საბავშვო ბაღში პირველი დღე, თვე, კვირა ხშირად რთული პერიოდია როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვისაც. მას თქვენთან დარჩენა სურს, ეშინია, რომ აღარ დაბრუნდებით, არ მიაკითხავთ და უცხო ადამიანებთან დატოვებთ. თქვენც ნერვიულობთ, განიცდით და გამუდმებით ფიქრობთ, როგორაა, რას აკეთებს… ამიტომაც, თუ ბავშვი პირველად მიგყავთ ბაღში, წინასწარ დაიწყეთ ფიქრი ისეთ ნაბიჯებზე, რაც ორივეს გაგიადვილებთ ადაპტაციას და ზედმეტ შფოთვასა და ნერვიულობას თავიდან აგარიდებთ.
1. გააცანით საბავშვო ბაღი წინასწარ
გაურკვევლობა ბავშვს აშინებს, მაგრამ თუ მას წინასწარ ეცოდინება, როგორ გამოიყურება ის გარემო, სადაც მოუწევს დარჩენა, როგორია ოთახები, ვინ
არიან მასწავლებლები, მომავალში ნაკლებად შეეშინდება და დაცულობის განცდა ექნება. ამიტომაც, ეცადეთ, წინასწარ გააცნოთ საბავშვო ბაღის შენობა, ესაუბროთ და აუხსნათ, რომ იქ ბევრ საინტერესო აქტივობას დაგეგმავენ და ბავშვებთანაც გაერთობა. პანდემიის პირობებში ეს არც ისე მარტივია, რადგან მთელი რიგი რეგულაციებია, თუმცა, თქვენ მაინც შეგიძლიათ წინასწარ განიხილოთ ის მარშრუტი, რაც ბაღამდე უნდა გაიაროთ. აჩვენეთ შენობა გარედან, მიეცით დრო, დააკვირდეს, როგორ თამაშობენ სხვა ბავშვები და ასე უფრო მარტივი იქნება. ასევე, შეგიძლიათ აჩვენოთ, როგორ მიჰყავთ საღამოს მშობლებს ბავშვები სახლში. განიხილოთ, რას ჩაიცვამს, წახვიდეთ ერთად საყიდლებზე. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ, შფოთვის დონე შეამციროთ და თავადაც მშვიდად იყოთ.
2. მოუყევით, რას გააკეთებს ბაღში
რაც შეიძლება დეტალურად უთხარით თქვენს შვილს, რას გააკეთებს ბაღში ყოფნის
პერიოდში, ვის შეხვდება, ვისთან ითამაშებს და ასე შემდეგ. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი გეგმის შედგენა, ამიტომ ნუ დაიზარებთ და ბევრი ესაუბრეთ, თუნდაც ყველაფერი არ იცოდეთ.
3. აკონტროლეთ საკუთარი თავი
ბავშვები სამყაროს ხშირად მშობლების ემოციებით უყურებენ. როდესაც დედა ან მამა სტრესშია, ნერვიულობს, ეს მათზეც აისახება. ამიტომ, წინასწარ მოემზადეთ, რომ განშორების შფოთვას გაუმკლავდეთ. ბავშვს თქვენს შიშს ნუ აჩვენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც ზუსტად ისე დაიწყებს ნერვიულობას, როგორც თქვენ.
4. ნუ აყვებით შფოთვას
საბავშვო ბაღთან ადაპტაცია ხშირად დიდ პერიოდს მოიცავს, ამიტომ მზად იყავით. თუ თქვენ ბავშვს ტირილის გამო გამუდმებით სახლში დატოვებთ, შეგეცოდებათ და არც არაფერს გააკეთებთ შეგუებისთვის, უარესი იქნება. ამიტომ, ესაუბრეთ, რატომ არ უნდა ბაღში წასვლა, განიხილეთ და რაც მთავარია, იყავით მშვიდი და მტკიცე. შვილთან ერთად მოიფიქრეთ რამდენიმე გზა, რაც მას შიშისგან გაათავისუფლებს. გარკვეული რიტუალებიც შეიძლება დაგეხმაროთ ამ პროცესში. თუ ეტყვით, რომ განსაზღვრულ დროს, მაგალითად, სადილის შემდეგ მიაკითხავთ, არასდროს მოატყუოთ. ასევე, გაატანეთ საყვარელი ნივთი, რომელიც მისი ახლობელი და მფარველი იქნება. თანდათან გარემოსაც შეეგუება და ბავშვებსაც.
5. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტს მიმართეთ
თუ ეს შფოთვა, ტირილი და ისტერიკა აღარ სრულდება, მაშინ აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ეს უნდა გააკეთოთ მაშინ, როდესაც ბაღში წაყვანა ძლიერ ფიზიოლოგიურ სიმპტომებს იწვევს: მაგალითად, ბავშვს გული ერევა, მუცელი და თავი სტკივა, სიცხე უწევს. ან კიდევ ძილის პრობლემები აქვს და კოშმარები აწუხებს. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, უკეთესი იქნება, უარი თქვათ ბაღში წაყვანაზე. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან ბავშვს მაინც მოუწევს მშობელთან განშორება.
წყარო: https://www.mshoblebi.ge