ჯანეტ ქერდიყოშვილი: ფეხმძიმედ რომ ვარ, გიორგის ეგეც კი არ აინტერესებს (ვიდეო)

„მის საქართველო 2011“-ის გამარჯვებულმა და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ბედი მსახიობობაშიც სცადა და დავით იმედაშვილის ფილმში „ვისი სული გსურს“, ხალხისთვის კარგად ნაცნობი გიორგი ბახუტაშვილის მეუღლე გახდა.
ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ჯანეტ ქერდიყოშვილი ფილმზე და მის გმირზე საუბრობს.
„ფილმის მთავარი გმირი არის გიორგი გიორგაძე, რომლის როლსაც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს. ის წარმატებული, პერსპექტიული ახალგაზრდაა. მე მისი მეუღლე ვარ – ახალგაზრდა, თბილი, დამჯერი, დამთმობი, მოსიყვარულე, მზრუნველი გოგო, რომელსაც მართლა უყვარს ქმარი და მხარში უდგას. მას ნინი ჰქვია. ნინი ფეხმძიმედ არის. ეს გმირი ხასიათით ჩემთან ძალიან ახლოს არის. რეჟისორ დათო იმედაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. რეკლამებზეც არაერთხელ გვიმუშავია ერთად.
დათო მიხვდა, რომ ეს როლი კარგად მომერგებოდა, ჩემს შინაგან სამყაროსთან, განწყობასთან ძალიან ახლოსაა. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ ნინისნაირი მეუღლე ვიქნები. მაგრამ არ მინდა, გიორგისნაირი ქმარი მყავდეს. პრობლემა ის არის, რომ არ აინტერესებს, როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ, განვიცდი… ფეხმძიმედ რომ ვარ, ეგეც კი არ აინტერესებს. თავისი წარმატება და საერთოდ, მდგომარეობა იმდენად თავში აქვს ავარდნილი, აღარაფერი აინტერესებს. მყავს დაქალი, რომლის როლსაც ირინა ონაშვილი თამაშობს. ის გამუდმებით მეუბნება, რომ ქმარს არ ვუყვარვარ, არ ვჭირდები, მახსენებს, ადრე როგორი კარგი იყო და დღეს როგორ იქცევა, აღარ მაფასებს. მე მაინც გიორგის ვამართლებ, დაქალს ვეუბნები, რომ გიორგი კარგი ადამიანია, რომ მას კარგად არ იცნობს და ა.შ. ყველანაირად ვცდილობ, დავიცვა, მაგრამ შინაგანად პროტესტი მაქვს: მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, მას ხასიათი უარესობისკენ როგორ შეეცვალა“.
დამწყები მსახიობი კოცნის სცენაზე ლაპარაკობს.

13293186_1018396288197510_1697376231_n„ერთი ეპიზოდის გადაღებისას, სადაც კოცნის სცენა უნდა გვეთამაშა, ვინერვიულე. სხვათა შორის, ბევრ დუბლს არ ვიღებდით.
გადაღების დასაწყისშივე ვიცოდი, რომ ეროტიკული ხაზი ჩემი და გიორგის ურთიერთობას არ ექნებოდა, რადგან მას “საყვარელი ეყოლებოდა”.
ვიცოდი, რომ უნდა გვეთამაშა ერთი ეპიზოდი, სადაც მოქმედება აბაზანაში მოხდებოდა, მე ხელში ორსულობის ტესტით ვიქნებოდი, გიორგი შემოვიდოდა, ვახარებდი ჩემს ორსულობას, ის შუბლზე მაკოცებდა და გავიდოდა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს იყო ის კოცნის სცენა, რომლის გამოც ვღელავდი. გავიდა რამდენიმე ხანი და რეჟისორმა მითხრა, იგივე სცენა უნდა გადავიღოთო. ვიფიქრე, კადრში რაღაც არ მოეწონა და დუბლის გადაღება იყო საჭირო. დავიწყეთ გადაღება, იგივე სცენაა. შემოდის გიორგი, ხელში ისევ ორსულობის ტესტი მიჭირავს. ვეუბნები, რომ ორსულად ვარ. ის მოულოდნელად, ხელებს მხვევს და ტუჩთან ახლოს მკოცნის, მაგრამ კადრში ჩანს, რომ ტუჩებში მკოცნის. ეს წამიერი სცენაა. მე ხომ მსახიობი არ ვარ. წარმოიდგინე, რა რთულია, უცხო ბიჭი მოდის, გეხუტება, გკოცნის და მიდის. კიდევ კარგი, რომ ეს სცენა პირველსავე დუბლზე გამოვიდა და რამდენიმე დუბლის გადაღება არ დაგვჭირდა. გავწითლდი, გავშავდი. მართლა მოულოდნელი იყო, მერე არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ეს შოკი იყო. მერე მეუბნებოდნენ, ამ კოცნას რამდენი გოგო ნატრობს, შენ კიდევ, როგორ იქცევიო“, – იხსენებს ჯანეტ ქერდიყოშვილი.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=QaRsYgrVwhk[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები