“ხშირად მიწევს ყელში მობჯენილი ცრემლების გადაყლაპვაც” – ქმარზე უგონოდ შეყვარებული ქალის ამბავი
ქალბატონმა მანონიმ რომ მითხრა, ძალიან გთხოვ, ჩემ შესახებაც გამოაქვეყნეთ რამე, მუდმივად შევიწროებულად ვგრძნობ თავს და იქნებ, ვინმე რჩევებით დამეხმაროსო, ვიფიქრე, რომ მას მართლაც სჭირდებოდა დახმარება, მაგრამ მისი მოსმენის შემდეგ ვფიქრობ, რომ ქალბატონ მანონის მოსწონს დაჩაგრულის როლში ყოფნა. ჰგონია, რომ ყველა უბედურების სათავე სიღარიბეში ცხოვრებაა და თუ ამ პრობლემას მოევლება, მისთვის ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.
– უკვე 10 წელია, რაც ქმართან უკმაყოფილება მაქვს და ამას ოჯახის წევრებს ვუმალავ, უფრო სწორედ, ქმრის ნათესავებმა ყველაფერი იციან, ჩემებს ვუმალავ, რომ ცუდად ვარ. გარეთ რომ გავდივარ, ბევრს ჰგონია, ჩემზე ბედნიერი არავინ არის, მაგრამ შინ მისულს ხშირად მიწევს დამცირების, შეურაცხყოფის ატანა და ყელში მობჯენილი ცრემლების გადაყლაპვაც. ადრე ცრემლებს ვერ ვმალავდი, ახლა ვიცი, თუ ვიტირებ, შეიძლება მომხვდეს კიდეც, რადგან ჩემს ქმარს ჩემი ქალური სისუსტე მხოლოდ აღიზიანებს.
– რის გამო გიბრაზდებათ ხოლმე ან რატომ ითმენთ დამცირებას?
– რა ვიცი, შეუძლია, ნებისმიერ წვრილმანზეც კი გამიბრაზდეს. თუმცა, ასე მაშინ იქცევა, როცა მარტო ვართ. თუ სახლში სტუმარი ან მეზობელია, თაფლივით ტკბება, რადიკალურად იცვლება კაცი. აბა, კაი დედის შვილი ვარ და რაიმე შევიმჩნიო, უგუნებობა შემატყოს ვინმემ, შეიძლება იმ საღამოს არც დამაძინოს. უკვე არ ვიცი, ეს კაცი ჯანმრთელია თუ არა. ეჭვი მეპარება, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. რატომ ვუთმენ? ალბათ იმიტომ, რომ მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა და იმიტომაც, რომ შევეჩვიე მასთან ერთად ცხოვრებას. ბევრჯერ, ოცნებებში მიმიტოვებია, მაგრამ ყოველი ოცნება იმით დასრულებულა, რომ სახლიდან გამოქცეულს, უკან დამდევნებია, მომფერებია და მას მერე ბედნიერი ცხოვრება დაწყებულა. ჩემს ოცნებაშიც კი, მის გარეშე გატარებული წუთიც გაუსაძლისია. შეიძლება ახლა ვიღაცამ ჩემზეც თქვას, ეს ქალი ავადმყოფია, რაებს ლაპარაკობსო, მაგრამ მართლა მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობს ჩემზე. ბოლოს და ბოლოს, პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი. წლებია, ერთად ვცხოვრობთ. თავიდან ასეთი კი არ იყო. ძალიან კარგი შეყვარებული და მერე კარგი ქმარი გახლდათ.
– აბა, შემდეგ რამ შეცვალა?
– ცხოვრებამ. მატერიალურმა პრობლემებმა და იმანაც იქონია გავლენა, რომ შვილი არ გვეყოლა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ პატარა გვყოლოდა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. მერე გადავწყვიტეთ, ბავშვი აგვეყვანა. ავიყვანეთ კიდეც და ახლა ჩვენი ბიჭი 10 წლისაა. თავიდან ბავშვი კარგად მიიღო, მაგრამ მერე არ ვიცი, რა ბზიკმა უკბინა და მის მიმართ აგრესიული გახდა, სმა დაიწყო, მერე ჩემზეც აუცრუვდა თითქოს გული. თავიდან ვფიქრობდი, ეტყობა, სხვა ქალი ჰყავს და აღარ ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ მივხვდი და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გარდა არავინ ჰყავს. მატერიალური პრობლემები ისევ გვაქვს. როგორც უმუშევრებს, სახელმწიფო გვიხდის სოციალურ დახმარებას, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ის თანხა არ არის, რომლის წყალობითაც ოჯახი თავის რჩენას და სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებს. ჰოდა, ვწვალობთ ისე, როგორც ბევრი სხვა ქართველი.
