეცანი, რომ ფილმის შინაარსზე წარმოდგენა მქონოდა და ეს მუშაობის პროცესში დამხმარებოდა. მოქმედება ძალიან საინტერესო ხაზით ვითარდება.
-შენს გმირზე მიამბე.
-ფილმის მთავარი გმირი არის გიორგი გიორგაძე, რომლის როლსაც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს. ის წარმატებული, პერსპექტიული ახალგაზრდაა. მე მისი მეუღლე ვარ -ახალგაზრდა, თბილი, დამჯერი, დამთმობი, მოსიყვარულე, მზრუნველი გოგო, რომელსაც მართლა უყვარს ქმარი და მხარში უდგას. მას ნინი ჰქვია. ნინი ფეხმძიმედ არის. ეს გმირი ხასიათით ჩემთან ძალიან ახლოს არის. რეჟისორ დათო იმედაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. რეკლამებზეც არაერთხელ გვიმუშავია ერთად. დათო მიხვდა, რომ ეს როლი კარგად მომერგებოდა, ჩემს შინაგან სამყაროსთან, განწყობასთან ძალიან ახლოსაა. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ ნინისნაირი მეუღლე ვიქნები. მაგრამ არ მინდა, გიორგისნაირი ქმარი მყავდეს.
-რატომ?
-პრობლემა ის არის, რომ არ აინტერესებს, როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ, განვიცდი… ფეხმძიმედ რომ ვარ, ეგეც კი არ აინტერესებს. თავისი წარმატება და საერთოდ, მდგომარეობა იმდენად თავში აქვს ავარდნილი, აღარაფერი აინტერესებს. მყავს დაქალი, რომლის როლსაც ირინა ონაშვილი თამაშობს. ის გამუდმებით მეუბნება, რომ ქმარს არ ვუყვარვარ, არ ვჭირდები, მახსენებს, ადრე როგორი კარგი იყო და დღეს როგორ იქცევა, აღარ მაფასებს. მე მაინც გიორგის ვამართლებ, დაქალს ვეუბნები, რომ გიორგი კარგი ადამიანია, რომ მას კარგად არ იცნობს და ა.შ. ყველანაირად ვცდილობ, დავიცვა, მაგრამ შინაგანად პროტესტი მაქვს: მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, მას ხასიათი უარესობისკენ როგორ შეეცვალა!..
-ნინი უკმაყოფილებას მეუღლესთან არ გამოხატავს?
-რატომღაც, არ გამოხატავს. შეიძლება ხვდება, რომ აზრი არ აქვს. თან, შინაგანად აქვს განცდა, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, მისი მეუღლე მომავალში აუცილებლად გამოკეთდება, ისევ თბილი და მზრუნველი გახდება.
-ფილმის ბოლოს მოლოდინი მართლდება?
-კი, ვინც ითმენს, ის მოგებულია. გიორგის სული გადადის სხვადასხვა ადამიანის სხეულში და ის ხვდება იმ ადამიანთა განცდებს, ვისაც ის ერთ დროს ცუდად ექცეოდა. ვისაც აწყენინა, მის შინაგან მდგომარეობას, ტკივილს შეიგრძნობს. ფილმს ამიტომაც ჰქვია “ვისი სული გსურს?”
-პროფესიონალი მსახიობი არა ხარ. რა სირთულეებს წააწყდი გადაღების დროს, ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდის თამაში გაგიჭირდა?
-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, სადაც კოცნის სცენა უნდა გვეთამაშა, ვინერვიულე. სხვათა შორის, ბევრ დუბლს არ ვიღებდით. გადაღების დასაწყისშივე ვიცოდი, რომ ეროტიკული ხაზი ჩემი და გიორგის ურთიერთობას არ ექნებოდა, რადგან მას “საყვარელი ეყოლებოდა”. ვიცოდი, რომ უნდა გვეთამაშა ერთი ეპიზოდი, სადაც მოქმედება აბაზანაში მოხდებოდა, მე ხელში ორსულობის ტესტით ვიქნებოდი, გიორგი შემოვიდოდა, ვახარებდი ჩემს ორსულობას, ის შუბლზე მაკოცებდა და გავიდოდა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს იყო ის კოცნის სცენა, რომლის გამოც ვღელავდი. გავიდა რამდენიმე ხანი და რეჟისორმა მითხრა, იგივე სცენა უნდა გადავიღოთო. ვიფიქრე, კადრში რაღაც არ მოეწონა და დუბლის გადაღება იყო საჭირო. დავიწყეთ გადაღება, იგივე სცენაა. შემოდის გიორგი, ხელში ისევ ორსულობის ტესტი მიჭირავს. ვეუბნები, რომ ორსულად ვარ. ის მოულოდნელად, ხელებს მხვევს და ტუჩთან ახლოს მკოცნის, მაგრამ კადრში ჩანს, რომ ტუჩებში მკოცნის. ეს წამიერი სცენაა. მე ხომ მსახიობი არ ვარ. წარმოიდგინე, რა რთულია, უცხო ბიჭი მოდის, გეხუტება, გკოცნის და მიდის (იცინის)! კიდევ კარგი, რომ ეს სცენა პირველსავე დუბლზე გამოვიდა და რამდენიმე დუბლის გადაღება არ დაგვჭირდა. გავწითლდი, გავშავდი. მართლა მოულოდნელი იყო, მერე არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ეს შოკი იყო.
