ჯაბა ბოჯგუა კვლავ პატიმარია – ის ადამიანიც კი არ დამიწყევლია, ვინც ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო
უკვე 8 წელია მომღერალი ჯაბა ბოჯგუა კომაშია და ნაქირავებ ბინაში მოხუც ბებიასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. ჯაბას მგრძნობელობა ემატება, თუმცა კონტაქტური არ არის. მას არც დაჯდომა შეუძლია და არც განძრევა.
როგორც მომღერლის დედამ ქალბატონმა მანანა გვასალიამ განაცხადა, ჯაბა ისევ პატიმარია:
“8 წელია ჩემი შვილი კომაშია. ამ პერიოდის განმავლობაში მას გაუვიდა ის სასჯელი, რომელიც მიუსაჯეს. ჯაბას 2 წელი მისჯილი ჰქონდა ჯდომით და 4 წელი პირობითი. ყველანაირად გავიდა ეს დრო და ჩემი შვილი ისევ პატიმარია. ჯაბა ამ მდგომარეობაში პატიმრობის მეოთხე თვეს ჩავარდა და მას შემდეგ ასეა. ნუთუ პრეზიდენტს არ შეუძლია შეიწყალოს ჩემი შვილი? განა რამდენი პატიმარია ჯაბასნაირ მდგომარეობაში? ნეტავ სადმე გამქცევი იყოს და რას დავეძებ. არ მინდა ეს სასჯელი ჩემს შვილს ტვირთად ჰქონდეს. სირცხვილია ჯაბას მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პატიმარი იყოს. შეწყალების თხოვნით არავისთვის მიმიმართავს, მაგრამ რად უნდა ჩემი მიმართვა, ეს თვითონ უნდა გააკეთოს. მითხრეს, განცხადება დაწერეო, მაგრამ ჯაბას ვერ ვტოვებ, არ მყავს არავინ”
მანანა გვასალიამ ჯაბა მდგომარეობაზე და საცხოვრებელ პირობებზე დაწვრილებით ისაუბრა
ჯაბას მგრძნობელობა ემატება, მაგრამ კონტაქტში ვერ შემოდის. მადლობა ღმერთს, უარესობისკენ არ მივდივართ. ექიმების თქმით, ჩემი შვილი ამ დრომდე არც უნდა მოსულიყო. მჯერა, ღმერთის ნებით, სიკეთე მოხდება და ყველაფერი კარგად იქნება.
მთავრობა მეხმარება შეძლებისდაგვარად. რასაც მაძლევენ, ვიღებ. წელიწადში ერთხელ მივდივარ წამლების ასაღებად, მეტჯერ ვერა, მერიდება.
მთავარი ჩვენი პრობლემა უბინაობაა. ჩვენ საკუთარი ჭერი არ გაგვაჩნია. ქირით ვართ და პატრონმა რომ მითხრას ბინა დამიცალეო, ან გიყდვა გადაწყვიტოს, სად წავიდე? ავადმყოფით არ გვიშვებენ ქირით. აქაც იმიტომ შემოგვიშვეს, რომ მიცნობენ, ძველი მეზობლები არიან და ვეცოდებით. თან ჯაბას გადაადგილება დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, კატასტროფის ცენტრს, მაშველებს ვიძახებ ხოლმე.
ბევრს კი არ ვითხოვ, ერთოთახიანი ბინა მინდა გლდანში, რომ ქირა არ ვიხადო და ჩემს შვილთან და მოხუც დედასთან ერთად ვიცხოვრო. დოლარი რომ გაძვირდა, ჯაბას პენსიის და მოხუცი დედის პენსიის დამატება მიწევს, რომ ქირა დავფარო. ჩვენ რაღა გვრჩება? არსებობა ხომ გვინდა? ჯაბა სხვანაირი ავადმყოფია, აპარატი სჭირდება, სპეციალური წამლები სჭირდება. რამე რომ მოუვიდეს, რა ვქნა?
არ ვარ ის ქალი, რომ ავტეხო წივილი და კივილი, წამლები ვითხოვე და ბინა, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ ჩვენი ბინის საკითხი არ მოგვარდება და ღმერთმა არ ქნას ასე მოხდეს, ერთ დღესაც ქუჩაში თუ დავრჩებით, მივალ საკაცით მერიაში, ან პრეზიდენტის რეზიდენციაში, ან გავუშვებ გაზს და სამივენი ერთად დავიხოცებით.
4 წლის განმავლობაში სახლში მოდიოდნენ და ჯაბას მაგივრად პრობაციას მე ვაწერდი ხელს. სასჯელაღსრულებიდან ახლა ერთხელ მაინც მოსულიყვნენ და წამალი მაინც მოეტანათ მისთვის. ქართველ ექიმებსაც არ აინტერესებთ, როგორ მოვიდა ჯაბა აქამდე. ჩვენ რომ უცხოეთში ვიყოთ, იქაური ექიმები დაკვირვებას დაიწყებდნენ და შეისწავლიდნენ ჩემი შვილის მდგომარეობას, რამ მოიყვანა ჯაბა აქამდე. ნაწოლების გარეშე მოვიყვანე დედამ შვილი, 8 წელია ისე ვუვლი არაფერს ვაკლებ.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გაჭირვება და ტკივილი ვნახე, არ გავბოროტებულვარ. ის ადამიანიც კი არ დამიწყევლია, ვინც ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო. ვალი ვის არ ჰქონია?! შეიძლებოდა ამ საკითხის ნორმალურად მოგვარება და არა ადამიანის ციხეში გაშვება. მას ჩემი წყევლა არაფერში სჭირდება, ის ამ ტვირთს მთელი ცხოვრების მანძილზე მაინც ვერ მოიშორებს. მან თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა და ჩემი შვილი კი დაღუპა.” – განაცხადა ჯაბა ბოჯგუას დედამ მანანა გვასალიამ.
წყარო: http://artinfo.ge