– დამიკავშირდით თხოვნით: მინდა, ჩემ შესახებ დაბეჭდოთ და იქნებ, ვინმე რჩევით მაინც დამეხმაროსო, ახლა კი მიყვებით ამბავს და თან ცდილობთ, გაამართლოთ იმ ადამიანის საქციელი, რომელიც გაწვალებთ… ანუ გეშინიათ მისი დაკარგვის და ჩემი აზრით, რაც უნდა გირჩიონ, არავის აზრს არ გაითვალისწინებთ.
– იცით, მე რჩევა ქმართან დაკავშირებით კი არ მინდა, არამედ, მაინტერესებს, ჩვენს ოჯახში ეს კრიზისული პერიოდი როგორ უნდა დავძლიოთ. ვინმე თუ ყოფილა მსგავს სიტუაციაში, როცა მატერიალური პრობლემა ყელში უჭერდა და როგორ დასძლია ეს მდგომარეობა? უფულო კაცმა, როგორ უნდა წამოიწყოს რაიმე ბიზნესის მაგვარი? ოჯახის გადასარჩენად მზად ვარ, იმ საქმეს მოვკიდო ხელი, ადრე დამამცირებლად რომ მიმაჩნდა. მსურს, ჩვენი შვილი ბედნიერი იყოს. ძალიან მინდა, ჩემმა ქმარმა ის ძველებურად ჩაიხუტოს და გულზე მიიკრას. იცით, ეჭვი მღრღნის და უნდა გაგიზიაროთ: მგონია, მას ჩვენ მიმართ გული რომ აუცრუვდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მულს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბავშვის აყვანას. ჩემს ქმარს უთხრა კიდეც, ვიდრე პატარას შევარჩევდით: რად გინდა სხვისი შვილი, როცა გარს გახვევია დისშვილები, ძმისშვილები. რა, მათი იმედი არ გაქვსო? ერთი ორსართულიანი სახლი გვაქვს, ოღონდ, ღარიბულად მოწყობილი და ამასაც დახარბდნენ. როგორც ჩანს, ჩემს მულს უნდოდა, ყველაფერი მის შვილს დარჩენოდა. ის ქვრივია და ამიტომაც არ მოეწონა აზრი ბავშვის აყვანის თაობაზე. მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე და ქმარი დავაჯერე, რომ ჯობია, ჩვენი ერქვას, ვიდრე სხვის შვილს მივანდოთ ბედი-მეთქი…
– თქვენი მული ალბათ, გარდაცვლილი მეუღლის ოჯახში ცხოვრობს…
– არა, ის ჩვენთან ცხოვრობს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მის მშობლებს ვერ შეეგუა და იმათაც, სახლიდან გამოაგდეს… ისედაც ბუზღუნამ, ბავშვის მოყვანის დღიდან უმატა ჯაჯღანს. ძმას გამუდმებით საყვედურობდა: გადაჰყევი ამ სხვის ბავშვს, საკუთარი სისხლი და ხორცი კი დაივიწყე. ვაი, საბრალო ჩვენი მშობლები, მათი დანატოვარი ქონება ღმერთმა იცის, ვის უნდა დარჩესო. ბრაზობდა, როცა მის შვილს ვერ ეფერებოდა ბიძა, საკუთარი შვილის გამო. არ მინდა, ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ მის გარდა, ჩემს უბედურებაში სხვას ვერავის ვადანაშაულებ. თანაც, როცა ვცდილობ, ქმარს სასმელი დავუმალო, ჩემს მულს საკუთარი ხელით გამოაქვს მისთვის არაყი ან ღვინო. კაცივით, სულ იმაზე ფიქრობს, ხილი მოაგროვოს სოფელში, რომ მერე არაყი გამოხადოს. მგონია, ასე ჩემს ჯიბრზე იქცევა, მე ხომ მისი სიტყვა არაფრად ჩავაგდე და პატარა ბიჭი ვიშვილე. ალბათ, ესაა მიზეზი, რომ ისიც ჯიბრში ჩამიდგა და როცა ქმარი მეჩხუბება, სიხარულისგან თვალები უბრწყინავს.
– როგორ ფიქრობთ, ასეთ სიტუაციაში რომ ხართ, ეს თქვენმა ნათესავებმა თუ გაიგეს, რა შეიცვლება?
– ალბათ, ბევრი არაფერი შეიცვლება. უბრალოდ, ჩემ გამო ისინიც ინერვიულებენ, თორემ რომც დამაძალონ, არა მგონია, შევძლო და დავშორდე. ზუსტად ვიცი, უჩვენობას ვერ გადაიტანს. წლებია, ერთად ვართ და ვიცი, რა დროს რას ფიქრობს. ისიც ვიცი, ჯავრს ჩემზე რომ იყრის, მეორე დღეს ამის გამო საკუთარ თავს როგორ ებრძვის, ტუქსავს. ბოდიშიც ბევრჯერ მოუხდია, მაგრამ მაინც ძნელია გაუძლო ამ ყველაფერს.