-კოცნამ შოკში ჩაგაგდო?
-(იცინის) ძალიან. მერე მეუბნებოდნენ, ამ კოცნას რამდენი გოგო ნატრობს, შენ კიდევ, როგორ იქცევიო!.. შინ რომ მივედი, ამ სცენის გამო დისკომფორტი მქონდა, ჩემთვის ძალიან რთული იყო. ოჯახის წევრებისთვის არაფერი მითქვამს. დათოს დავურეკე, ვუთხარი, -რაც გინდა, ის მიწოდე, თუ გინდა, ჩამორჩენილი დამიძახე, თუ გინდა -ძველმოდური, ოღონდ ეს სცენა ფილმში არ შეიტანო-მეთქი. დათო გაგიჟდა: გამორიცხულია, ეს სცენა ამოვიღო, ტექნიკურადაც შეუძლებელია; ეს ხომ ფილმია, რა გჭირს, რა არის აქ საუხერხულოო?!. ერთადერთი, რის გაკეთებაც შემიძლია, ის არის, რომ ფინალში ვნებიანი კოცნის სცენა მქონდა დაგეგმილი და ამას არ გაგაკეთებინებო. მიხვდა, რომ ასეთ კოცნას მართლა ვერ გადავიღებდი (იცინის). მემუქრება, -ამის შემდეგ ფილმში აღარ გადაგიღებო. ეს ამბები ჯერ ოჯახის წევრებისთვისაც არ მომიყოლია. ყველანი პრემიერას ველოდებით. ვიცი, არ მოეწონებათ. ჩვენ თანამედროვე ოჯახი ვართ, მაგრამ ტრადიციებს პატივს ვცემთ. რადგან მსახიობი არ ვარ, ვიცი, მათთვისაც რთული იქნება ამის ნახვა. ინტერნეტში ამ კოცნის 4-წამიანი ვიდეო დაიდო და ძალიან მცირე დროში, რამდენიმე ათასმა ადამიანმა ნახა…
-ამის შემდეგ, მსახიობობაზე კიდევ ფიქრობ?
-კი. ჩემი ნებაა, ასეთ როლებს არ დავთანხმდები. ეროტიკულ სცენებს ვერასდროს გადავიღებ, ჩემივე მენტალიტეტის გამო, ვერ მოვახერხებ. მშობლებს სხვანაირად რომ გავეზარდე, შესაძლოა, სულაც არ გამჭირვებოდა. მგონია, რომ მერე საკუთარ თავთან დიდი დისკომფორტი მექნება.
-მსახიობებს დაუმეგობრდი?
-მეტ-ნაკლებად. სულ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს ფილმი მაყურებელს მოეწონება. ძალიან კარგი მსახიობები თამაშობენ, გიორგი ბახუტაშვილი უნიჭიერესი არტისტია. ჩემი პარტნიორი იყო მსახიობი ბაჩო ქაჯაია. ფილმში ის მძღოლის როლს ასრულებს. ბაჩოს გმირი ძალიან კარგი ადამიანია. მას უფრო კარგად ესმის ჩემი, ვიდრე -ჩემს ქმარს. ერთ დღეს ურეკავს გიორგის და ეუბნება, -ნინი უნდა მივიყვანო საავადმყოფოში და თქვენთან მოსვლა ცოტათი მაგვიანდებაო. გიორგის კი მეუღლის ამბები იმდენად არ აინტერესებს, არც კი ჰკითხავს, რა მინდა საავადმყოფოში. ამ ფილმში რასაც ნინი ითმენს, ვერ წარმომიდგენია, ქალმა მაგდენი მოითმინოს. გიორგისნაირ ქმარს მე ვერ ავიტან. ცალმხრივი სიყვარულის არ მესმის, არ ვაღიარებ.
წყარო: http://gza.ambebi.ge
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]